მთავრობა მცირე და საშულო ბიზნესის განვითარებისთვის  კანონპროექტს ამზადებს

მთავრობა მცირე და საშულო ბიზნესის განვითარებისთვის კანონპროექტს ამზადებს

2016-2020 წლებისთვის გაწერილი მეწარმეობის განვითარების სტრატეგია უკვე წარდგენილია პარლამენტში და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ეს სტრატეგია სამი უმთავრესი მიზნის განხორციელებას ისახავს: 2020 წლისთვის მცირე და საშულო საწარმოების გამოშვების ზრდას წლიურად საშუალოდ 10%-ით; 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდას 15%-ით და 2020 წლისთვის მწარმოებლების ზრდას 7%-ით.

ხუთი მიმართულებით გაშლილი სტრატეგია არა მარტო საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, არამედ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ინსტიტუტების გაძლიერებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგსაც გულისხმობს. მთავრობამ უშუალოდ ბიზნესისგან დროულად უნდა შეიტყოს მასში არსებული პრობლემები. გარდა ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაუმჯობესდეს და ამაღლდეს ცნობიერება, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების გარდა სხვა რესურსებიც არსებობს დაფინანსების მოსაზიდად. ასევე, უნდა მოხდეს ქალთა მეწარმეობის წახალისება და შრომითი ბაზრისთვის საჭირო დასაქმების თუ გადამზადების პროგრამების განვითარება. ამას ემატება ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია. და ბოლოს, ხელი შეეწყობათ ინოვაციური პროექტის ავტორებს, გამომგონებლებს, რათა მათ თავიანთი გამოგონების კომერციალიზაცია მოახდინონ.

რამდენად არის ახალ სტრატეგიაში მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ახალი სტრატეგია ცოტა ბუნდოვანია, რადგან არანაირი სტრატეგია არ უშველის ქვეყანას, თუ არ მივეცით საშუალება, რომ ბაზარმა სრულყოფილად იმუშაოს.

უნდა გაეწიოს თუ არა ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს? ამის შესახებ პატა შეშელიძე ფიქრობს, რომ ფინანსური დახმარების გაწევა სრული აბსურდია. მეტიც, არ შეიძლება ბიზნესის დაყოფა მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესად, რადგან ბიზნესი ბიზნესია და ყველა ადამიანს სურს, რაც შეიძლება, მეტი შემოსავალი მიიღოს და გაამსხვილოს თავისი წარმოება. ზოგადად, რაც უშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას, ეს არის თვითონ იმ ადამიანების ცოდნა, ვინც ხელი მოჰკიდა ბიზნესს. ასევე, ხელს უშლის გარემო, რომელიც ბიზნესს სრულყოფილად განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამ გარემოს კი აყალიბებს სახელმწიფოსგან მომდინარე ფაქტორი, მონეტარული, საგადასახადო პოლიტიკა, გარე ფაქტორები, ომი და სხვა. ამდენად, დღეს ყველაზე მთავარია, მთავრობამ ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორი მოხსნას.

„ბიზნესის საკეთებლად როცა იქმნება ასპარეზი და ადამიანი ამას ვერ იყენებს, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ბიუჯეტის ხარჯვა და ახალი პროექტების წამოწყება, ვიღაცის საგანგებო დახმარება დიდი შეცდომაა. ბუნებრივია, იარსებებს მსხვილი ბიზნესი, იქნება - მცირეც და ეს ტრაგედია არ არის, ასეთია ცხოვრება. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს-ნაკლები“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსოფლიოში ბევრი მეთოდია აპრობირებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რადგან ბიზნესის ეს ნაირსახეობა დასაქმების პრობლემის გადამწყვეტია. მაგალითად, აშშ-ში 70% მცირე და საშუალო ბიზნესის ხარჯზე მოდის, ამ დროს კი ჩვენი ყველაზე დიდი საწარმო ამერიკასთან შედარებით მცირე საწარმოდ ითვლება.

თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ამის შესახებ ვაჟა კაპანაძე აცხადებს, რომ ხშირად „სტარტაპის“ პრობლემაა და ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ფინანსურ რესურსებზე. ჩვენ ხომ 90-იან წლებში ნულზე დავედით და არანაირი დანაზოგი მოსახლეობას არ ჰქონდა.

„ჩვენთან ყოველთვის თავის გატანის პრობლემა იყო. როგორი გენიალური იდეებიც არ უნდა გქონდეს, თუ ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიგიწვდება, ვერაფერს გააკეთებ. ამიტომ უკეთესი იქნება, შეღავათიანი პერიოდით კრედიტები გამოუყონ მცირე და საშუალო მეწარმეებს. ალბათ, ახალ სტრატეგიაში გაწერილი „ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობაც“ ამას გულისხმობს, რადგან კომერციულ ბანკებს ვერ უბრძანებ, გინდა თუ არა, მცირე და საშუალო მეწარმეებს სესხი მისცენ. სამწუხაროდ, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებით ისევ ის ხალხი სარგებლობს, ვისაც დიდი ფინანსური რესურსი აქვს. ჩვენთან იდეების მქონე ხალხი სწორედ მდიდარ ადამიანებთან მიდის და საკუთარი იდეების რეალიზებას მათ სთავაზობს. ამიტომაც მსხვილდებოდნენ ისევ მსხვილი მეწარმეები. სხვათა შორის, ბანკებსაც ამიტომ აეკრძალათ არაპროფილური საქმიანობა, რადგან სხვების კარგ იდეებს ითვისებდნენ. ბანკებს ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ და ფინანსური რესურსიც არ უჭირდათ. ამდენად, მე მაინც ვთვლი, რომ აქ დაგროვების პრობლემაა. მოსახლეობას რაღაც რესურსი უნდა გაუჩნდეს, რომ მერე შეძლონ მცირე ბიზნესში ჩართვა. მთავრობის ეს სტრატეგია კარგია, მაგრამ იდეალური არაფერია ამ ქვეყნად. ის კი არა, მათემატიკური ფორმულებიც დროთა განმავლობაში გადაიხედება“, - აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ და განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა აწარმოონ მცირე და საშუალო ბიზნესმენებმა საქართველოში, აქ მთავარი დასაქმებაა. მათ უნდა შექმნან ის პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა იქნება, უცხოეთიდან ფორმულების პირდაპირ გადმოტანამ კი შეიძლება შედეგი არ მოგვცეს.