„ნიკორა ტრეიდმა“ 5 მილიონი დოლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ეკონომიკური პროფილის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობლიგაციების გამოშვება აღნიშნული კომპანიის მხრიდან საჯაროობისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ეს არის წინაპირობა იმისა, რათა შეიქმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც, საპენსიო რეფორმის შემთხვევაში, გამოადგება საქართველოს.
შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება სს „გალტ & თაგარტმა“ უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11 % ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში ორჯერ. განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“„ნიკორა ტრეიდი“-ს პირველი ობლიგაციების წარმატებით განათავსების პრეზენტაციას დაესწრო, აცხადებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. ამით კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინონ. ის, რომ „ნიკორა ტრეიდმა“ განათავსა კორპორატიული ობლიგაციები, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ადასტურებს, რომ ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი წარმატებული, გამჭვირვალე ფინანსების მქონე კომპანია, რომელსაც ფართო საზოგადოება ენდო და, რომელსაც მან პირდაპირ ასესხა. მით უფრო, რომ აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი, ეს არის სადღაც 10 %.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს განაპირობებს ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26 %-ს“,-განაცხადა „ნიკორა“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
For.ge-ს შეკითხვაზე, ობლიგაციებში თანხების დაბანდება რამდენად წაადგება საპენსიო რეფორმას, ირაკლი ბოქოლიშვილმა განმარტა, რომ საპენსიო რეფორმას ნებისმიერი მსგავსი ტიპის ობლიგაციები წაადგება, რადგან ფონდმა, რომელიც შეიქმნება და განკარგავს გადარიცხულ საპენსიო თანხებს, მომგებიანობით თანხები სადღაც უნდა განათავსოს. რასაკვირველია, არსებობს საზღვარგარეთის ბაზარი, მაგრამ ბევრად უფრო მარტივი და მისაღებია ადგილობრივ ბაზარზე თანხების განთავსება და, რაც უფრო მეტ კომპანიას ექნება მსგავსი ტიპის ობლიგაციები გამოშვებული, მით მეტი საშუალება ექნება აღნიშნულ ფონდს მომგებიანად განათავსოს სახსრები, რომლითაც შემდეგ უნდა მოხდეს ადამიანების პენსიით უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ირაკლი ბოქოლოშვილი განმარტავს, რომ 5 მილიონი არ არის პატარა თანხა, თუმცა შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო. უბრალოდ, ეს პირველი გამოშვებაა და „ნიკორა ტრეიდმა“ არ იჩქარა, რათა ემისია წარმატებული ყოფილიყო, ამიტომ შეირჩა ციფრი-5 მილიონი. თუმცა უახლოეს წელიწადში ან წელიწადნახევარში, ალბათ, „ნიკორა ტრეიდი“ კიდევ გააკეთებს ემისიას და მაშინ უფრო მეტი თანხა იქნება.
„ჩვენ რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი აქციონერები. ამას გარდა, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელსაც პრივილეგირებული აქციონერები ჰყავდა. შემდეგი ნაბიჯი იყო ობლიგაციების გამოშვება, ხოლო მომავალი, ალბათ, მაინც არის საზღვარგარეთ „აიპიემ“-ზე გასვლა, რასაც დრო და მომზადება სჭირდება. რაც შეეხება უშუალოდ „ნიკორა ტრეიდის“, მოგეხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ სუპერმარკეტები, „ნიკორა“ ჰოლდინგში შედის რამდენიმე ტიპის წარმოება და მაღაზიების ქსელი. განვითარება დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით, წელს გავაკეთებთ ახალ საწარმოს, რომელიც მიმართული იქნება ფრეშ სალათების და მზა კერძების მომზადებისაკენ. თანამედროვე სტარდარტების ახალი საწარმო აშენდება, ჩვენ ვაპირებთ გაფართოებას თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოების მიმართულებითაც. რასაკვირველია, იქნება სიახლე ხორცპროდუქტების წარმოებაშიც, რომელიც ჩვენი მთავარი საქმიანობაა, მოხდება მაღაზიების ქსელის გაზრდა, თუმცა არა ისეთი ნახტომისებური ნაბიჯით, როგორც ეს შარშან მოხდა, მაგრამ გარკვეული გაფართოება იგეგმება“,-აღნიშნა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ირაკლი ბოქოლიშვილმა.
„გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ For.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ „ნიკორა ტრეიდიმ“ წელს პირველი ობლიგაციები შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა, სავარაუდოდ, წელს კიდევ სხვა კომპანიაც მიჰყვება „ნიკორა ტრეიდის“ მაგალითს და შესაძლოა, ეს ციფრი ხუთამდე ავიდეს. მით უმეტეს, რომ უცხოეთში ამ კუთხით კარგი გამოცდილებაა და დიდი კომპანიების უმრავლესობას ობლიგაციები შეთავაზებული აქვს საპენსიო თუ საინვესტიციო ფონდებისთვის. მათ შორისაა, „საქართველოს ბანკიც“, რომელსაც ბირჟაზე 400 მილიონი დოლარის ფარგლებში ობლიგაციები მოეპოვება.
„ქართულ რეალობაში 5-10-15-20 მილიონის ფარგლებში ობლიგაციების განთავსება კარგი მასშტაბია. როგორც კი 100 მილიონ დოლარს გავცდებით, უკვე მოგვიწევს ლონდონში წასვლა. მინდა, „ნიკორას“ მივულოცო ეს წარმატება, ობლიგაციების გამოშვება ეს არის კომპანიის პირველი ნაბიჯი საჯაროობისკენ და ეს არის, ასევე, კარგი ნაბიჯი, რომ შეიქმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც საპენსიო რეფორმის შემთხვევაში გამოადგება საქართველოს. მარტივად რომ ვთქვათ, საბანკო სესხების მაგივრად, უკვე შესაძლებელია პირდაპირ ინვესტორებისგან მიიღონ თანხები ობლიგაციების მიყიდვის კუთხით და, როცა ამ საჯაროობას შეეჩვევა კომპანია და მასშტაბში გაიზრდება, უკვე შესაძლებელია საჯარო შეთავაზება გააკეთოს საკუთარი აქციების კუთხითაც. მანამდე რაღაც გზაა გასავლელი. ცალსახად, ეს მომგებიანია. მაგალითისთვის, თუ სადოლარე დეპოზიტებზე ბანკებში განაკვეთი 4 %-ის ფარგლებშია, ობლიგაციებზე შესაძლებელია 8-დან 12 %-მდე განთავსება გააკეთოს როგორც მოქალაქემ, ისე ფონდმა. ამისთვის კომპანია უნდა იყოს წარმატებული“,-აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, „ნიკორა ტრეიდი“ არის „ნიკორას“ ჰოლდინგის წევრი. „ნიკორა ტრეიდმა“ ოპერირება დაიწყო 2010 წელს. იგი წარმოადგენს სს „ნიკორას“ შვილობილ კომპანიას. „ნიკორა ტრეიდი“ არის ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში და ფლობს 203 სავაჭრო წერტილს, იგი გამოირჩევა ყველაზე ფართო გეოგრაფიული დაფარვით კონკურენტებს შორის და, დედაქალაქის გარდა, განლაგებულია ქვეყნის ექვს რეგიონში. პროდუქციის დიდი მოცულობის ხარჯზე კომპანია ფასდაკლებით იღებს მომწოდებლისგან და ინარჩუნებს კონკურენტულ ფასს ბაზარზე.