2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა როცა საქმე ბიზნესს ეხება, ოფიციალური თბილისი დაპირისპირებულ მხარესთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
"მადნეული", "კვარციტი", "აზოტი", "ბილაინი", "ლუკოილ ჯორჯია", "ხრამჰესი-1", "ხრამჰესი-2", "თელასი", "ვითიბი ბანკ ჯორჯია" - ეს იმ აქტივების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსეთი საქართველოში ფლობს.
სააკაშვილის ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის ფონზე საქართველოში რუსული კომპანიები წარმატებით საქმიანობენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რუსული კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტი ბიზნეს-ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ინვესტიციებისთვის კარის გაღებით საქართველო პრაგმატულ არჩევანს აკეთებს: გლობალური საფინანსო კრიზისისა და შემცირებული საინვესტიციო ნაკადების ფონზე ის იძულებულია, რუსული კომპანიების შემოთავაზებაზე უარი არ თქვას. ჯერჯერობით, საქართველოს საინვესტიციო კლიმატით რუსეთის გარდა ბევრი არავინ ინტერესდება.
რუსი ეკონომიკური ექსპერტები აღიარებენ, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო "ლიბერალიზმის ოაზისია". თუმცა, ისინი საფრთხეებზეც მიუთითებენ: გარანტია, რომ საქართველოში ჩადებული რუსული ინვესტიციები მომავალში ხელისუფლების ჩარევისგან დაცული იქნება, არ არსებობს.
„ინტერ რაო ეესი"
2011
წლის 1 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ კომპანია „ინტერ რაო ეესთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურები - "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2" რუსული კომპანიის საკუთრება გახდა. ამ ჰიდროელექტროსადგურებში „ინტერ რაო ეესმა" წლის ბოლომდე 104 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს და მდინარე ხრამზე დამატებით კიდევ სამი ელექტროსადგური ააშენოს. „ხრამი-3", „ხრამი-4" და „ხრამი-5" ჰესების ჯამური სიმძლავრე 90-100 მეგავატი იქნება.
„ინტერ რაო ეესმა" ამ ობიექტების მშენებლობაში 193 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ახალი ჰესები ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.
„ინტერ რაო ეესი" "ხრამჰესი-1"-სა და "ხრამჰესი-2"-ს აქამდეც მართავდა. ქართულმა მხარემ რუსულ კომპანიას ეს ჰესები 25-წლიანი მართვის უფლებით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს - 2000 წელს გადასცა.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლას არ დაელოდა და „ინტერ რაო ეესს" ჰესები კერძო საკუთრებაში გადასცა. "საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს", - ამბობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
ქართული მხარე აცხადებს, რომ „ინტერ რაო ეესისთვის" "ხრამჰესი-1"-სა და "ხრამჰესი-2"-ს გადაცემით, კომპანიას ამ ჰესების განვითარების სტიმულს მისცემს.
„ინტერ რაო ეესის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების პრივატიზაციის პროცესში და საქართველოდან რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობას გაზრდის.
საქართველოს მთავრობა კომპანია "ინტერ რაოსთან" წლებია თანამშრომლობს. "ინტერ რაოს" საკუთრებაშია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" აქციათა 75 პროცენტი ("თელასის" აქციები რუსულ კომპანიას ამერიკულმა AES-მა მიჰყიდა და არა სახელმწიფომ), მე-9 და მე-10 ენერგობლოკების აქციათა 100 პროცენტი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ქართულმა მხარემ „ინტერ რაო ეესს" მართვაში გადასაცა ენგურჰესი, რომელიც ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებს. რუსები განკარგავენ რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის 500-კილოვატიან გადამცემ ხაზსაც.
ენერგეტიკის ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი რუსული კომპანია ფუნქციონირებს - რუსული "Itera"-ს შვილობილი კომპანიაა "იტერა საქართველო", რომელიც საქართველოს რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირით ამარაგებს.
"GEOPROMINING"
რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში გადამამუშავებელი მრეწველობის - "მადნეულის" და "აზოტის" პროდუქცია გაჩნდა. ამ კომპანიების ზურგს უკან კი რუსული წარმოშობის კაპიტალი დგას.
