ცნობილ ფეხბურთელს, ეროვნული ნაკრების კაპიტან კახი კალაძეს ხელისუფლებამ შესაძლოა, ქონება ჩამოართვას - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო მას ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ედავება. ცნობისათვის: 2008 წელს კალაძის “არსენალ დეველოპმენტმა” ყოფილი არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 38 მლნ დოლარად შეიძინა. კომპანიას “არსენალ სითის” პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა, თუმცა პროექტის განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არსენალის მთაზე კალაძისთვის მიყიდულ მიწის ნაკვეთს სხვა მესაკუთრე ჰყავდა. კალაძესა და მთავრობას შორის უთანხმოება 2008 წელს წარმოიშვა - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ფეხბურთელი ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების გადავადებას მოითხოვდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწია. მრავალგზის რეკლამირებულ, გრანდიოზულ პროექტ „არსენალი სითისთან” დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კახი კალაძეს 15 მილიონი ლარით დაჯარიმებას უპირებს და, შესაბამისად, მას ქონებასაც ჩამოართმევს. ფეხბურთელი კი, თავის მხრივ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას და ამას მთავრობასთან ურთიერთობის გარკვევის საშუალებად მიიჩნევს. “ქართული სიტყვა” კახი კალაძეს მილანში დაუკავშირდა.
კახი, რას გედავებათ ეკონომიკის სამინისტრო, რა ვალდებულებები გაქვთ ნაკისრი და რა მიზეზით ვერ მოხერხდა მათი შესრულება?
- დავა „არსენალ-დეველოპმენტსა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის წლებია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2007 წელს, 38 მილიონ 20 ათას დოლარად შევიძინე 77 ჰექტარი მიწა. ეს პროექტი ათი წლის მანძილზე ასაქმებდა 25 ათას ადამიანს. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული 38 მილიონი დოლარი უნდა გადამეხადა ეტაპობრივად. 38 მილიონი დოლარიდან მიწის პირველი ტრანში, 19 მილიონი დოლარი გადავიხადე, დარჩენილი 19 მილიონის გადახდა კი 2008 წლის 15 სექტემბერს მიწევდა, რასაც აგვისტოს ომი დაემთხვა. საქართველოში ოფიციალურად საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ჩემზე კარგად უწყით, თუ რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში: ადამიანებში გამეფებული იყო ნიჰილიზმი, ქვეყანა ღებულობდა ჰუმანიტარულ დახმარებას, არა მარტო ხალხისთვის, არამედ, ბიზნესისათვისაც შეიქმნა უმძიმესი გაურკვევლობა, ფორს-მაჟორში ჩავარდა წვრილი თუ მსხვილი ბიზნესი, მოხდა ეკონომიკური რეცესია, მოწინააღმდეგე რამდენიმე კილომეტრში იდგა თბილისთან... უმძიმესმა სიტუაციამ, რომელიც საქართველოში სუფევდა, ბუნებრივია, დააფრთხო ისედაც ფრთხილი უცხოელი ბიზნესმენები და ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმაც თავი შეიკავეს ინვესტიციებისგან, ვინაიდან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ომის შემდგომ არასტაბილური ქვეყანა გახდა.
როგორც ვიცი, რამდენჯერმე მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და აცნობებთ რომ აგვისტოს შემდეგ, უცხოელი პარტნიორები საქართველოში ინვესტიციის ჩადებაზე უარს აცხადებდნენ და პროექტის განხორციელების გადავადებას მოითხოვდით, რაზეც უარი მიიღეთ. რა მოტივით?
- “არსენალ დეველოპმენტმა” გამოიყენა ხელშეკრულებაში ჩადებული საგანგებო მუხლი ფორს-მაჟორის შესახებ და სახელმწიფოს გარკვეული დროით თანხის გადახდის მხოლოდ გადავადება მოსთხოვა. ეს აუცილებელი იყო ბიზნესმენთა მხრიდან, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ არ განმეორდებოდა ინტერვენცია. მოგეხსენებათ, უდავოდ იყო ამის საშიშროება. მოკლედ, სავსებით არგუმენტირებული თხოვნის მიუხედავად, „არსენალ-დეველოპმენტმა“ თანხის რამდენიმე ხნით გადავადებაზე რატომღაც უარი მიიღო.
მართლა ორჯერ გაასხვისა ხელისუფლებამ თქვენს მიერ არსენალის მთაზე ნახევრად შეძენილი ტერიტორია?
