ვინ არის ქადაგიძის შემცვლელი კობა გვენეტაძე?

ვინ არის ქადაგიძის შემცვლელი კობა გვენეტაძე?

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება. ამჟამინდელ საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს 2016 წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია, მაგრამ როგორც უმრავლესობაში ამტკიცებენ, ისინი გვენეტაძეს საერთოდ არ იცნობენ და არც რაიმე სმენიათ მის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა. არასამთავრობო სექტორმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობს, რომ გვენეტაძე იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი.

„კობა გვენეტაძე არის მაღალი დონის პროფესიონალი. წლების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რა მოთხოვნებიც სწორედ ექსპერტთა ჩართვით გამჭვირვალე პროცესის შედეგად დადგინდა. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ჩემი აზრით, ბატონი კობა იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არც მთავრობაში და არც უმრავლესობაში აკეთებენ. აღმასრულებელი ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ.

„კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ისინი კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე უახლოეს დღეებში დაგეგმილი ფრაქციის სხდომის ფორმატში იმსჯელებენ. დეპუტატების თქმით, კობა გვენეტაძის საქმიანობას არ იცნობენ, შესაბამისად, ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი, დაუჭერენ თუ არა მას მხარს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფრაქცია „ქართულ ოცნება“ უახლოეს დღეებში გამართავს სხდომას, სადაც გვენეტაძის კანდიდატურის შესახებ იმსჯელებენ. მეჭიაურის თქმით, კობა გვენეტაძის საქმიანობას არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეტაპზე არც იმის თქმა შეუძლია თუ რა პოზიცია ექნება საპარლამენტო უმრავლესობას.

იგივეს აცხადებს დეპუტატი თემურ მაისურაძეც.

„მე პირადად კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ, ჩვენი გუნდის განწყობა და არგუმენტები კი ჯერ არ მომისმენია, ვინაიდან ამაზე არ გვქონია მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში“, - განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია „გალტ ენდ თაგგარტში“ ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-15 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.