დღეს საქართველოში ოქროს მოპოვებას, გადამუშავებასა და წარმოებას ერთი ბიზნეს-ჯგუფი კურირებს. 2005 წლის ნოემბერში რუსული "პრომიშლენნიე ინვესტორის" (ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სერგეი გენერალოვია) შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ "STANTON
EQUITIES CORPORATION"-მა
ტენდერში გაიმარჯვა და სააქციო საზოგადოება "მადნეულის" 97,25 პროცენტი იყიდა.
ინვესტორმა, რომელმაც "მადნეული" შეიძინა, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტების გადამამუშავებელი შპს "კვარციტის" 51 პროცენტი და "საქართველოს სამთამადნო კომპანიის" 100 პროცენტიც მიიღო. ეს უკანასკნელი ბოლნისის რაიონის 36 საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიას ფლობს. "მადნეულის" რამდენიმე შვილობილი კომპანიის გარდა, "STANTON EQUITIES CORPORATION"-ს შპს "ტრანს ჯორჯია რესორსიც" ერგო, რომელიც საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის კომპლექსურ ლიცენზიას ფლობს.
ამ საბადოზე დათვლილი 40 ტონაზე მეტი ოქრო, ორჯერ მეტი ვერცხლი და 100 ათას ტონამდე სპილენძი რენტაბელურ ამოღებას ექვემდებარება.
2007 წლიდან სს "მადნეულის" და სს "კვარციტის" აქციები "პრომიშლენნიე ინვესტორის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიმან პოვარიონკინს გადაეცა. გარიგების შედეგად, სს "მადნეულის" და "კვარციტის" მფლობელი კომპანია
"GEOPROMINING"-ი გახდა.
ამჟამად საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტს სს "მადნეული" შვილობილ კომპანია - შპს "კვარციტთან" ერთად აწარმოებს. თუ 2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 მლნ 830 ათასი აშშ დოლარის ოქრო გავიდა, 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია.
დღეს სს "მადნეული" ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვა ლითონების მოპოვებაზე რამდენიმე ლიცენზიას ფლობს. ოქრო მეორადი კვარციტული მადნებიდან მოიპოვება. წლის განმავლობაში კომპანია 100 ათას უნციამდე ოქროს გადასამუშავებლად კანადურ ორგანიზაციაში - "ჯონსონს მათიუ"-ში აგზავნის.
2008
წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა როცა საქმე ბიზნესს ეხება, ოფიციალური თბილისი დაპირისპირებულ მხარესთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
"აზოტი"
რუსული ინვესტიციები დგას რუსთავის "აზოტის" უკანაც. რუსულმა "ვნეშტორგბანკმა" სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტი" 2004 წელს დააფუძნა. "ენერჯი ინვესტი" საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით დაარსდა. კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში ას მილიონ დოლარზე მეტის დაბანდება გადაწყვიტა.
"ენერჯი ინვესტმა" რუსთავის "აზოტის" საწარმო 2005 წელს შეიძინა და კომპანიაში 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. ინვესტიციის ნაწილი აზოტმჟავას წარმოების ამოქმედებას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. რეკონსტრუქციის შემდეგ საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა. "ენერჯი ინვესტს" ეკუთვნის გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურიც.
"აზოტის" ყველაზე მომგებიანი პროექტი აზოტოვანი სასუქების (გვარჯილა) წარმოებაა. გვარჯილა ექსპორტზე, ძირითადად, სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადის. "აზოტი" აწარმოებს: ამონიუმის გვარჯილას, ამონიუმის სულფატს, ნატრიუმის ციანიდს, ამიაკს, ნახშირორჟანგს, ჟანგბადს, აზოტს, აზოტმჟავასა და მშრალ ყინულს.
თუ 2005 წელს ექსპორტზე 35 მლნ 838 ათასი აშშ დოლარის მინერალური სასუქი გავიდა, 2010 წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანილი სასუქის ღირებულება 72 მლნ 113 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც ქართული ექსპორტის 4,6 პროცენტია.
Energy Invest -ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანიამ "საკუთარ კაპიტალზე გამოსცადა ქართული საინვესტიციო გარემოს საიმედოობა". ეს ჩანაწერი მანამდეა გაკეთებული, ვიდრე გასულ წელს "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორს გენო მალაზონიას 165 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლების მიღებისთვის დააკავებდნენ. პროკურატურის ცნობით, მალაზონია საბუღალტრო აღრიცხვას ლიცენზირების პირობების დარღვევით აწარმოებდა. დაკავებიდან 2 თვის შემდეგ მალაზონია საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.
