სოზარ სუბარის მიერ ინიცირებული „ახალი ქართული იდეის“ მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ დიდია. სუბარის იდეა გახმაურდა მას შემდეგ, რაც მეცნიერთა ერთი ჯგუფი თავად ფიქრობდა ახალ ქართულ კოლაიდერზე. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ერთ–ერთია მთავარი ფიგურაა, რომელიც მეცნიერებთან ერთად ფიქრობს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის გზებზე. რამდენიმე კვირის წინ, ამ ორი ახალი იდეის განხილვა ერთ დარბაზში შედგა, რომელსაც პირობითად, მოთელვითი შეხვედრა შეიძლება ვუწოდოთ.
თუმცა, კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია შეხვედრაზე თავმოყრილმა ჭრელმა საზოგადოებამ, რომელთა შორის პოლიტიკური სახეები სჭარბობდნენ. რა პარალელები არსებობს მეცნიერულ ხედვებსა და პოლიტიკურ ხედვებს შორის, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკის და მეცნიერების საერთო ძალისხმევით ახალი პროექტი დაიდოს და პოლიტიკოსების მხრიდან ემსახურებოდა თუ არა ეს შეხვედრა პიარს, რა რესურსი არსებობს ოპოზიციაში, თუნდაც ახალი პროექტის დახმარებით მოახერხოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და როგორ გადღაბნა ქართული პოლიტიკა მსოფლიო პოლიტიკამ.
ყველა ამ საკითხზე პრესა.გე ზაზა შათირიშვილს ესაუბრა. თუმცა, ინტერვიუ იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტეთ არ შეგვეკვეცა და ორ ნაწილად გაგვეყო. პირველ ნაწილში, სწორედ ახალ ქართულ იდეაზე ვისაუბრებთ, ხოლო ინტერვიუს მეორე ნაწილში, რომელსაც მომდევნო გამოცემაში გამოვაქვეყნებთ, ზაზა შათირიშვილის პოლიტიკურ ანალიზს შემოგთავაზებთ.
„ახალი ქართული იდეაზე“ სასაუბროდ შეკრებილ პოლიტიკოსების გვერდით თქვენი და რამდენიმე ადამიანის გამოჩენამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. სად დაიბადა ეს იდეა, პოლიტიკურ წრეებში, თუ მეცნიერებში?
–ყველაფრის ჩავარდის შემდეგ, იდეა, რა შეიძლება მომავალში საქართველოსთვის იყოს გამწევი ძალა, დიდი ხანია თავში მიტრიალებს და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ფუნდამენტური მეცნიერებები – ფიზიკა და მათემატიკა.
რაც შეეხება პოლიტიკოსებთან შეხვედრას, ეს თამუნა ჩიქოვანთან გადაცემაში მისვლის შემდეგ შედგა. გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრე და ამის შემდეგ, სოზარ სუბარი შემეხმიანა, რომელმაც მითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნებას აპირებდა, მითხრა, რომ მის ხედვასა და ჩემს იდეასთან რაღაც პარალელები იყო და მთხოვა მისი ტექსტისთვის გადამეხედა. იქვე მითხრა, რომ ინტელექტუალებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდნენ და მთხოვა, შეხვედრაზე იქნებ, რამდენიმე მეცნიერიც მიმეყვანა.
იმ მეცნიერებს არ ეცალათ და ისინი შეხვედრაზე ვერ წამოვიდნენ, მაგრამ, როდესაც შეკრებაზე მივედი, იქ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური სახეებიც დამხვდნენ. რომ ვთქვა, ამ იდეის უკან სხვა რამე დგას, ამის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, დგას კიდეც, მაგრამ მთავარი სხვა რამაა, დღეს იდეები არ არის და ხალხში ამის მოთხოვნილება ტრიალებს. პრინციპში, მსგავსი იდეა ბევრს მოსდის თავში და მეც ვიცი, რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მსგავს რამეებზე ფიქრობს, მაგრამ მეორე მომენტია, რომ სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და მსგავსი სახეები ამისგან რაღაც მოლოდინებს ქმნიან, ეს კი არ ვიცი რამდენად კარგია.
