სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილ კასპის რაიონის სოფლებს, ზამთარში შიმშილი ემუქრებათ, რადგან ორი თვის მანძილზე, მოურწყავად დარჩენილი ნათესები გაფუჭდა; იგივე ბედი ელის ვენახებს და სხვა მარავალწლიან ნარგავებს. ამის შესახებ პრესა.გე–ს სოფელ ოკამის მკვიდრმა განუცხადა. მისივე ცნობით, წყალი ახალგორშია გადაკეტილი, სადაც ამჟამად რუსი ოკუპანტები დგანან; წყლის გამოშვების სანაცვლოდ, ახალგორში გაზის გაშვებას ითხოვენ. ეს ინფორმაცია ახალგორის მაცხოვრებელმაც დაგვიდასტურა.
როგორც პრესა.გე–მ შიდა ქართლში, პრეზიდენტის რწმუნებულთან, ზურაბ არსოშვილთან საუბრისას გაარკვია, საქართველოს ხელისუფლება, არც ახალგორის დე–ფაქტო მმართველებთან და არც ოკუპანტებთან მოლაპარაკებას არ აპირებს და იწყებს მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებას, მსოფლიო ბანკის დახმარებით. დიდწილად სავარაუდოა, რომ გაფუჭებულ ნათესებს კვალდაკვალ მიჰყვება ვენახები და სხვა მრავალწლიანი ნარგავები, რადგან ბუნებრივია, მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებას მრავალი დღე დასჭირდება.
“დაახლოებით 2 თვეა სარწყავი წყალი არ მოეწოდება კასპის რაიონის 12 სოფელს: აღაიანს, ოკამს, თეზს, ლამისყანას, ქვემო ჭალას, იგოეთს, მრგვალ ჭალას... უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, დახმარებას ვითხოვთ. ეს პრობლემა “რუსთავი 2“–ით და პირველი არხით გაშუქდა, პარლამენტში ჯონდი ბაღათურიამაც გაახმაურა, ჩვენი გასაჭირი, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მოსავალი გაგვიფუჭდა და ახლა ვენახთან ერთად, საფრთხე სხვა მრავალწლიან ნარგავებსაც ემუქრება. მემრის, იქით წლებში მაგალითად, თხილი შეიძლება საერთოდ აღარ იყოს“, – გვითხრა ოკამის ერთ–ერთმა მკვიდრმა ქალბატონმა. ჩვენ ვიცით მისი ვინაობა, მაგრამ გვთხოვა, რომ გარკვეული მიზეზის გამო, სახელი და გვარი არ მივუთითოთ.
მისივე თქმით, სარწყავი წყალი ახალგორშია გადაკეტილი – “მოგეხსენებათ, ახლა ახალგორში ვინც დაგს. როგორც ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურა შუკაკიძემ გვითხრა, წყლის გამოშვების სანაცვლოდ, ახალგორში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ. გთხოვთ, გვიშველეთ, ზამთარში ულუკმაპუროდ დავრჩებით. ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა შეიძლება არაფერი იცის და ეგებ რამენაირად ხმა მივაწვდინოთ. გასულ ხუთშაბათს ოკამელები ცენტრალური მაგისტრალის გადასაკეტად გავედით, მაგრამ იქამდე არ მიგვიშვეს – რაიონიდან პოლიციელები ამოიყვანეს და თითო კაცზე თითო პოლიციელი მოდიოდა; ვითარების გამწვავებას მოვერიდეთ და უკან გავბრუნდით. გუშინ პრეზიდენტის რწმუნებული უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა“.
ერთ–ერთ ახალგორელს, ადამიანს, რომელსაც იქაურობა ერთი წუთითაც არ მიუტოვებია, ტელეფონით ვესაუბრეთ. მას არ უთხოვია ვინაობის დამალვა, მაგრამ ამჯერად, პრესა.გე იკავებს თავს ამ ადამიანის ვინაობის გამხელისგან, რადგან ადვილადაა შესაძლებელი, პრობლემა შეექნმას, როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე მმართველებისგან.
ერთ–ერთი ახალგორელის ნაამბობი: “ის რომ გაზს თხოულობენ, სინამდვილეს შეესაბამება. უსაფრთხოების გარანტია არ არის, გაზს ვერ გაუშვებენ. ტექნიკური პირობები აუცილებლად უნდა დათვალიერდეს; ტანკებმა იარეს, მილები ამოტეხილია და ამხელა წნევით გაზის გაშვება გამორიცხულია. საერთოდ, გაზი არის “იტერასი“, რომელიც რუსეთისაა. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი წინაპირობები წამოაყენეს – “გაუგებარია ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი, გახარჯული ბუნებრივი აირის ფინანსურ მხარეზეო“. ახალგორში ამ პრობლემას ვერავინ გადაწყვეტს, ცხინვალში კი არავის ადარდებს. ახლა გაზი, რომც გაუშვან ახალგორში მდგომი ოკუპანტების გახარჯული გაზის ფული ქართულმა მხარემ რატომ უნდა გადაიხადოს?!“
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, ზურაბ არსოშვილი, ჩვენს კითხვაზე – აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებას, წყლის გამოშვების თაობაზე, რის სანაცვლოდაც გაზს ითხოვენ? მოგვიგო:
“რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ოკუპანტებს მივცეთ გაზი, რომ შემდეგ მოქალაქეები დაგვიხოცონ?! ეს სისულელეა, მოლაპარაკებაზე ლაპარაკი ზედმეტია. წყალი, რომელსაც ახალგორიდან კეტავენ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, ოსებს და რუსებს. ჩვენ ამ პრობლემას ალტერნატიული საშალებებით მოვაგვარებთ, იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი უწყლოდ არ გვყავდეს“.
ზურაბ არსოშვილის განმარტებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს – “პროექტი უახლოეს პერიოდში დაიდება და სავარაუდოდ, მისი განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. რამდენიმე მილიონიან პროექტზეა ლაპარაკი. ზუსტად გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში მისი განხორციელება გამორიცხულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი გასულია და მართლა არა აქვთ წყალი. ეს ახმაჯის არხს ეხება. სამწუხაროა, რომ უბრალო გლეხებით მანიპულირებენ და სარწყავი წყლის ბერკეტებს იყენებენ, იმიტომ რომ არანაირი სხვა ძალა არა აქვთ“.