[რეზონანსი]
ქართული ცხვრის ხორცი მაღალი გაყიდვით არ გამოირჩევა. მისი მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 5-7 პროცენტს არ აღემატება. მიუხედავად ამისა, ცხვრის ხორცის ფასი მაინც ძალიან მაღალია და იმდენივე ღირს, რამდენიც საქონლისა და ღორის ხორცი. ყველაზე დიდი მოთხოვნა ცხვარზე სააღდგომოდაა, ამ დროს 1 კგ ცხვრის ხორცი 14-15 ლარი ღირს. 2-3 ლარით ნაკლებია ჩვეულებრივ დღეებში. რაც შეეხება ცოცხალი ცხვრის ფასს, ბატკანი, დაახლოებით, 150 ლარამდეა, ცხვარი კი 180-200 ლარად იყიდება.
ყველაზე დიდი სულადობით ქართული ცხვარი საბჭოთა ეპოქაში გამოირჩეოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში 2 მილიონი ცხვარი გვყავდა, დღეს ეს რაოდენობა 650 ათასამდეა შემცირებული. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები სულადობის შემცირების მთავარ მიზეზად ზამთრის საძოვრების უქონლობას ასახელებენ, რის გამოც ქართველ გლეხს ცხვრის გამოზამთრება უჭირს.
სახელმწიფო ქართული ცხვრის ექსპორტზე დიდ იმედს ამყარებს. ამ პირუტყვით არაბეთის ქვეყნებია დაინტერესებული, თუმცა იქ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია ცხვრის წლევანდელ ექსპორტს ეჭვის ქვეშ აყენებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება არ დასტაბილურდება.
საგულისხმოა, რომ 2010 წელს ცხვრის ექსპორტი 40%-ით შემცირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს ქვეყნიდან 160 560 ცხვარი გაიყვანეს, 2009-ში კი ეს მაჩვენებელი 267 144 იყო. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ბევრი, 53 195 ცხვარი შარშან სომხეთში შეიყვანეს, მეორე ადგილზე კი ექსპორტის მაჩვენებლით ირანია, სადაც 40 ათასზე მეტი პირუტყვი გაიყიდა.
ქართულ ცხვარზე ასევე მოთხოვნა იყო აზერბაიჯანშიც, სადაც 2010 წელს 23,4 ათასი ცხვარი იქნა რეალიზებული. ქართული ცხვარი ასევე მოხვდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ერაყის, ქუვეითის, სირიისა და ყატარის ბაზრებზე.
2010 წელს ცხვრის ფასი 120-დან 180 ლარამდე მერყეობდა. შეგახსენებთ: წლის დასაწყისში ფერმერები საქართველოდან 300 ათასი ცხვრის ექსპორტირებას გეგმავდნენ. იმ არაბულ ქვეყნებს, რომელშიც შარშან ქართული ცხვარი წარმატებით გაიყიდა, წლეულს ყატარი დაემატება, რა თქმა უნდა, თუკი არაბულ ქვეყნებში მდგომარეობა დასტაბილურდება.
ქართული ცხვრის საექსპორტო პოტენციალი ძალიან მაღალია და რიგიანად გამოყენების შემთხვევაში, ის ქვეყანას დიდ მოგებასაც მოუტანს. რაც შეეხება შიდა ბაზარს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხვრის ხორცს ქართველები ნაკლებად მოიხმარენ.
„ქართული ტრადიციით, ცხვრის ხორცს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია თითქმის არ აქვს. ძირითადად, აღდგომის დღეებშია მოთხოვნა. ტრადიცია არ არის, რომ ცხვრის ხორცი ოჯახებში აქტიურად მიირთვან. შეიძლება, დავასახელო წელიწადის 2 დღე, როდესაც შეიძლება ის შევიძინოთ. ასეა ჩემს ოჯახში და, რამდენადაც ვიცი, ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა.
