ხელისუფლება დაახლოებით წელიწადნახევარში საპენსიო სისტემის რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს. ჯერ ერთი, რომ 2017 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება, მეორეც ის, რომ საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოიმატებს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაგროვებითი პენსიის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს.
„ესაა უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით. ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები. სისტემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მე-3 კვარტლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მანამდე კი იქნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა.
„დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით გარანტირებულ სიბერეს უზრუნველყოფს. ახალი სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას, პირიქით, არსებული საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ინფლაცია და პენსიის მატება ყველაზე მტკივნეული საკითხია, რაც მოსახლეობას აღელვებს. როგორც წესი, პენსიის მატების ტემპი ფასების ზრდას ვერასდროს უტოლდება. ახლა კი ირკვევა, რომ საპენსიო რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ამუშავებს, საბაზისო პენსიის ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მატებას ითვალისწინებს.
როგორც საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბაზისო პენსია ერთი მხრივ მიბმული იქნება ინფლაციაზე, მეორე მხრივ კი ეკონომიკურ ზრდაზე და ყოველწლიურად პენსიის მატება ამ პარამეტრების გათვალისწინებით მოხდება.
„ჩვენი მიზანია, რომ პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ პენსიას. კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც სოციალური პენსია მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად.
დღევანდელი სისტემის თანახმად, პენსიონერი დაუცველია ინფლაციური მომენტებისგან და გაურკვეველი და ბუნდოვანია, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება. ეს უზრუნველყოფს პენსიონერების დაცვას. პენსიის მინიმალური მატება უნდა შეადგენდეს ინფლაციას. ხანდახან იქნება მეტი, ხან ნაკლები ზრდა. როდესაც ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი, იმ წელს პენსიის შედარებით თვალშისააცემად მოიმატებს, როცა იქნება მოკრძალებული მაჩვენებლები, მინიმუმ ინფლაციის დონეზე იქნება ზრდა“, - განმარტა ძიძიკაშვილმა.