საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ადვოკატებმა ჟენევის პროკურატურაში ბანკის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანეს. ქართველმა მილიარდერმა ბანკის დაუდევარი ქმედების გამო 100 მნლ დოლარი დაკარგა. გარდა ამისა, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით დაზარალებულია 2 სხვა ბიზნესმენი.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა მტკიცებით, ბანკმა არ გაატარა სათანადო ღონისძიებები ფულის გათეთრების აღსაკვეთად და თანამშრომლებს მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა.
„ამ საქმის გაცნობის შემდეგ გამოვლინდა ფაქტები, რაც გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ Credit Suisse-ში ფულის გათეთრების არაერთი შემთხვევა მოხდა“, - აცხადებენ ადვოკატები.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბანკში ფულის სავარაუდო გათეთრებამ ზარალი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. ადვოკატთა ცნობით, მათი საჩივარი ეყრდნობა შვეიცარიის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან მიღებულ მონაცემებს.
თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.
Credit Suisse–მა შეძლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ადვოკატისთვის თაღლითობის საქმის მასალებზე წვდომის დაბლოკვა.
პირველად ქართველი მილიარდერისა და შვეიცარული ბანკის დაძაბულ ურთიერთობაზე ინფორმაცია შვეიცარიულმა გაზეთმა Le Temps –მა გამოაქვეყნა. საუბარია საქმეზე, რომელშიც ბანკის კერძო ინვესტიციების ყოფილი მმართველია ეჭვმიტანილი.
იანვარში Le Temps–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ფრანკი (101 მილიონი დოლარი) დაკარგა Credit Suisse–ის მენეჯერის ქმედებების გამო, რომელიც მის საინვესტიციო პორტფელს მართავდა. თებერვალში საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ჟენევის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, შვეიცარული ბანკის მენეჯერების ქმედებებით დაზარალდა ორი რუსი ბიზნესმენიც, რომლებმაც ასევე მიმართეს სასამართლოს. ამ ადამიანების ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი მენეჯერის რუს კლიენტებს შორის ბურიატიის ექს–სენატორი ვიტალი მალკინია.
ბიზნესმენები ბანკს და ბანკის კონსულტანტს პატრიცია ლეკორდონს, რუსეთის საბანკო ანგარიშების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მმართველმა რუსებს ჩამოშლის პირას მყოფი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ყიდვა შესთავაზა. ხვრელის გაჩენის შემდეგ კი, თანხა ბანკის სხვა კლიენტის, ქართველი ბიზნესმენის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან ისესხა. შედეგად რუსმა ბიზნესმენებმა დაკარგეს რამდენიმე ათეული მილიონი ევრო.
თავდაპირველად პროკურორმა ივ ბერტოსმა, რომელიც საქმეს იძიებს, ივანიშვილსა და მისი აქტივების მფლობელ კომპანიას მისცა წვდომა საქმის მასალებისადმი და ისინი დაზარალებულებად სცნო. ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ თავად არის სავარაუდო თაღლითობის ერთადერთი მსხვერპლი.
10 მარტს კი, სისხლის სამართლის საქმეებისა და საკასაციო განცხადებების განყოფილებამ ქართველ მილიარდერსა და მის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომაზე უარი უთხრა არსებითი გადაწყვეტილების გამოტანამდე.