ზუგდიდის ცენტრში ორასამდე მძღოლი ქალაქში „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსების შესვლას ეწინააღმდეგება. მძღოლებს გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
კომპანიამ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შეასრულა, რა დროსაც პროტესტის მონაწილე მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, 6 პირი დააკავა. აქციაზე დაშავდა ერთ-ერთი მძღოლიც, რომლის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით, ისინი სამუშაოს დაკარგავენ. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, საუბარია რეგიონის მასშტაბით მცხოვრებ 200-ზე მეტ მძღოლზე, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი სატრანსპორტო ბიზნესია.
„ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა არის „მეტრო ჯორჯია“, რომელიც უკანონოდ არის დაარსებული, გაიყვანონ აქედან. ვდგავართ დილიდან. ერთი თვეა ამას შევყურებთ, არავინ პასუხს არ გვცემს. ან ერთი წარმომადგენელი მოვიდეს, ან მეორე, რაღაც გვითხრას“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, გურამ კალანდიამ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას ბევრად დიდი გეგმები აქვს და სურს სატრანსპორტო ბაზრის მონოპოლისტი გახდეს სამეგრელოს რეგიონში. ამაში მას ფოთის მერიც უწყობს ხელს, რომლის ძმა, ვახტანგ კაკულია, „მეტრო ჯორჯიას“ დამფუძნებელია.
თავად კაკულია ბიზნესში დედმამიშვილურ კავშირებს გამორიცხავს. „მაქვს უფლება ვაწარმოო ბიზნესსაქმიანობა და ამ უფლებას მე ვიყენებ. არც ჩემი ძმა, არც სხვა პიროვნებები ჩემს ბიზნესში არ ერევიან. შესაბამისად, მე არ ვიყენებ, ასე ვთქვათ, პრივილეგიებს. ის არის ქალაქის მერი, მას მისი საქმე აქვს, მე ვარ ამ ბიზნესში“, - აცხადებს მძღოლების საპასუხოდ ვახტანგ კაკულია.
კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები იანვარსა და თებერვალშიც გაიფიცნენ. მათი მოთხოვნით, მაშინ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიასთან“ 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. მძღოლებმა ერთ-ერთ აქციაზე კვერცხები და საღებავები ესროლეს „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებს და მუშაობის უფლება არ მისცეს. მაშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 7 მძღოლი დააკავეს.
ზუგდიდის აქციას გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი. მისი განცხადებით, მას ჰქონდა შეხვედრები და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა.
„სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მიერ, ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ახალი რეისების დანიშნვამ ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელიც დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მღელვარების საფუძველს წარმოადგენდა 140-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე, რაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მათ ოჯახებს. მძღოლებს საკუთარი საქმიანობის იმედად აქვთ აღებული საბანკო ვალდებულებები.
ქვეყანაში გარანტირებული უნდა იყოს ბიზნესის კეთების თავისუფლება, რისი აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს თავისუფალი კონკურენციის პირობები. ამიტომ მივმართავ კონკურენციის სააგენტოს, დაინტერესდეს და შეისწავლოს საკითხი.
კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადეკვატური თანამონაწილეობა უნდა მიიღოს, რომელმაც მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხის გადაწყვეტას. არანაკლები როლი ენიჭება რწმუნებულის ჩართვას. რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა იზიარებდეს რომელიმე მხარის პოზიციას“, - აცხადებს ჩიქოვანი.
რამდენადაც „მეტრო ჯორჯია“ კვლავ აპირებს რეისების შესრულებას, ზუგდიდში სატრანსპორტო დაპირისპირება გაგრძელდება. „ძველი მძღოლები“ ირწმუნებიან, რომ ისინი არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევენ.