ანტიკრიზისული საბჭო… თორთლაძე: “კიდევ კარგი, ტელევიზიები არ არიან აქ…”

ანტიკრიზისული საბჭო… თორთლაძე: “კიდევ კარგი, ტელევიზიები არ არიან აქ…”

[რუსიკო მუმლაძე]
დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, ანტიკრიზისული საბჭო შეიკრიბა და აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებზე იმსჯელა. დევნილების რეგისტრაციისა თაობაზე ხმაურიანი კამათი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წევრებსა და დევნილების მინისტრს შორის გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარს მოადგილე ანზორ წოწონავა პრველი მომხსენებელი იყო და მან ანტიკრიზისულ საბჭოს აფხაზეთიდან დევნილების პრობლემები გააცნო. თუმცა, როგორც იქვე ითქვა, დევნილების მინისტრი კობა სუბელიანი და ანტიკირიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძეც კარგად იცნობდნენ ამ პრობლემებს. ცნობისთვის, 2010 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ახალი სახლების მშენებლობაზე 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

წოწონავას თქმით კი, რთულად მიმდინარეობს დევნილებისთვის მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონება. გარდა ამისა, პრობლემა ჩნდება იმ ოჯახებში, რომლებიც 15 წლის წინ სამნი იყვნენ და მერე გამრავლდნენ, შესაბამისად, მათ მიერ დაკავებული ერთ პატარა ოთახი, საცხოვრებლად საკმარისი აღარ არის.

სუბელიანმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ ვერავინ იოცნებებდა იმაზე, სახელმწიფოს აფხაზეთიდან დევნილებისთვის სახლების აშენება დაეწყო. მისი თქმით, მშენებლობები იწყება, 2-3 წელიწადში სრულად დასრულდება და დევნილებსაც სულ ცოტას მოთმენა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ს2-3 წელიწადში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია, შესაბამისად, მადლიერი დევნილების ხმებიც გარანტირებული ექნებათ.

ამ დროისთვის დალოდება განსაკუთრებით იმ დევნილებს მოუწევთ, რომლებიც აქამდე ან ქირით ცხოვრობდნენ, ან ნათესავებთან, ანაც ისეთ ფართებში იყვნენ შესახლებულები, რომლებიც კერძო საკუთრებას წარმოადგენენ. სხვათა შორის, კერძო საკუთრებაში შესახლებული დევნილებისა და თავის დროზე რაიონებში რეგისტრირებული, მაგრამ შემდგომ თბილისში საცხოვრებლად ჩამოსული დევნილების რეგისტრაციის საკითხს წოწონავა სხდომაზე მწვავედ სვამდა.

სუბელიანი დიდხანს უხსნიდა, რომ დევნილების რეგისტრაცია 2 წლის წინათ, საარჩევნო სიებთან შექმნილი პრობლემების გამო საერთოდ შეჩერდა. კიდევ კარგი, წოწონავას ამ საკითხის გამპროტესტებელი ოპოზიციონერები არ ეჯდნენ წინ, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაიონებიდან თბილისში ხალხის გადმორეგისტრირება სპეციალურად ხდებოდა არჩევნების წინ. წოწონავას თქმით, თბილისში რეგისტრაციას ის დევნილებიც კი ვერ ახერხებენ, რომლებსაც სახლები ნაყიდი აქვთ, ან ნაჩუქარი და რეესტრშიც უკვე გაატარეს.

სუბელიანი: “რეგისტრაციის საკითხი წესრიგშია ისე, როგორც არასდროს ყოფილა საქართველოში. დევნილების რეგისტრაცია წინასაარჩევნოდ შევაჩერეთ. ის დევნილები, რომლებიც მესაკუთრის ფართებში ცხოვრობენ, რეგისტრაციაში ვერ გატარდებიან, თუ მესაკუთრის ნებართვა არ იქნება, იქ ვერ დარეგისტრირდებიან. მაგალითად, ტყემალაძეს აქვს სახლი, იქ ხომ ვერ დავარეგისტრირებთ, ზურას თუ არ უნდა?”.

კამათში “მრეწველი” ზურაბ ტყემალაძე ჩაერთო: “მაგ დროს მე გეტყოდით, საერთოდ რატომ ცხოვრობენ აქ-თქო? ეს რეგისტრაცია ხომ არაფერს ნიშნავს? არც სოციალური დახმარების მიღება უწყდებათ და არც ლტოლვილის სტატუსი, ხომ?”. “მართალი ხართ”, - შვებით ამოისუნთქა სუბელიანმა, მაგრამ მცირე ხნით, რადგან “მრეწველების” ლიდერმა იმ წუთსვე შესთავაზა, ეს ხალხი დაარეგისტრირეთ, ოღონდ უმისამართოდ და იქიდან გამოასახლეთო.