გენო მალაზონიას რუსულ "ვნეშტორგბანკთან" დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. 1996-1997 წლებში ის "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ვანო ჩხარტიშვილის მრჩეველი იყო. ქართველმა მფლობელებმა "გაერთიანებული ქართული ბანკის" საკონტროლო პაკეტი 2005 წელს "ვნეშტორგბანკს" მიჰყიდეს. ბანკი, რომლის მთავარი აქციონერი რუსეთის მთავრობაა, ამჟამად "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციების 92,57 პროცენტს ფლობს.
ბილაინი
შპს "მობიტელი" - ქართული GSM ოპერატორია. ის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით ოპერირებს. შპს "მობიტელი" 2003 წელს დაარსდა, თუმცა კომერციულ საქმიანობას 2007 წლიდან ახორციელებს. "მობიტელის" აქციათა 51 პროცენტი სს "ვიმპელკომს" ეკუთვნის.
"ბილაინმა" გასულ წელს საქართველოში 18.11 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2010 წელს კომპანიის აბონენტთა აქტიური ბაზა 40 პროცენტით, ხოლო მოგება 11 პროცენტით გაიზარდა: კომპანიის წმინდა მოგებამ (დაბეგვრამდე) 3 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. "ბილაინი" ამჟამად ქართული მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის 13 პროცენტს აკონტროლებს. მას 1 მილიონამდე აბონენტი ჰყავს.
"ლუკოილ ჯორჯია"
შპს "ლუკოილ ჯორჯია" რუსული სააქციო საზოგადოება Lukoil -ის შვილობილი კომპანია. ის საქართველოში 2002 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოს ტერიტორიაზე "ლუკოილის" სავაჭრო ნიშნით 69 ავტოგასამართი სადგური მოქმედებს. აქედან 33 - თბილისში.
ნავთობ-პროდუქტების ქართულ ბაზარზე საწვავის იმპორტსა და დისტრიბუციას შვიდი კომპანია ახორციელებს. აქედან ბაზრის დიდი წილი მსხვილ კომპანიებს: "სოკარს", "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა", "რომპეტროლ საქართველოს" და "ლუკოილ ჯორჯიას" აქვთ გადანაწილებული. შესაბამისად, საწვავზე ფასების საერთო დონეს ბაზარს ისინი კარნახობენ.
ნავთობ-პროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა 2010 წლის შედეგების თანახმად, ნავთობ-პროდუქტების სექტორიდან ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელ ორგანიზაციებს შორის მე-3 ადგილზე "ლუკოილ ჯორჯია" დაასახელა (პირველ-მეორე ადგილზე "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" და ,,რომპეტროლ საქართველო" გავიდნენ). "ლუკოილ ჯორჯიამ" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გასულ წელს 70 მილიონი ლარი გადაიხადა.
მაგისტრალური გაზსადენი
221
კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება. ამ მილსადენით ბუნებრივი აირი საქართველოს და სომხეთს მიეწოდება.
საქართველოს პარლამენტმა მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან უკვე ამოიღო.
კანონის თანახმად, ობიექტის გასხვისება უკვე ნებადართულია. მილსადენის შეძენით დაინტერესებულია სომხეთი და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია. თუმცა, ყველაზე პოტენციურ ინვესტორად მაინც რუსეთის გაზის მონოპოლისტი "გაზპრომი" განიხილება.
"გაზპრომისთვის" მილსადენის მიყიდვის შესახებ საუბარი პირველად არ დაწყებულა. ამ თემაზე დისკუსია ხუთი წლის წინაც მიმდინარეობდა. თუმცა მაშინ აშშ-მ და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, თბილისს მილსადენის მოდერნიზებისთვის ფული მისცეს. სანაცვლოდ კი, საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ მაგისტრალურ გაზსადენს არ გაყიდდა. მილსადენის რეაბილიტაციას 35 მლნ აშშ დოლარი მოხმარდა. "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" ფარგლებში აშშ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კი ვადა 2011 წლის 7 აპრილს ამოეწურა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი საქართველოს პარლამენტში მილსადენის პრივატიზაციის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას დაემთხვა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კლინტონი ამ თემაზეც გააკეთებდა განცხადებას. თუმცა, ცნობები იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკებების დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაზსადენის საკითხი დააყენა, არ გავრცელებულა.
თუ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მილსადენის გასხვისების თაობაზე წინააღმდეგობა აღარ არსებობს, რუსული ბიზნესი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.