ლარი პირველ ეტაპზე 2.20-მდე გამყარდება

ლარი პირველ ეტაპზე 2.20-მდე გამყარდება

ლარის გამყარებამ საზოგადოებაში დადებითი განწყობა გააჩინა. ზოგიერთი ექსპერტი უკვე იმ სავარაუდო ნიშნულზე ალაპარაკდა, სადამდეც შეიძლება ეროვნული ვალუტა გამყარდეს. პირველ ასეთ ნიშნულად 2.20 სახელდება.

ყველაზე მაღალი კურსი, რომელიც ლარმა დოლართან მიმართებაში 2016 წლიდან მოყოლებული დააფიქსირა, 2,4985 იყო. მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. პოზიტიური ტენდენცია თებერვლის ბოლოდან დაიწყო და პირველ მარტს კურსი 2.47-ის ფარგლებში იყო. ბოლო ათ დღეში კი ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ამჟამად 1 დოლარი 2,35-ის დიაპაზონში იყიდება.

სპეციალისტები გამყარების ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის მიერ მარტში დეფიციტური ხარჯვის შემცირებას ასახელებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ლარზე ზეწოლა თანაბარმა ხარჯვამ მნიშვნელოვნად შეამცირა. ლარის გამყარების კიდევ ერთ მიზეზად დოლარზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება.

ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ ნდუას ვარაუდით, 1 დოლარის ფასმა დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შესაძლოა, 2.20 ლარამდეც კი დაიკლოს.

„აბსოლუტურად მოსალოდნელია ლარის გამყარება. ის კურსი, რომელიც დღეს არის, სრულიად რეალურია. ნორმალურ პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, სწორი პოლიტიკის გატარების პირობებში, ყოველგვარი პოლიტიკური მანევრების იგნორირებით, შესაძლებელია, რომ კურსი ჩამოყალიბდეს დაახლოებით, სამი თვის პერიოდში 2.20-ის დიაპაზონში. ეს არის ის მდგომარეობა, სადაც ნორმალურ პირობებში, დღეს, ვალუტის კურსი უნდა იყოს.

ქადაგიძის წასვლის შემდეგ, დაიწყო ლარის გამყარების პროცესი. მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა და კურსი თანდათან უბრუნდება იმ ბუნებრივ ნიშნულს, სადაც უნდა იყოს. მომავალში, ლარის გამყარებას ველოდები“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ექსპერტ სოსო არჩვაძეს უჭირს იმის პროგნოზირება, რა ნიშნულზე გამყარდება ლარი დოლართან მიმართებაში, თუმცა ის, რომ გამყარება მნიშვნელოვანი იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება.

„გარკვეული ფაქტორები ადასტურებს იმას, რომ ლარის დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი ვალუტის გაძლიერება უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას და ასევე, ჩვენს ძირითად სავაჭრო პერტნიორებში ვალუტის კურსის გამყარებას. ძალიან ბევრი შრომითი მიგრანტი გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში და მათი შემოსავლები პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნების სავალუტო კურსს. მათ შორის, იგივე რუსეთის ფედერაციაში რუბლის სტაბილიზაცია პოზიტიური გავლენის მომხდენია ფულად ტრანზაქციებზე“, - განუცხადა სააგენტო „პირველს“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ შესაძლებელია ლარი ძველ ნიშნულსაც კი დაუბრუნდეს. მისი თქმით, პერსპექტივაში შეუძლებელი არაფერია.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა საგრძნობლად იკლო. მართალია ექსპორტი შემცირდა, მაგრამ იმპორტი კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზეც მოთხოვნა დაკლებულია. სავალუტო ბაზრისთვის დადებითი ფაქტორია ისიც, რომ დაჩქარდა პრივატიზაციის პროცესი. ეკონომიკის სამინისტრო ამ მხრივ გააქტიურდა. უკვე გაზაფხულია და ენერგომატარებლებზეც მოთხოვნა შემცირდება, ახლოვდება ტურიზმის სეზონიც. ეს ფაქტორები, საერთო ჯამში, განაპირობებს იმას, რომ ლარი ეტაპობრივად მყარდება.