იმ შეხვედრას აშკარად პოლიტიკური ელფერი დაკრავდა, ბოლოსდაბოლოს, იპოვა ოპოზიციამ იდეა, თუ პოლიტიკოსები ჩაეჭიდნენ რაღაც იდეას, მაგრამ ჯერ თავადაც არ იციან რას?
–ეს ბუნებრივია, ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობს, მითუმეტეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ხელისუფლებას აქვს რაიმე იდეა. ანუ, არც იქეთ არის იდეები და არც აქეთ და ყველა რაღაცას ეჭიდება. ავიღოთ სოზარის ტექსტი – მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, განათლება, ეროვნულობა და ა.შ. რაღაც ცენტრისტული ხედვაა, მაგრამ მეორეა რამდენად აქვს ოპოზიციას რაიმეს შეცვლის რესურსი? მხოლოდ იდეა არ მუშაობს.
იქ შეკრებილი საზოგადოება საკმაოდ ჭრელი იყო, ამიტომ, ამ ადამიანების ინტერესები ერთ ჭრილში რამდენად შეიძლება განვიხილოთ და როგორ შეიძლება მეცნიერების ხედვის მიბმა პოლიტიკაზე?
–ყველას აქვს საკუთარი ინტერესი და ეს ყოველთვის ასე იქნება. ყველა ხვდება, რომ ხვალ ხელში ძალაუფლება არ ჩაუვარდება. არ მგონია ამ პროცესს სწრაფად მოყვეს გაგრძელება. თავად სოზარმაც თქვა, რომ ეს იქნება პროცესი, იქნება შეხვედრები, დისკუსიები. დისკუსიები მნიშვნელოვანია, მაგრამ თბილისის გარკვეულ ნაწილში ამ კონგლომერატის მიმართ, იგივე გაჩეჩილაძის და თავად სუბარის მიმართაც არის საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი.
სოზარის მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, არის დიდი ეჭვი, რამდენად არის იგი პოლიტიკური ფიგურა, რამდენად შეძლებს თავისი მორალური კაპიტალის პოლიტიკაში გადატანას და რამდენად ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ მოთამაშედ? ეს, ჯერ კიდევ საჩვენებელი აქვს სოზარს.
ეს ეჭვები ალბათ, მხოლოდ სოზარ სუბარის მიმართ არ არსებობს და იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი ალასანიას ფაქტორზე...
–მიშამ გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ჩანდა თავიდანვე, თამაშის იმ წესებიდან გამომდინარე, რაც ჩამოყალიბდა. მე უკვე, დეკემბრიდან ეჭვი არ მეპარებოდა, რომ „ალიანსი“ 18–20%–ს მიიღებდა. მართალი გითხრათ, რაღაც მომენტში მეგონა 15%–ზე მეტს ვერ მიიღებდნენ. გამოკვლევებიც ამაზე მეტყველებდა. მოკლედ, ოპოზიციაშიც ამ ეტაპზე, რაღაც რესურსი ამოიწურა, ისევე, როგორც ხელისუფლებაში. თუმცა ხელისუფლება დარჩა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ვინც უნდა ყოფილიყო, მაინც ის დარჩებოდა. აქ არ არის საქმე მხოლოდ მორალში და ამორალურობაში, სიკეთესა და ბოროტებაში, ჩვენთან თვითონ პოლიტიკას რაღაც დაემართა. მეჩევნება, რომ რაღაც პარადიგმამ არ გაამართლა.
ანუ, რუსეთზე აწყობილმა პოლიტიკამ განიცადა კრახი, რომელიც რეალურად გარედან იყო ნაკარნახევი და ამან თავისთავად, ქვეშ მოიყოლა ქვეყნის შიდაპოლიტიკაც?
–მე არ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ომის გამო მოხდა და ომი ცალსახად იდო ამ პოლიტიკაში, მაგრამ ომის წარმოების რაღაც პოტენცია მაინც იდო მასში. ისტორია ხომ მარტო სისტემები არ არის, ადამიანებიც არიან. მიშამ რაღაცნაირად გაამკვეთრა შევარდნაძის პოლიტიკა და ობიექტურად ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკა არის შევარდნაძის პოლიტიკის ხაზის გაგრძელება. არც შევარდნაძეს უნდოდა აზიაში და რუსეთში. გვახსოვს ხომ, თურქეთის სამიტი, სადაც ნატოს იდეა ჩაისახა.
თუმცა, ამას მოყვა რუსეთის მიმართ ნეოკონების პოლიტიკა, ამ პოლიტიკის მიმართ მიშას დამოკიდებულება და იმის რწმენა, რომ რუსეთი სუსტია, გაწყდება და ა.შ. ასე არ მოხდა, ამიტომ, მოდით ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ან ხელისუფლების კრიზისი, ეს არის რაღაც განვლილი გზის, 20–წლიანი კრიზისი. ჩვენ ვერ აღმოვჩნდით ბალტიისპირეთის სიტუაციაში, ანუ ევროპის ნაწილი მაინც ვერ გავხდით.
ეს ჩიხია?
–დიახ, ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას მოდი რუსეთისკენ წავიდეთ, ვიღაცამ ირანი არჩიოს, ვიღაცამ –თურქეთი, უამრავი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩიხში ვართ.
თუმცა გამოუვალი სიტუაციაც არ არსებობს...
–იცით, შიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს წლობით, არ ვიცი, რთული სათქმელია, მაგრამ აშკარად იდეების კრიზისიც არის.
ამ დროს საზოგადოება რას აკეთებს და რა შეიძლება შესთავაზო მას, იჯდეს და მითიურ მხსნელს ელოდოს?
–აშკარად ვგრძნობ, რომ როდესაც ისეთ იდეაზე ვლაპარაკობ, როგორიცაა მეცნიერება, ქართული კოლაიდერი, ბევრში ეს ენთუზიაზმს იწვევს, იმიტომ, რომ ობიექტურად არსებობს ეს ინტელექტუალური რესურსი. საზოგადოებაც რაღაც გზას ეძებს. მეც მაქვს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ მეცნიერულ წრეებთან და ინტელექტუალებთან საუბრის შედეგად გაჩნდა. ეს არ არის პირდაპირ პოლიტიკური გზა და ეს არც ორ და სამ წელიწადში მოხდება. იმას, რაზეც მე ვსაუბრობ, 10 წელი მაინც დასჭირდება.
რა არის ეს გზა?
ქართული კოლაიდერი, რომ გამოვიყვანოთ, როგორც მეტაფორა, ეს ნიშნავს, რომ გავაკეთოთ რაღაც ფუნდამენტური პროექტები ქართველი ფიზიკოსების და მათემატიკოსების გარკვეული რესურსის გამოყენებით და ამას რაღაცა მივაბათ, ეს არის ზოგადი პოსტულატი. ფიზიკოსებს ეჩვენებათ, რომ შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ მოსაფიქრებელია რანაირად და როგორ. ის კი შეიძლება გითხრათ, რომ ამას ცალსახად პოლიტიკასთან ვერ მიაბამ. ეს არის ცდა იმისა, რომ დავიწყოთ ფიქრი ახალ მოდელზე, ახალ პარადიგმაზე, რომელიც პირდაპირ პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა თავისი პოლიტიკური იმპლიკაციები ნამდვილად აქვს, მაგრამ არა ცხადი და პირდაპირი.
დღეს საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს, იმედგაცრუებული საზოგადოება, გაკოტრებული ხელისუფლება და გაკოტრებული პოლიტიკური სპექტრი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საზოგადოება მომავალს ვერ ხედავს, მას დღეს სჭირდება ცვლილებები, თუნდაც იმიტომ, რომ შორეულ პერსპექტივაში უკეთესობის ხედვა ჩამოუყალიბდეს. დღეს არაფრის შეთავაზება არ შეიძლება საზოგადოებისთვის?
–ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა. გაგეცინებათ და პირადად მე, დღეს ეს ნაკლებად მაინტერესებს. შეიძლება ვიღაცეები სხვა სივრცეში სხვაგვარად ხედავენ პროცესებს, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაცის შეცვლა მეცნიერებთან და ინტელექტუალთა გარკვეულ წრესთან მუშაობითაა შესაძლებელი, რასაც დრო სჭირდება. ანუ, მოდი ასე ვთქვათ, უნდა შეიქმნას გარკვეული ავტონომიური წერტილი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც სახელმწიფოზე და არც პოლიტიკურ სპექტრზე, მე და ბევრ მეცნიერთა ჯგუფს აქ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი.
საზოგადოება რატომ არ იღებს ხმას და რატომ არის ჩუმად? 200 ათასი ადამიანი პროტესტის ნიშნად გამოვიდა, მაგრამ როცა ლიდერებმა მოუწოდეს, ასევე უპროტესტოდ, თავჩაქინდრულები სახლებში გაბრუნდნენ. ეს ჩვენი მაღალი პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიის მაჩვენებელია თუ გაუბედაობის?
–მოდი ნურც იმას გადავაგდებთ, რაც შარშან ხდებოდა. თუმცა, საზოგადოებას არ ვიცი ძველი პრეცენდენტები ახსოვდა და ბიშკეკი ამიტომ არ შედგა, თუ ამ სიჩუმეს სხვა მიზეზი აქვს. ერთი რამ ცხადია, როცა პოლიტიკურ კულტურაზე და დასავლურ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ... ჩვენ რომ ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით ევროკავშირშიც ვიქნებოდით და ნატოშიც. ბულგარეთი ოტობანების იმპერიის გავლენის ქვეშ იყო და ძალიან დიდი აზიური ზეგავლენა განიცადა, არ ვიცი ეს გეოგრაფიული მდგომარეობის ბრალია თუ – არა და ვერც იმას ვიტყვი, რომ ბულგარეთი და საქართველო რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ბულგარეთი ევროპის ნაწილია, ხოლო საქართველო – არა.
ანუ, გეოგრაფიის და გარემოებების მსხვერპლი ვართ?
–ზოგჯერ პატარა სახელმწიფოები მაპროვოცირებელ როლსაც თამაშობენ დიდებთან ჭიდილში. შეიძლება დიდები ისე წამოიკიდონ, რომ საბედისწერო როლიც ითამაშონ. შემდეგ, ამ დიდ ბიჭებს შეუძლიათ მოილაპარაკონ და პატარა გადააგდონ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ჩვენ ჯერ კიდევ რაღაცის ძიებაში ვართ. სადღაც გამზადებული რეცეპტები ხომ არ არის დაწერილი, შენც რაღაც ხომ უნდა გააკეთო. ეს არის რაღაც 20–წლიანი ამბის დასასრული. ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი კარგად გამოჩნდა. კი, ძალაუფლება ხელისუფლებამ შეინარჩუნა, მაგრამ, მერე რა? კიდევ ასეთი გამარჯვება და ჩვენ ქვეყანა არ გვექნება.
რაღაც ეტაპის დასასრული არჩევნებმა გამოკვეთა?
–კი ეს ჩანს. ეს გაჩეჩილძემაც თქვა და ამაში, ალასანიამაც კატალიზატორის როლი ითამაშა.
ითამაშა კარგად თუ ცუდად?
–არ ვიცი, ეს კაცი მიდის თავისი გზით, კონსტრუქციულია და შეიძლება ეს არის პოლიტიკური კულტურა, არ ვიცი, ვნახოთ.
და რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს ეს კონსტრუქციულობა?
–რთული სათქმელია, ჩვენ არ აღმოვჩნდით ბალტიისპირეთი, არა იმიტომ, რომ ის ჩვენზე მაღლა დგას. შეიძლება კავკასია მართლაც გაურკვეველი რეგიონია, არც ევროპაა და არც – აზია. რაღაცნაირად გადაჯაჭვულები ვართ სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ მათ უფრო გამოკვეთილი და რაციონალური პოლიტიკა აქვთ, ვიდრე ჩვენ.
