გიორგი გამცემლიძის მკვლელობიდან სამი წლისთავზე აქცია გაიმართება

გიორგი გამცემლიძის მკვლელობიდან სამი წლისთავზე აქცია გაიმართება


რუსთაველის ძეგლთან, 8 მაისს, სამ საათზე, იქ სადაც სამი წლის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძეს დამიზნებით ესროლა და მოკლა, შეიკრიბებიან გიორგის მეგობრები, ოჯახის წევრები და ის ადამიანები, ვინც ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭების დახვრეტის ფაქტს დღემდე აპროტესტებენ და მოითხოვენ დამნაშავეების სათანადოდ დასჯას.

ამ ღონისძიების ორგანიზატორია შვილმოკლული მშობლების ორგანიზაცია, ”გადაარჩინე სიცოცხლე”. ”ობიექტივი.ნეტ” შეხვდა და ესაუბრა გიორგი გამცემლიძის მამას, ჯამბულ გამცემლიძეს, რომელიც ამავდროულად, ”გადაარჩინე სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

როგორი ფორმით აღნიშნავთ გიორგის მკვლელობის სამი წლისთავს, 8 მაისს?

ჯამბულ გამცემლიძე: პირველ საათზე გიორგის საფლავზე გავალთ, პატივს მივაგებთ. იმ ორგანიზაციის თაოსნობით, რომელიც შვილმოკლულმა მამებმა შევქმენით, რუსთაველის ძეგლთან სამ საათზე, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქცია-მიტინგს ვაწყობთ. არც მოსასამძიმრებლად ვეპატიჟები ვინმეს და არც იმის სათქმელად, რომ მოდი და ჩვენი ჭირი გაიზიარე-თქო. ჩვენ გვინდა შევიკრიბოთ და პროტესტი გამოვთქვათ პოლიციური რეჟიმის, ძალადობის, ქუჩაში მკვლელობის, პატიმრების  წინააღმდეგ, რომ შეწყდეს ძალადობა, ტერორი ადამიანებზე, მკვლელობა, როგორც ციხეებში, ისე ქუჩაში. ვისაც ამგვარ აქციაში მონაწილეობის სურვილი აქვს, შემოგვიერთდება.

რა მოხდა 2008 წლის 8 მაისს?

საღამოს გიორგი სახლში იყო მოსული. ბევრი იხალისა, მთელი ეზო გაამხიარულა. მეგობარს დაურეკია - გიო რაღაც საქმე მაქვს და ეგებ გამოხივდეო. მთაწმინდიდან უკან, რომ ბრუნდებოდა, ჭონქაძის ქუჩით, ფუნიკულიორის ასასვლელთან ახლოს პატრულის მანქანა პერპენდიკულარულად იდგა. ეტყობა პატრულმა დაუძახა. ამას შეიძლება მაგნიტოფონი ჰქონდა ჩართული და ვერ გაიგონა. ან, გამორიცხული არ არის, რომ გაიგონა და არ გააჩერა.

გიორგი ცოტა დაბალი, სპორტული მანქანა ჰყავდა. ”მაკდონალდსთან”, რომ ჩამოვიდა, წინა ”ბამპერი”  ბორდიურს წაარტყა და მანქანა გააჩერა, რათა ენახა რა მოხდა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, პოლიციელმა კეფაში დამიზნებით ესროლა და მოკლა. მერე თქვა, რომ თითქოს მარცხენა ხელით გიორგის ორი ხელი შებოჭა, რა დროსაც მარჯვენა ხელიდან იარაღი გაუვარდა, რაც არის აბსურდი, ამას ბავშვიც არ დაიჯერებს.

ეს ამბავი რომელ საათზე მოხდა?

თორმეტის შემდეგ. ჩვენ ეს ამბავი მომხდარიდან დაახლოებით საათნახევარში შევიტყვეთ.

სად იყო ამ დროს გიორგი?

პროზექტურაში.

მომხდარიდან რამდენ ხანში დააკავეს ვახტან აბუაშვილი?

როდის დააკავეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი ის, რომ 2010 წლის 6 მაისს გაათავისუფლეს. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გაასამართლეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მუხლი ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ პოლიციელს მინიმუმი მისცეს. აი, ასე ორმაგი სტანდარტებით იმართება ჩვენი ქვეყანა - არასრულწლოვანს გაკაწვრისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან და ადამიანის მოკვლისთვის პოლიციელს ორი წლით უშვებენ ციხეში.

ასე ჰყავს გაფრთხილებული ვანო მერაბიშვილს თავისი ქვეშევრდომები - დამიცავით მე და მეც დაგიცავთ თქვენ! ასე იცავენ ერთმანეთს. აგერ, გირგვლიანის მკვლელები ვერ ნახეთ, გეგონებოდათ აგარაკზე იყვნენ?! მადლობა უფალს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიგრვლიანის საქმეზე ასეთი მკაცრი განჩინება გამოიტანა. ჩვენი საქმეც სტრასბურგშია წასული. ჩვენს უფლებებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

რას მოითხოვთ სტრასბურგისგან?