- პროექტირებისას საოცარი რაღაც გაირკვა - სახელმწიფოს მიერ ჩემთვის მოყიდული 77 ჰექტარი მიწიდან 14 ჰექტარი აღმოჩნდა საპატრიარქოს კუთვნილება, ანუ სახელმწიფომ მომყიდა საპატრიარქოს კუთვნილი მიწა, რის უფლებაც, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. საპატრიარქოს წარმომადგენლებს აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ მიწა მათი საკუთრებაა. ამასვე ადასტურებს აღნიშნულ მიწაზე მშენებარე ტაძრის მოძღვარი მამა იოაკიმე. გარდა ამისა, ეს მიწა ნაკურთხია წლების წინ, რომ არ მოგატყუოთ, 10 წლის წინ მაინც. იქ უკვე შენდება სამონასტრო კომპლექსი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკთა უყურადღებობამ, ან შეგნებულად გამიზნულმა სიცრუემ დააზარალა „არსენალ-დეველოპმენტი“, რომელმაც მილიონობით დოლარი გადაიხადა მიწაში, რომელსაც უკვე ჰყავდა კანონიერი მესაკუთრე, ანუ ეს ტერიტორია ხელისუფლებამ ორჯერ გაასხვისა.
ამბობენ, რომ ვალის არგადახდის შემთხვევაში, 15 მილიონით დაჯარიმდებით და, შესაბამისად, ქონებაც ჩამოგერთმევათ. აპირებთ ჯარიმის გადახდას?
- არანაირი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, ვინაიდან, ჯარიმა აბსურდია. ვფიქრობ, რომ „არსენალ-დეველოპმენტი“, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა საქართველოში, ლონდონის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს სარჩელით. ეს მთავრობასთან ურთიერთობის გარკვევის ერთ-ერთ გზად მიმაჩნია.
იქნებ, განმიმარტოთ, რა ვალდებულებები გაგაჩნიათ სასტუმრო “კოლხეთთან” დაკავშირებით? როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აუქციონზე შეძენილ სასტუმროში არანაირი ინვესტიცია არ განგიხორციელებიათ...
- გარკვეულ ჯგუფს უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს სასტუმრო „კოლხეთთან“ დაკავშირებით. ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, გეგონება, დანაშაული მქონდეს ჩადენილი. 2005 წელს ჩვენ სახელმწიფოსაგან 1 მილიონ 300 ათას დოლარად ვიყიდეთ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „კოლხეთის“ 100%-იანი წილი და ვართ აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრე. აღნიშნულ სასტუმროსთან მიმართებაში არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია ვინმე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვიღაცები ცდილობენ, რომ საქმე ისე გამოიყვანონ, თითქოს მე სასტუმროს არ ვაქცევდე ყურადღებას, არაფერს ვაკეთებდე, აბა, თუ არაფერს ვაკეთებ და ეს სასტუმრო არ მინდა, ამხელა თანხას ჰაერზე ხომ არ გავისროდი? ზოგიერთ ტელევიზიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა ძველ კადრებს აჩვენებს. ჩაბრძანდით ქობულეთში, შედით სასტუმროში და ნახავთ, რომ მიმდინარეობს მისი რეკონსტრუქცია, მთლიანად იხურება სახურავი, შეგვყავს ახალი ელექტრო და წყალგაყვანილობა, კეთდება თანამედროვე ტიპის კარ-ფანჯრები. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება, რათა დამსვენებელს ხელი არ შეეშალოს და მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენოს.
მაინც, რატომ გახდა მიუღებელი ამ ხელისუფლებისთვის კახი კალაძე? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენთვის შექმნილი ბიზნესპრობლემები უკავშირდება იმ გარემოებასაც, რომ დემეტრაძის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვდით და არსებული რეჟიმის მისამართით დროდადრო მწვავე განცხადებებს აკეთებდით?
- მე ვარ ჩემი ქვეყნის შვილი, მიყვარს საქართველო და სხვა სამშობლო არ გამაჩნია. ვერ ვეგუები უსამართლობას, ადამიანის ჩაგვრას, უუფლებობას. იმიტომ კი არ გამოვდივარ მწვავე განცხადებებით, რომ ბიზნესს მართმევენ, ან ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან ვსაუბრობ. არა! რაც კარგია გაკეთებული, იმასაც ვხედავ და ვამბობ, მაგრამ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავ.
კახი, კარგა ხანია, მიდის საუბარი, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებთ...
- რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამ თემაზე უკვე მეცინება. მართალია, ზოგიერთ ჯიბის ტელევიზიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ხან ერთ პარტიასთან მაიგივებს, ხან - მეორესთან, მაგრამ მათ იმედს ვერ გავამართლებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამჟამად ვარ აქტიურ სპორტში და დაკავებული ვარ საყვარელი საქმით. იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, პასუხს დრო გასცემს.