მეშახტეები „საქნახშირს“ არ ენდობიან

მეშახტეები „საქნახშირს“ არ ენდობიან

მეშახტეები პროტესტს მიუბრუნდნენ და მეშახტეებმა კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულება დაიწუნეს. როგორც საგაფიცვო კომიტეტის წევრმა ლევან ბეშკენაძემ განაცხადა, ორი დღის წინ, ღამით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეშახტეთა ნაწილს ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა ისე, რომ პირობები არც გააცნეს.

„როდესაც ეს შევიტყვეთ, საქმეში ჩავერთეთ საგაფიცვო კომიტეტის წევრები, ასევე ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები და გავაპროტესტეთ მათ მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულება. პირობები გავაცანით იმ მეშახტეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხელი მოწერილი მასზე და მათაც უარი განაცხადეს ხელმოწერაზე. ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულებით მეშახტეებს მოუწევდათ მონურ პირობებში მუშაობა, ამიტომ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი პროფკავშირები და გუშინ მათი წარმომადგენელები კომპანიის ადმინისტრაციას საგაფიცვო კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვდა“, - აღნიშნა ლევან ბეშკენაძემ.

საქართველოს ნახშირისა და სამთო მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, მან პროფკავშირების ადგილობრივი კომიტეტის და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან იმსჯელეს და შედგა შეთანხმება, რომ კომპანიისა და პროფკავშირების იურისტები ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ შრომით ხელშეკრულებას, სადაც დაცული იქნება მეშახტეთა უფლებები. მათ კომპანიის ადმინისტრაციისაგან მიიღეს პირობა, რომ ანულირებული იქნება იმ მეშახტეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება, რომლის ძირითადი პირობა დასაქმებულებისთვის ეტაპობრივად სახელფასო განაკვეთის 10%-მდე გაზრდა იყო, საჭიროებს მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიიის ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ახალი ხელშეკრულების დეტალურად დამუშავება.

„2016 წლის 29 თებერვალს შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფსა“ და დასაქმებულებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პირობა იყო ეტაპობრივად სახელფასო განაკვეთების გაზრდა, რაც ჯამურად 10%-ით უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 2016 წლის 1-ელი აპრილიდან. კომპანიამ შეიმუშავა და დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულებების ახალი პროექტი, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. შრომითი ხელშეკრულებების დასაქმებულთათვის გაცნობა და წარდგენა განხორციელდა მათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (რიგ შემთხვევაში ღამის საათებშიც), რადგანაც სამუშაო პროცესი კომპანიაში უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

2016 წლის 23 მარტს შედგა შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციას, დასაქმებულთა ნაწილსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციამ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას ბოლო 3 კვირის განმავლობაში გატარებული კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით, მათ შორის, გარემონტებული და ბოლო კვირების განმავლობაში ახლად შეძენილი ელმავლების, ძვირადღირებული კომბაინების შეძენის, ფეთქებადი ნივთიერებების საწყობის მოდერნიზაციის, ძიძიგურის შახტაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, ამავე შახტის სასადილოს ფუნქციების აღდგენისა და სხვათა შესახებ. შეხვედრაზევე შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ახალი შრომითი ხელშეკრულებების დეტალური დამუშავება, მათი მოქმედ შრომის კოდექსთან სრული შესაბამისობის დადასტურება და საბოლოო რედაქციაზე შეთანხმება“, - აცხადებენ „საქნახშირის“ ადმინისტრაციაში.

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება აუცილებელია გაზრდილი სახელფასო განაკვეთების ანაზღაურებისათვის და ისინი შრომის კოდექსის არც ერთ პირობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

პირველ აპრილამდე სულ რაღაც 1 კვირაა დარჩენილი. სწორედ ამ ვადაში უნდა მოესწროს ახალი ხელშეკრულების შემუშავება და გაფორმება. წინააღმდეგ შემთხვევაში მეშახტეებისთვის ხელფასების გაზრდის პუნქტი ძალაში ვერ შევა.