„მეწარმეებს ძალიან დიდი თანხის გადახდის ვალდებულება მოეხსნათ“

„მეწარმეებს ძალიან დიდი თანხის გადახდის ვალდებულება მოეხსნათ“

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო მეტროლოგიის მიზნები და ტექნიკური ბარიერების საკითხი, რომელიც ევროპელი მომხმარებლისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

ასევე, საუბარი შეეხო კვების უსაფრთხოების და პროდუქტების წარმოების კონტროლის ეფექტური სისტემის შექმნას ევროკავშირის ბაზარზე სრული დაშვებისთვის და სააგენტონს GEOSTM -ის მიღწევების, ფუნქციის, შესაძლებლობების გაცნობას და მომსახურების მიწოდებას ქართველი მეწარმეებისთვის.

პროექტის მიზანი, ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობაა პროდუქტის ხარისხის ამაღლების და ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქტის (ქართული ღვინო, რძე, რძის ნაწარმი) ექსპორტს ევროპის ბაზარზე. პროექტი წარმოდგენილი იქნა კახელი მეწარმეებისთვის, რომლის პრეზენტაცია ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

for.ge-სთან საუბრისას სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩიტაძე აცხადებს, რომ მეწარმეების მხრიდან უნდა იყოს ძალისხმევა და დაინტერესება, რომ ახალი სტანდარტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

როგორი ფორმით ხდება სააგენტოსა და მეწარმეს შორის თანამშრომლობა?

გიორგი ჩიტაძე: ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია და მეწარმესთან ვურთიერთობთ ხელშეკრულების საფუძველზე. უზრუნველვყოფთ ინფორმაციით და სერვისს უფრო ნაკლებ ფასად ვაწვდით, ვიდრე ევროპის სხვა ქყვეყნები.
ასევე გეტყვით, რომ დღეს, მეწარმეს, რომელიც თელავშია, შესაძლებლობა აქვს შევიდეს ჩვენს საიტზე და ონლაინ შეიძინოს ეს დოკუმენტი. არ დახარჯავს გადაადგილების ფულს და დაახლოებით, ორი დღის ვადაში ეს დოკუმენტი მისდის სახლში.

რამდენი უჯდება მეწარმეს ამ სერვისის მომსახურეობა?

- იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ორგანო ვართ, უნდა გადავიხადოთ გარკვეული საწევრო გარკვეული სტანდარტების ორგანიზაციებში, რათა ხელი მიგვიწვდებოდეს, აი, იმ 50 000 დოკუმენტზე. საწევრო საკმაოდ ძვირია, ამიტომ, ამ თანხას იხდის სახელმწიფო.

რაც შეეხება მომსახურეობის თანხას, რომელსაც მეწარმე იხდის, საქართველოში ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტის შესყიდვა დაახლოების 3-ჯერ ან 4 -ჯერ უფრო იაფია, ვიდრე იგივე დოკუმენტის შეძენა ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში ამ დოკუმენტის ღირებულებაა 45 ლარი, ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს დოკუმენტი 75 შვეიცარული ფრანკიდან 110 ევრომდე ღირს.

რის საფუძველზე უზრუნველყოფთ მომსახურების ნაკლებ ფასს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით?

- უზრუნველვყოფთ იმითი, რომ სახელმწიფო იხდის საწევროებს. მეწარმეს უნდა განეხორციელებინა შემდეგი ეტაპი - აეღო თავისი ხელსაწყო, რომელის დაკანონებაც მას უნდოდა, შეეძინა თვითმფრინავის ბილეთი, ან სხვა საშულებებით ეს გაეგზავნა საზღვარგარეთ, ამაში გადაეხადა ფული და როდესაც ადგილზე ჩავიდოდა, შემდგომში უკვე დაკანონების საფასური უნდა გადაეხადა იმ ქვეყნის ფასის გათვალისწინებით.

მეწარმეებს ძალიან დიდი თანხის გადახდის ვალდებულება მოეხსნათ და მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოში ჩვენს სააგენტოში, ასეთი სახის მომსახურება იაფად მიიღონ. ეს არის რასაც ჩვენ ვანვითარებთ წარმოებისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის და ვცდილობთ ასეთი შეხვედრებით მივაწოდოთ ინფორმაცია მეწარმეებს, რომ უფრო ახლოს იყვნენ ამ სერვისებთან და უფრო მეტად ითანამშრომლონ ჩვენთან.