“ვასახლებთ, ბატონო”, - უპასუხა დევნილების მინისტრმა. მას ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილი წამოეშველა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარია, დევნილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ და რეგისტრაცია თუ არ ექნებათ, ეს სოციალური დახმარების მიღებაზე არ იმოქმედებს.

ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიაც ჩარეთო საქმეში და სხომაზე მიწვეულებს ახალი იდეა შესთავაზა – კარგი იქნება, სამინიტრომ და აფხაზეთის მთავრობამ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომ უფრო ეფექტურად ვიმოქმედოთ დევნილების პრობლემების მოსაგვარებლადო.

სუბელიანმა დაიჩივლა: “რამდენჯერაც დამიძახეთ, იმდენჯერ მოვედი თითოეულ თქვენთაგანთან. საკითხები განვიხილეთ... ბევრჯერ ფირფიტაშებრუნებული დამხვდა ყველაფერი”. ბარამიამ თავის თავზე მიიღო შენიშვნა და გაცხარდა: “მე არაფერი შემიბრუნებია, ფირფიტა ვინ გადაატრიალა, ჩემი საქმე არ არის”.

ბოლოს აუხსნეს, რომ სუბელიანი მას კი არა, იმ დევნილებს გულისხმობდა, რომლებიც მასთან მიდიან, ამომწურავ პასუხებს ისმენენ, მერე სხვა უწყებაში გარბიან და სხვანაირად საუბრობენ. სხვათა შორის, ამგავრი ფაქტები გია თორთლაძემაც დაადასტურა და თქვა, როცა ასეთ დევნილს თავის კაბინეტშივე დაალაპარაკა სუბელიანი ტელეფონით, მაგრამ, ამის შემდეგ დევნილი მაშინვე წყვეტდა მინისტრის კრიტიკას და თორთლაძის კაბინეტიდანაც პრეტენზიების გარეშე გადიოდა.

კიდევ ერთი თემა, რომელმაც უკვე ნაციონალი პალიკო კუბლაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, იმ კომისიის შექმნაა, რომელმაც ის ზარალი უნდა დაადგინოს, რაც აფხაზეთიდან დევნილებს ომის დროს მიადგათ. წოწონავა ამბობდა, რომ ამგვარი კომისიის შექმნა სწორედაც რომ უპრიანია, რადგან, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური ბერკეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ეს ზარალი უხეში დათვლებით რამდენიმე მილიარდია. ხოლო თუ სახელმწიფო ქონების ზარალსაც დავამატებთ, თანხა 10-15 მილიარდამდე იზრდება.

როგორც სხდომაზე ითქვა, რამდენიმე დევნილმა პრეცენდენტის შესაქმნელად, ცალ-ცალკე, კერძო საჩივრები გააგზავნა სტრასბურგში და განხილვის შედეგებს ელოდება. თუმცა, შეუძლებელია, რომ ამ პროცესს მასიური ხასიათი მიეცეს.

არადა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თვლის, რომ დევნილთა მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისია და იმდენად დიდი მატერიალური დახმარება სჭირდებათ მათ, რომ აუცილებელია, ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დადგენისა და რეაბილიტაციის მიზნით, შეიქმნას რესტიტუციისა და კომპენსაციების გაცემის საკითხთა კომისია. ამ კომისიამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა შეძლოს ზარალის დადგენა.

ამ საკითხის გაჟღერებამ დეპუტატი კუბლაშვილი გააღიზიანა: “ეს არ არის კანონი, რომელიც შეიძლება, მხოლოდ ჩვენი მხრიდან ამოქმედდეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. ჩვენ გვქონდა მათთან საუბარი. თუმცა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მზადყოფნის ნაკლებობაა.

გეთანხმებით, კარგი პოლიტიკური იარაღი იქნებოდა, მაგრამ კომისიის შექმნა ვერ მოხერხდა. მერე რა, რომ სტრასბურგში წავიდა საქმეები? შედეგი რა იყო? ჩვენთვისაც კარგი იქნება, სტრასბურგის სასამართლომ ქართული მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით, ბუნდოვანი პასუხი იქნება.

სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება. რუსეთი მასზე გავლენას ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლო რუსების გავლენების ქვეშაა”.

კუბლაშვილის ამ კომენტარის შემდეგ გია თორთლაძეს აღმოხდა: “კიდევ კარგი ტელევიზიები არ არიან აქ”…