არ მგონია სომხებს ჩვენზე ნაკლები პატრიოტიზმი ჰქონდეთ, შეიძლება გადაჭარბებულიც კი, მაგრამ პროამერიკელებიც არიან, პრორუსებიც და ამის გამო ერთმანეთს მოღალატეებს არ ეძახიან. ჩვენ რაღაც სპეციფიური მომენტი გვაქვს, რომ თქვა – რუსეთი თუ დასავლეთი რაღაცას შეგნებულად აკეთებს, კი, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მეორე მხრივ, საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ჩვენი მანევრი აღარ დაგვრჩა.
მანევრი არ იყო ირანი?
–ირანიც ხომ გათვლილი პოლიტიკის შედეგი არაა – აი, შენ თუ არ მომხედავ, რუსეთს თუ ვერ ვეხუტები, ირანს ჩავეხუტები – ასეც ხომ შეიძლება ავხსნათ? ეს რომ სხვას გაეკეთებინა, შეიძლებოდა ენერგორესურსების საბაბით ამაში დადებითი დაგვენახა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს ყველაფერი შეცდომაა.
ახალ ქართულ კოლაიდერს დავუბრუნდეთ, შეხვედრაზე მყოფ პოლიტიკოსებს, როგორც გავიგეთ, მეცნიერების დახმარების იმედი აქვთ, მაგრამ მართალი გითხრათ ამ კავშირის დანახვა ცოტა ჭირს.
–დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. მე არც ის 8 კაცი ვიცი, ვინც სამუშაო ჯგუფში დაასახელეს და არც ის ვიცი დასახელებული ვარ თუ არა.
რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ იმუშაოთ?
–მე ამგვარი ფორმის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მხოლოდ რაღაცის წერით არაფერი არ გამოდის. თუმცა, თავისთავად, ვერც იმაში ვხედავ რამე კრიმინალურს, ვინც ამ ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
თუ მე ოფიციალურად მივიღებ შემოთავაზებას, მე მივალ და ვიტყვი როგორ ვხედავ ამ ყველაფერს. მაგრამ, მე როგორც ვხედავ, დღეს ეს არ გამოვა. საერთოდ ის, რაზეც მე ვსაუბრობ იმ შემთხვევაში გამოვა, თუ მოხდება მეცნიერთა საერთო კონსესუნსი. მეცნიერებს იმიტომ გამოვყოფ, რომ მათ აქვთ ორი მთავარი რესურსი – პროფესიული და მორალური. თუ ისინი საინტერესო ხედვას დადებენ და საზოგადოებას დააჯერებენ მის განხორციელებაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს კრისტალიზაცია პოლიტიკურ სპექტრში. ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით ძალიან ნაჩქარევია.
საერთოდ, ეს „ახალი ქართული იდეა“ რამდენად შეიძლება ახალ იდეოლოგიად მივიღოთ და რამდენად შეიძლება ეს გახდეს „ნაციონალური იდეოლოგიის“ ალტერნატივა? „ნაციონალების“ დეკლარირებული იდეოლოგიაც, რამდენადაც ვიცი ამ ღირებულებებზე დგას, თუმცა, რეალურად რას აკეთებენ მეორეა.
–გეთანხმები, „ნაციონალებსაც“ აქვთ პრეტენზია, რომ ნაციონალურ იდეოლოგიაზე დგანან. თვითმყოფადობა მათაც უწერიათ და განათლებაც და პროგრესიც. საერთოდ, ყველაფრის დაწერა შიძლება, ჩვენთან ბევრი კანონი კარგია, მაგრამ რა?
გამოდის, ეს შეხვედრაც მხოლოდ პიარი იყო, რომელიც არაფერზე დგას?
