კოკოითი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების გზებს ისევ ეძებს, მაგრამ - ჩუმად. ყოველ შემთხვევაში, როგორც ინტერნეტ-გამოცემა “ეხო კავკაზი” იუწყება, “პრეზიდენტს” უკვე აქვს საიდუმლო გეგმა და ის რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.
კოკოითის კიდევ ერთხელ “გაპრეზიდენტებაზე” ჯერჯერობით დუმს მოსკოვი. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი თვლის, რომ კრემლი და ის ჯგუფი, რომელიც პუტინთან ძალიან ახლოსაა, არც კოკოითის მესამე ვადით “გაპრეზიდენტებას” დაუშვებს და არც მის “პრემიერის” პოსტზე დაინიშვნას.
ცნობისათვის, ედუარდ კოკოითის მესამე ვადით”გაპრეზიდენტებასთან” დაკავშირებით ინიციატივა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გახმაურდა. უკვე მაისში რუსულ მედიაში ამ თემაზე სტატიები ისევ გაჩნდა. თუმცა, თავად კოკოითმა მესამედ ”გაპრეზიდენტების” სურვილი ღიად უარყო. დღეს კი ოსურ-რუსულ მედიაში კოკოითის სურვილთან დაკავშირებით ინფორმაცია ისევ ვრცელდება. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, კოკოითს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საიდუმლო გეგმა უკვე აქვს შემუშავებული, რაც არჩვენების ნოემბრისთვის გადადებას გულისხმობს.
“ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კოკოითს მესამე ვადით არჩევის უფლება აღარ აქვს, ხელისუფლებაში დარჩენას სხვა გზებით ცდილობს. ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტია ის, რომ კოკოითი მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით საკითხის რეფერენდუმზე გატანას ასახელებს”, - წერს “ეხო კავკაზა”.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ედუარდ კოკოითის მესამე ვადით ”გაპრეზიდენტებასთან” დაკავშირებით ინიციატივა დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იბრაგიმ გასიევს ეკუთვნის. საინიციატივო ჯგუფში, რომელსაც კოკოითის სახლში გაშვება არ სურს, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, დე-ფაქტო ძალოვანი და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ.
იდეის გახმაურებისთანავე გასიევი აცხადებდა, რომ”ინიციატივამ უკვე მოიპოვა ფართო მხარდაჭერა მთელს სამხრეთ ოსეთში და ხელმოწერების შეგროვება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების სრული დაცვით განხორციელდება”.
“ედუარდ კოკოითმა ჩვენს რესპუბლიკას გამარჯვება მოუტანა, მასთანაა დაკავშირებული დამოუკიდებლობის აღიარებაც. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ჩვენი სახელმწიფოს აღორძინება. არავის მივცემთ უფლებას, არჩევნების საფარქვეშ ბინძური პოლიტიკური თამაში განახორციელოს. რეფერენდუმი სახალხო ინიციატივაა და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, საკუთარი აზრი გამოხატოს”, - აცხადებდა მაშინ გასეევმა.
თუმცა, კოკოითი რეფერენდუმზე და, შესაბამისად, მესამე ვადით”გაპრეზიდენტებაზე” ჯერჯერობით უარს ამბობს, ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს. მაგრამ, თუ “ეხო კავკაზას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გავითვალისწინებთ, კოკოითი ”საპრეზიდენტო” ვადის გახანგრძლივებაზე საიდუმლოდ საკმაოდ აქტიურად მუშაობს.
დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს კოკოითი, სწორედ მანამდე გაირკვევა.
თუმცა, როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, ყველაფერი მაინც მოსკოვზეა დამოკიდებული. მისი თქმით, იქ კოკოითის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ჯგუფი მუშაობს და ისინი არ დაუშვებენ, რომ მან ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ანდა “კონსტიტუცია” შეცვალოს.
“კოკოითი ჯერჯერობით რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს. მან გასიევის საშუალებით უბრალოდ ნიადაგი მოსინჯა. აშკარაა, რომ მოსკოვში ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ. აქედან გამომდინარე, კოკოითი იძულებული გახდა გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა, რომ ის წინააღმდეგია ამ რეფერენდუმის ჩატარების და რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც “კონსტიტუციაში” წერია.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კოკოითი “სამხრეთ ოსეთის”პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას ცდილობს. ახლა ის პრემიერის პოსტს ებღაუჭება. მის გუნდს სურდა, რომ შეცვლილიყო”კონსტიტუცია”, სადაც მთავარი ძალა არა “პრეზიდენტი”, არამედ”პრემიერი” იქნებოდა. ანუ ისე, როგორც საქართველოში მოხდა. არც ამ პროექტმა მიიღო მოსკოვში მხარდაჭერა და ისიც ჰაერშია გამოკიდებული”, - აღნიშნა არეშიძემ.
მისივე თქმით, კოკოითის პოლიტიკაში დარჩენას რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი, ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ძამბოლატ თედეევი და ანატოლი ბარანკევიჩი ეწინააღმდეგებიან.
“მოსკოვში ჯერჯერობით არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა უქნან კოკოითს. თანაც საგულისხმოა ისიც, რომ მოსკოვში ასეთ საკითხებს ერთი კაცი არ წყვეტს. საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჯგუფია დაინტერესებული, რომ კოკოითი მოიშორონ. ძამბოლატ თედეევი, რომელიც პუტინის კარზე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ითვლება, მამიაშვილი და ბარანკევიჩი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს სამხედროებზე - ყველა ეს ადამიანი კოკოითის წინააღმდეგია და მისი მოშორებისთვის იბრძვიან.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კოკოითმა “ხელისუფლებაში” დარჩენაზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა, მის წინააღმდეგ სერიოზული პიარ-კაპანია დაიწყება. მართალია, მოსკოვი ამ საქმეში ძალისმიერი მეთოდებით არ ჩაერევა, მაგრამ რუსულ მედიაში კოკოითის წინააღმდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდება. დაიწყება საუბარი იმაზე, რომ კოკოითი ფულს იპარავს, რომ ის კორუმპირებულია, რომ ის რუსეთის ავტორიტეტს არყევს, რომ შეურაცხყოფას აყენებს რუსულ-ოსურ ურთიერთობებს, რომ ავიწროვებს მოსკოვიდან წარგზავნილ ბროცევს და ა.შ. დღეს ასეთი სტატიები რუსულ მედიაში ნაკლებად მწვავეა, მაგრამ შემდგომ ისეთი სახე მიეცემა, რომ ის კოკოითს ნამდვილად არ გაეხარდება”, - დასძინა არეშიძემ.