მეპურეები პურის გაიაფებას არ აპირებენ

მეპურეები პურის გაიაფებას არ აპირებენ

ცალკე ფქვილი იაფდება და ცალკე ლარი მყარდება, მაგრამ საქართველოში პურის გაიაფებაზე რატომღაც ფეხს ითრევენ. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 20%-ით გაიაფებული ფქვილის ფონზე პური მინიმუმ 5 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს. თავად პურის მწარმოებლები კი პროდუქციის გაიაფებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებენ.

როგორც მეპურეთა ასოციაციაში აცხადებენ, დღეს ბაზარზე კონკურენტული ფასია და პროდუქტის გაიაფების რესურსი არ არსებობს. ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფასის განმსაზღვრელი სხვადასხვა კომპონენტი გაძვირებულია, რაც პურის ღირებულების საშუალებას არ იძლევა

„ჯერჯერობით, პურპროდუქტებს ეს არ შეხებია. ჩვენ სტაბილურად გვაქვს ფასები. როცა დოლარი გაძვირდა, პურზე იგივე ფასი იყო. ლარი რომ სტაბილიზაციისკენ მოდის, იგივე ფასი გვაქვს. პურზე საერთოდ, ფასების ხშირი ცვლა, არასერიოზულია. პური არის ბარომეტრივით, სტაბილური უნდა იყოს. უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს“, - განაცხადა დოლიძემ.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა კი ამ ლოგიკას ვერაფრით ხვდება. მისი ინფორმაციით, ხორბალი და შესაბამისად, ფქვილი საგრძნობლად არის გაიაფებული, თუმცა მას პურის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ახლა პური, საშუალოდ, 5 თეთრით იაფი უნდა ღირდეს.

„ფქვილის ფასი 45 ლარიდან 36-37 ლარამდე შემცირდა. ეს არის ძალიან სერიოზული კლება პურის მთავარი შემადგენელი ნაწილის და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პური უნდა გაიაფდეს, თუმცა არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ფქვილი გაიაფებულა და მის კვალდაკვალ პურზეც შემცირებულა ფასი. პირიქით - კი, ბევრჯერ მომხდარა, როდესაც ფქვილის ფასი იზრდებოდა, მეპურეები პროდუქტს მაშინვე აძვირებდნენ.

ეს ლოგიკა კი მეხორბლეებს ცოტა არასწორად მიგვაჩნია. როდესაც ხორბლისა და ფქვილის ფასი იზრდება, გადამისამართება ხდება წისქვილკომბინატებზე, თუმცა გაიაფების პროცესს ჩვენი მეპურე კოლეგები სიჩუმით ხვდებიან. ფქვილი 20%-ით გაიაფებულია და შესაბამისად, პურიც უნდა გაიაფდეს, საშუალოდ, 5 თეთრით“, - განაცხადა სილაგავამ.

გაიაფებისთვის სასურველ პირობებზე საუბრობს ეკონომისტი ლევან კალანდაძ. მისი თქმით, თუკი ლარის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, ფასები პურზეც შემცირდეს.

„მოგეხსენებათ, პურის საწარმოებლად 90% ხორბალი იმპორტირებულია. ხორბალი შუა აზიიდან და უკრაინიდან შემოდის და აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ ლარის კურსზე არაა. პურთან მიმართებაში, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყევტ როლს თამაშობს საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი. წელს, ხორბლის ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ლარმა გამყარების ტენდენცია შეინარჩუნა, სრულიად შესაძლებელია, რომ ზაფხულისთვის, პურთან დაკავშირებით, ფასების კორექტირებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა კალანდაძემ.

მეხობლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზეც, როდესაც პურის გაძვირების წინაპირობა შეიქმნა.

„იყო პერიოდი, როდესაც მეპურეები ამბობდნენ, რომ უნდა გაეძვირებინათ პროდუქტი, რადგან გაიზარდა ფქვილის ფასი. თუკი მაშნდელი ტენდენცია ლოგიკური იყო, მაშინ, ახლა, როდესაც გაიაფება აშკარაა, ლოგიკური იქნება, რომ მათ პურის ფასის კალკულაციას გადახედონ“, - ამბობს ლევან სილაგავა.