ჭეშმარიტების დადგენას და დამნაშავის ისე დასჯას, როგორც საჭიროა. პასუხი აუცილებლად უნდა აგონ და სათანადოდ დაისაჯნონ, როგორც ჩემი შვილის მკვლელები, ისე ზურა ვაზაგაშვილის, ამირან რობაქიძის, როინ შავაძის მკვლელები. ისე, ჩემი შვილის მკვლელს ორი წელი მაინც მისცეს და იური ვაზაგაშვილი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი. წარმოგიდგენიათ?! 

რომელმა მოსამართლემ მიუსაჯა 2 წელი პატრულ-ინსპექტორ აბუაშვილს?

არ ვიცი, არც ერთ სასამართლო სხდომას არ დავსწრებივარ, რადგან არ მინდოდა ეგ ბიჭი მენახა. არ მინდა ვიცნობდე. უფალს ვთხოვ, არსად შემხვდეს. მორწმუნე კაცი ვარ და რაღაცამ რომ გამაბოროტოს, არ მინდა.

პარლამენტის ტრიბუნიდან სააკაშვილმა, რომ განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალებს მემორიალურ დაფებს უდგამენ, დიახაც ძალიან კარგია, რომ ეს ხალხი მოკლესო, პარლამენტარები და მთავრობის წევრები წამოუდგნენ და ტაში დაუკრეს. ჩვენი შვილების კრიმინალობის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც დაგვიდონ მაგიდაზე?!

ასეთი ფაქტი, რომ იყოს, აქამდე, ალბათ ათასჯერ დადებდნენ მაგიდაზე.

იური ვაზაგაშვილის შვილი ხომ დახვრიტეს და მერე თქვეს დასაყაჩაღებლად მიდიოდაო?! დღემდე ცნობილი არ არის სად, ვის ”დასაყაჩაღებლად” მიდიოდნენ. იური დღემდე ამბობს მაჩვენეთ სად, ვის დაყაჩაღებას აპირებდნენო, მაგრამ ასეთი ადამიანი არ არსებობს და ვინ უნდა აჩვენონ?!

გიორგიზე გვიამბეთ - როგორ ცხოვრობდა, სად მუშაობდა... 

გიორგიმ 126-ე სკოლა დაამთავრა. შემდეგ სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მეოთხე კურსიდან სწავლა ამერიკაში გააგრძელა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. ბოლო პერიოდში მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. დარჩა მეუღლე და სამი შვილი. უფროსი 13 წლის არის, შუათანა ათის და პატარა წელს მიდის სკოლაში.

ახლახანს საბერძნეთიდან ჩვენი ოჯახის ახლობელმა, თამარ გორგაძემ ერთკუპლეტიანი ლექსი გამომიგზავნა:

ჰოდა, თუ გახსოვარ,

ჰოდა, თუ გჭირდები,

მე ხვალ მზედ ამოვალ ღრუბელთა კალთიდან,

ახედე ზეცას და მომეცი უფლება,

წავშალო წუხილი საყვარელ სახიდან...

ამ ლექსის წარმომავლობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ თითქოს გიორგის დაწერილია...

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. გაბრაზებული და უხასიათოდ არავის უნახავს. სიცოცხლით სავსე და სიცოცხლეზე შეყვარებული, გემრიელი, მარილიანი ბიჭი იყო. ჩემს უფროსი ვაჟი ძალიან წყნარი და მშვიდია. მათთვის ხუმრობით ბევრჯერ მითქვამს - ერთმანეთს ისე ავსებთ, ორივესგან ერთი კარგი კაცი გამოვიდოდა-მეთქი.

სად არის გიორგი დაკრძალული?

საბურთალოს სასაფლაოზე, გაზდელიანმა, რომ ეკლესია ააშენა, აი, იქვე ახლოს. ეგღა დამრჩა - სასაფლაო, რომელზეც ყოველ დღე დავდივარ, ხან დღეში ორჯერ-სამჯერ მივდივარ, ასე მგონია შვილი მეძახის და რომ არ მივიდე, არ შემიძლია. მივალ, ქვაზე ხელს გადავუსვამ და წამოვალ.

რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას ხმა მომესმა, მამაო. ჯამბულიი, - ასე იძახდა ხოლმე. ოთხის ნახევარზე ავდექი და წავედი მის საფლავზე. ძალიან მძიმეა, ყველაფერი მტკივა, ეკლები მაქვს ახლა. სისხლი ამტკივდა შიგნით, ცუდად ვარ, ძნელია, არავის ვუსურვებ მოესწროს შვილის უბედურებას.