[ეკა ბაქრაძე]
მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოში კრიზისი დაძლეულია და ბიზნესში შესამჩნევად გააქტიურებული. ეს ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს ეტყობა, სადაც კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელმა მოიმატა. რაც შეეხება გარეუბნებს, აქ ვითარება არათუ უმჯობესდება, არამედ უკან-უკან მიდის.
ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის დაქირავებული კომერციული ფართის დარეგისტრირება უკვე სავალდებულოა. ცვლილება ძალაში 1-ლი აპრილიდან შევიდა. საჯარო რეესტრში ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია 10 ლარი ღირს და რეგისტრაცია ყოველ წელს სავალდებულოა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, საქართველოში 342 ათასზე მეტი მეწარმეა. აქედან, 81 ათასი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, ხოლო 232 ათასი ინდმეწარმე. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც სამუშაო ფართები დაქირავებული აქვს და ხელშეკრულების რეგისტრაცია მოუწევს.
უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ კომერციულ ფართებზე მოთხოვნა კრიზისამდელ მაჩვენებელს მხოლოდ 10%-ით ჩამორჩება, კრიზისთან შედარებით კი ფართებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით, 60-70 პროცენტის ფარგლებში. დარგის სპეციალისტების განმარტებით, ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართები დეფიციტურია, რადგან დიდი ნაწილი გაქირავებულია. მათივე თქმით, გაქირავების ფასები ძველ ნიშნულს მიახლოვდა და ზრდის ტენდენცია 2011 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი ბაზარზე არსებულ ვითარებას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ხოლო პიკს, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში მიაღწევს.
ექსპერტის ინფორმაციით, კომერციული ფართების დაქირავებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა თბილისის ცენტრალურ უბნებზეა, განსაკუთრებით ვაკე-საბურთალოს, რუსთაველის, დიღმისა და აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე.
„დიდი ჩავარდნები იყო, მაგრამ ბაზარზე სიტუაცია გამოსწორდა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურობაა და ვითარება უკეთესობისკენ მიდის. კომერციულ და საოფისე ფართებზე,დაახლოებით, 10-12 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა მოთხოვნა. ამ მხრივ აქტიური იქნება მაისი, ივნისი და ივლისი. ფართები უფრო თბილისის ცენტრალურ უბნებში ქირავდება. ეს არის ვაკე-საბურთალო, რუსთაველი, დიღმის გზის მონაკვეთი და აღმაშენებლის ხეივანი. ტენდენცია მზარდია და ასე თუ გაგრძელდა, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში ამ სფეროში არსებული ვითარება 2008 წლამდელ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.
უძრავი ქონების აგენტები კომერციული და საოფისე ფართების მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ, თუმცა ამ მიმართულებით დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ ვითარებას სახარბიელოდ არ მიიჩნევენ.
„მოთხოვნამ ნამდვილად მოიმატა, მაგრამ ეს საერთო მდგომარეობაზე არ ვრცელდება. თბილისის ზოგიერთ უბანში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და არის შემთხვევები, როცა კომერციული ფართი თვეობით არ ქირავდება. ისეთი მდგომარეობაც გვახსოვს, რომ სავაჭრო ობიექტებში ფართები ცარიელი იყო და სერიოზული ფასდაკლების დროს ძლივს ახერხებდა მეპატრონე მის გაქირავებას, ხშირად კი საერთოდ ვერ აქირავებდა. შედარება არ არის, ვითარება გამოსწორებულია, მაგრამ მხოლოდ თბილისის ცენტრალური უბნების მასშტაბით.
იმედია, ცვლილება დედაქალაქის სხვა უბნებზეც გავრცელდება. დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით ბიზნესკლასის ფართებს ეხება და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილი ფართებზე არ ვრცელდება. რაც მთავარია, ყინული გალღვა, გამოცოცხლდა ბაზარი და ახლო მომავალში მეტ აქტიურობას ველოდებით“, - განმარტავენ სააგენტოს წარმომადგენლები.