–შეცდომები არის, და ამისგან არავინაა დაზღვეული. სოზარმა რაღაც ისროლა და ესეც კარგია, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არასწორია. შეიძლება პირიქით, ეს ფორმაც სწორია, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული რა მოხდება, მოვლენები როგორ განვითარდება. ის, რაც სოზარმა თქვა, უბრალოდ ხედვაა და გზებზე საუბარიც არ ყოფილა. მე კი გზების ჩემეული ხედვა მაქვს. თუ ამაში თავიდანვე პოლიტიკა ჩაერთვება, მე მგონია საქმე წააგებს. თუ მოხდება კრისტალიზაცია ანუ, ჯერ მეცნიერები, შემდეგ საზოგადოება და ამის მერე პოლიტიკოსები ჩაერთვებიან, ეს ვფიქრობ სწორი გზაა, მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მე ვარ მართალი.
მე ნაციონალური პროექტი სხვაგვარად წარმომიდგენია და მგონია, რომ იგი პირდაპირ არის მიბმული ფუნდამენტურ მეცნიერებებზე. იქ მართლაც არის რესურსი და რატომ არ შეიძლება ამან სერიოზული ფულიც მოიტანოს? სხვაგან ამ რესურს ნაკლებად ვხედავ. საერთოდ, ნორმალურ ქვეყანაში მეცნიერი ასეთ რამეებს არ აკეთებს, რადგან ის სხვა საქმითაა დაკავებული, მაგრამ მათაც მიაჩნიათ, რომ ასეთი რაღაცა საჭიროა და პრინციპში, მეც ასე მიმაჩნია. თუმცა, ჯერ, ეს მაინც საუბრების და კონსულტაციების დონეზეა.
გამოდის, ასე თუ ისე, ამ ეტაპზე ბევრი არაფერი გვაქვს თავის დასამშვიდებელი და მარტივად თუ ვიტყვით, შიგნით თუ გარეთ, თეორიულად თუ პრაქტიკულად ჩიხში ვართ.
–მე მესმის, რომ ვიღაცა ვიღაცისთვის მიუღებელია, ყველას თავის სიმართლე აქვს და მეორე მხრივ, ის არგუმენტიც მესმის, როგორ გავაკეთოთ სელექცია. მაგალითად, ნოღაიდელთან დაკავშირებით მე კითხვის ნიშანი მაქვს მისი არა პრორუსულობასთან დაკავშირებით, არამედ, მის განვლილ გზასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია განსაკუთრებით პოლიტიკოსების მიმართ და ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ პირველ ეტაპზე, პოლიტიკოსები საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ამ პროექტში.
თუმცა, მე იმასაც ვამბობ, რომ აქამდე მისასვლელად შეიძლება სხვადასხვა გზაც არსებობდეს. მე პირადად, ჩემს თავს სულ სხვაგვარად ვხედავ და ჩემი როლი სხვაგვარად წარმომიდგენია ამ სიბრტყეში. თუ ვინმეს ეს მოსწონს და მიაჩნია, რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ყველასთან შემიძლია საუბარი. ვიღაცა შესაძლოა, ამას სულ სხვაგვარად უყურებს და ფიქრობს, როგორ შეიძლება ამის გაპიარება. არ ვიცი, მოკლედ ხელების ცეცებით დავდივართ და წესიერად ჩვენც არ ვიცით რა გავაკეთოთ.
გამზადებული რეცეპტი არავის აქვს, მაგრამ თუ რაღაც პროექტი გამოვა, აქედან შეიძლება რაღაც გამოჩნდეს. ჯერ საქმე არის ჩანასახში და მის მიმართ ინტერესი გასაგებია, რადგა ჩიხში ვართ. დღეს ვართ იარლიყების მიწებებაში და ეგეც ბუნებრივია. მაინც მგონია, იმასაც მნიშვნელობა აქვს, წარსულის გამოცდილებიდან რა გამოვიტანეთ, შეიძლება ისტორიულად განვლილ გზას აქვს სერიოზული მნიშვნელობა. შეიძლება წრეზეც დავბრუნდეთ, შეიძლება რაღაც იკვეთება და ამას ვერ ვხედავთ და შეიძლება, ამ დაცემაშიც რაღაც გამოჩნდეს.