საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა გაუჩნდებათ. საუბარია საფრანგეთში 200 ქართველის ლეგალური მუშაობის უფლების მინიჭებაზე. საინტერესოა რას ნიშნავს გამარტივებული ვიზა და რა შემთხვევაში მიიღებს თუნდაც 2 ასეული ქართველი ბებერ კონტინენტზე ლეგალური მუშაობის უფლებას?
“ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ საფრანგეთში წასვლა და ლეგალურად დასაქმება. განსაზღვრულია პროფესიები, თუ რა პროფესიებით შეუძლიათ დასაქმდნენ ისინი ლეგალურად საფრანგეთში. ამ პროფესიებზე არსებული მოწვევების საფუძველზე ისინი გამარტივებული წესით მიიღებენ სამუშაო ვიზებს საფრანგეთში. პროფესიების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ეს პროფესიები შეირჩა ერთმანეთთან შეთანხმებით, ორივე ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით... ამ საკითხთან დაკავშირებით ეტაპზეა საფრანგეთთან მოლაპარაკებები უკვე სრულდება. მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, საფრანგეთში ლეგალური მუშაობის უფლება საქართველოს 200 მოქალაქეს ექნება”, - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე.
მისი აზრით, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს. “საქართველო ევროკავშირთან უკვე რამდენიმე წელიწადია ქმნის შესაბამის სამართლებრივ ბაზას. ყურადღება მინდა მივაპყრო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალკვალიფიციური კადრების გადაადგილებას ითვალისწინებს. მთავრობის ყველა წევრს გვაქვს ძალიან მარტივი ინსტრუქცია პრეზიდენტისგან: გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს ვაშაძე.
მართალია ვიზის მარტივად მიღების საშუალება საზღვარგარეთ წასვლის ყველა მსურველს არ ექნება და ამა თუ იმ ფირმასთან თუ დამსაქმებელთან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გქონდეს გაფორმებული, მაგრამ არალეგალების რაოდენობის შემცირებას ხელს ცოტათი მაინც შეუწყობს. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ექსპერტები.
“თუ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ, ეს კარგია. ამით შეიძლება ცოტათი მაინც შემცირდეს არალეგალურად მომუშავეების რაოდენობა და შესაბამისად, ადამიანები დეპორტაციებსა და სანქციებს თავიდან აიცილებენ. არალეგალურად მომუშავეებისაგან განსხვავებით ამ ხალხს უფრო სოლიდური ანაზღაუორება ექნება, ოჯახის რჩენასაც უკეთ შეძლებენ, ქვეყნის ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა და გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანაშიც დაბრუნდებიან.
ევროპაში ქართველები ლეგალურადაც მუშაობდნენ, უბრალოდ, ახლა სუბარია გამარტივებულ ვიზებზე. თანაც, ადრე ლეგალური სამუშაო უფრო მაღალკვალიფიციური ინჟინრების, ექიმებისა და მეცნიერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა საუბარია რაოდენობის გაზრდაზეც და დაბალკვალიფიციური პერსონალის მხრიდან ამ ვიზების ხელმისაწვდომობაზე”, - აცხადებს ექსპერტი ვასილ ჭყოიძე.
ჭყოიძე აცხადებს, რომ ის, ვისაც უცხოეთში სამუშაოდ წასვლა უნდოდა, ისედაც მიდიოდა ლეგალურად თუ არალეგალურად, ამიტომაც ამ შემთხვევაში მიგრანტთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზრდება. თანაც, ამ გამარტივებული სავიზო პოლიტიკის დადებითი მხარე ისაა, რომ თუკი არალეგალები საზღვრის გადალახვისას არსებული საფრთხეების გამო, რაც საჯარიმო სანქციებს გულისხმობს, სამშობლოში დაბრუნებას არ ცდილობდნენ ხოლმე, ვიზით წასულებს უკან დაბრუნების შიში არ ექნებათ.