ადგილობრიოვ ბაზარზე მოხმარება დაახლოებით 5-7 პროცენტის ფარგლებშია. ცხვრის ხორცი უფრო აქტიურად გამოიყენება გარდაბანში. დღესდღეობით ყველაზე მეტი ცხვარი ჰყავთ თიანეთის რაიონში, დუშეთში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში. ცხვრის მოშენებით ადრე ახალგორი გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ტერიტორია უკვე აღარ არის ჩვენი ხელისუფლების კონტროლქვეშ.
მოხმარების დაბალი მაჩვენებელი არის მიზეზი იმისა, რომ ცხვრის პროდუქციით უზრუნველყოფა ქვეყანაში ძალიან მაღალია. ამჟამად ჩვენი ცხვარი ყატარში და სხვა არაბულ ქვეყნებში იყიდება. საქონელი იალაღიდან რომ ბრუნდება, მაშინ ყიდულობენ – მანამდე კიდევ 3 თვეა.
არაბულ ქვეყნებში მდგომარეობა თუ გამოსწორდა, ქართული ცხვრის მიმართ მოთხოვნა ისევ გაჩნდება. ძირითადი შემსყიდველი მაინც ყატარია. მართალია, იქ სიტუაცია დაძაბული არ არის, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები გავლენას ყატარზეც ახდენს. ცხვარი ცოცხლად გაგვყავს, რადგან მათ სჭირდებათ რიტუალისთვის, რომლის შემადგენელი ნაწილი ცხვრის ადგილზე დაკვლაა.
მაისიდან, წესით, უნდა დაიწყოს ზაფხულის საძოვრებზე გადარეკვა. ადრე ესეც პრობლემური იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ცხვრის გადასარეკი ტრასა გაკეთდა, დიდი სამუშაოები გასწიეს ამისთვის და საკითხი გადაიჭრა“, -ამბობს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
ცხვრის სულადობა უკანასკნელ წლებში ოდნავ შემცირდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ექსპორტია. გარკვეულ გავლენას სულადობის შემცირებაზე ზამთრის საძოვრების უქონლობაც ახდენს.
„სულადობა შემცირდა, რადგან შარშან ცხვარი ძალიან დიდი რაოდენობით გაიყიდა. ეს არ არის საშიში. მთავარია, მოთხოვნა იყოს, შემდეგ თანდათან დარეგულირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ცხვარი არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ ეს არასწორად მიმაჩნია. უბრალოდ, რიგი საკითხებია დასარეგულირებელი, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.
მთავარი მაინც ზამთრის საძოვრებზე ზრუნვაა. საჭოთა ეპოქაში ცხვარს ჩეჩნეთში, ყიზლარის საძოვრებზე ვაზამთრებდით. საამისოდ იქ კარგი ინფრასტრუქტურა იყო. ზაფხულში კი ცხვარი ალპურ საძოვრებზე გადიოდა. ჩვენმა სახელმწიფოს უნდა აიღოს თავისთავზე და ჩეჩნურ მხარესთან მოხდეს შეთანხმება, რომ ცხვარს გამოეყოს ზამთრის საძოვრები. სწორედ ყიზლარის საზოვრებზე აზამთრებდნენ ყაზბეგელი მწყემსები ცხვრებს და ამიტომაც იქ ყველაზე ბევრი ცხვარი ჰყავდათ. ახლა იქ სულადობა მკვეთრად შემცირებულია. ახლა უკვე დედოფლისწყაროს რაიონში გაჰყავთ, სადაც ზამთრის საძოვრებია. იქ მსხვილფეხა პირუტყვიც იზამთრებს და წვრილფეხაც, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. ცხვარიც ძალიან ბევრი დგას და მასთან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც.
რაც ზამთრის საძოვრები დავკარგეთ, ცხვრის სულადობაც შეგვიმცირდა. ადრე ცხვრისა და თხის რაოდენობას ერთად ანგარიშობდნენ და ჯამში 2 მილიონამდე იყო. თხა დღეს შედარებით ცოტაა, ძირითადად, სამეგრელოსა და გურიაში ჰყავთ. დღეს ცხვრის სულადობა კი 650 ათასს შეადგენს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - განმარტავს თამაზ კუნჭულია.