სამეგრელო მძღოლების პროტესტმა მოიცვა. ზუგდიდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ხოლო ფოთში აქციები ახლა იწყება. როგორც ჩანს, სატრანსპორტო მიმართულებით დასავლეთ საქართველოს 2 ქალაქში დიდი პრობლემებია.
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მძღოლებმა ქალაქის მერიის შენობის წინ კარავი მიიტანეს, თუმცა სამართალდამაცვებმა მისი გაშლის უფლება არ მისცეს. პოლიციამ აშალა რკინის კონსტრუქციებიც, რომლებითაც აქციის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია მათ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის უფლებას არ აძლევს. მათივე თქმით, ზუგდიდის მერმა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოლაპარაკება შესთავაზა, რაზეც უარს ამბობენ. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს მთავარ ქალაქში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მძღოლთა აქცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები ზუგდიდში, სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლუსის“ წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას გუშინ დილიდან მართავენ, რომელსაც ტრანსპორტის პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანზიაცია „გაერთიანებული საზოგადოებაც“ შეუერთდა.
აქციის მონაწილეები „მეტრო პლუსის“ მუშაობის არაკანონიერებაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კომპანიას ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები ლობირებენ. მათი თქმით, „მეტროს“ შესვლა მმართველი პარტიის წევრების ინტერესებში შედის. ეს კი დანარჩენი მძღოლებისთვის სამუშაო ადგილების ავტომატურად დაკარგვას ნიშნავს.
როგორც მძღოლები აცხდებენ, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, „ისინი უმართავნი გახდებიან“.
ხელისუფლებას კონკრეტული პირების ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ გარემოვაჭრეებიც. როგორც ისინი ამბობენ, წლებია სავაჭრო ადგილების დასაკანონებლად იბრძვიან, თუმცა უშედეგოდ.
ზუგდიდის მერიამ ბაზრის ნაწილი იჯარით გადასცა კომპანია „ლონდასტეს“, რომელიც ადგილიდან გარემოვაჭრეების გაყვანას გეგმავს და ამ მიზნით, 5 კვ/მეტრამდე ტერიტორიაზე კონსტრუქციების დაშლა იგეგმება.
ზუგდიდელი მძღოლების აქციას გამოხმაურება ჰქონდა ფოთშიც, სადაც ტრასპორტის ადგილობრივი წარმომადგენლებმა პროტესტი ხმაური ფონზე გამოხატეს. საპორტო ქალაქში აქცია სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა მოაწყვეს. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებს, ძირითადად, აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ, ისინი კი სამუშაოს გარეშე რჩებიან. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად ჩაერიოს პროცესებში.
როგორც მძღოლებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, ერთ წელზე მეტია რაც სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილნი და მათ ნაცვლად საერთაშორისო გადაზიდვებს აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ. აქციის მონაწილეეების თქმით, ტარიფები ქართველ მძღოლებსა და აზერბაიჯანელებს ერთი და იგივე აქვთ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობასა და ტრანსპორტის სამინისტროს პროცესებში დროულად ჩართვისკენ მოუწოდებენ და ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლები ხანგრძლივვადიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.