დიდი დიზაინერი და ბიზნეს-ლედი ლიზ კლაიბორნი

დიდი დიზაინერი და ბიზნეს-ლედი ლიზ კლაიბორნი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ლიზ კლაიბორნი მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი გახლდათ. მან თავისი ნიჭისა და საოცარი მიზანსწრაფულობის წყალობით მსოფლიო მოდის ტენდენციების შეცვლა შეძლო და ტანსაცმლის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია შექმნა.

არშემდგარი მხატვარი და წარმატებული დიზაინერი

ელიზაბეთ კლაიბორნი დაიბადა ბრიუსელში 1929 წლის 31 მარტს ამერიკელი ემიგრანტის ოჯახში. გოგონა ათი წლის იყო, როცა მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს უკან, მშობლიურ ახალ ორლეანში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ნაცისტების შეჭრის ეშინოდათ. დედა ადრეული ბავშვობიდან კერვას ასწავლიდა და ტანსაცმელთან დაკავშირებით მისი მკაცრი მოსაზრებები გოგონას მეხსიერებაში მყარად ჩაიბეჭდა. დედა გამუდმებით ასწავლიდა როდის რა უნდა ჩაეცვა. ეს ინსტრუქციები ხელოვნებასა და ესთეტიკასთან დაკავშირებულ მამის შეგონებებს ერწყმოდა და ტანსაცმლის მხატვრული დიზაინის საფუძველს ქმნიდა.

ძველმოდურად მოაზროვნე მამამ თავდაპირველად ლიზი კათოლიკურ სკოლაში შეიყვანა, შემდეგ კი იგი არ დაამთავრებინა და ევროპულ სამხატვრო სკოლაში გადაიყვანა. ასე რომ, ლიზი 1949 წელს ბრიუსელის, შემდეგ წელს კი ნიცის სამხატვრო სკოლებში სწავლობდა. თუმცა, გოგონა ადრევე მიხვდა, რომ დიდი მხატვარი ვერასოდეს გახდებოდა. საღამოობით იგი კერვის კურსებზე დადიოდა, არდადეგებზე კი დიზაინერთა კონკურსებში მონაწილეობდა და ხშირად

იმარჯვებდა.

ერთ-ერთი ამგვარი წარმატება დიზაინის ნაციონალურ კონკურსში პირველობა გახლდათ. ლიზმა გადაწყვიტა ეს გამარჯვება მსოფლიო მოდის სამყაროში შესაბიჯებლად გამოეყენებინა, მამას, რომელიც კვლავ მხატვრად გახდომისაკენ მოუწოდებდა, ეჩხუბა და ნიუ იორკს მიაშურა. მან ბინა დროებით დეიდასთან დაიდო და სამუშაოს ძებნა დაიწყო. დიდ ხანს ლოდინი არ დასჭირვებია, განთქმულმა დიზაინერმა თინა ლესერმა, რომელსაც ხატვა არ ეხერხებოდა და ლიზის ევროპული სამხატვრო განათლება ძალიან მოეწონა, იგი თანაშემწედ აიყვანა. თავის მხრივ, კლაიბორნმა ლესერთან ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

1950 წელს 21 წლის ლიზი გამომცემლობა Time-Life Books-ის დიზაინერ ბენ შულცზე დაქორწინდა. 1952 წელს მას ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე შეეძინა, მაგრამ კლაიბორნი იმ პერიოდის მომუშავე დედათა მცირე რიცვში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ იმ, კაბების ეპოქაში ლიზი უპირატესობას შარვლებს ანიჭებდა.

მალე კლაიბორნი დიზაინერ ბენ რიგთან გადავიდა, შემდეგ ომარ კიამის თანაშემწე იყო. მოგვიანებით ჯერ Junior Rite Company-ში, შემდეგ კი Rhea Mann Factoring-ში, მილოუკიში მუშაობდა. სწორედ ამ უკანასკნელში გაიცნო არტურ ორტენბერგი, რომელიც 1957 წელს მისი მეორე ქმარი გახდა. ამ პერიოდში ისინი ნიუ იორკში გადასახლდნენ.

 კლაიბორნის დიდი წარმატება ჯონათან ლოგანის ფირმის ახალგაზრდული განყოფილების მთავარ დიზაინერად დანიშვნა იყო. ამ თანამდებობაზე იგი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხშირად თავისი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებდა და საკუთარი ფირმის გახსნაზე სულ უფრო მეტს ფიქრობდა. საბოლოოდ, ლოგანის ფირიდან იგი 1975 წელს წამოვიდა.

დიდების ზენიტში

ქალის ელეგანტურ, სპორტულ, პრაქტიკულ სტილზე კლაიბორნის შეხედულებების განხორციელება შესაძლებელი 1976 წლიდან გახდა, როცა მან და არტურმა მეგობრებთან ერთად 250 ათასი დოლარის ოდენობის საწყისი კაპიტალი მოაგროვეს და Liz Claiborne Inc დააარსეს. კლაიბორნის ესკიზის მიხედვით შექმნილმა ტანსაცმელმა დიდი მოწონება მოიპოვა, ხოლო 1978 წლის კოლექციამ სულაც ფურორი მოახდინა. ამ დროისათვის კომპანიის გაყიდვების მოცულობამ 23

მილიონ დოლარს მიაღწია.

წარმატების მიზეზი გახლდათ ლიზის ინტუიცია და იმ პერიოდის ქალების სურვილების ამოცნობა. ამასთან, იგი აქცენტს ძირითადად ფართო მასებზე აკეთებდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სწრაფი ზრდისათვის საჭირო კაპიტალი კომპანიას არ გააჩნდა. ამგვარი სიძნელეები 1980 წლამდე გაგრძელდა, როცა კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. აქციების ბირჟაზე გატანის შემდეგ ფირმა წელში გაიმართა, ზრდა დაუბრკოლებლად გააგრძელა და 1986 წლისათვის შემოსავალმა უკვე მილიარდ დოლარს მიაღწია.

კლაიბორნი და მისი ქმარი ბიზნესის გაფართოვების საკითხს პრაგმატულად ეკიდებოდნენ. მათ უარი თქვეს მანუფაქტურული ფაბრიკების ფლობაზე. ლიზი ქმნიდა მოდელებს, რომლებიც შემდგომში ისეთ ნაკლებადათვისებულ ადგილებში იკერებოდა, როგორებიც გახლდათ ჩინეთი, ინდოეთი, ტაივანი, ჰონკონგი, კორეა და ფილიპინები. ამგვარად, თვითღირებულების შემცირება მოხერხდა.

სწორი ბიზნეს-სტრატეგიის წყალობით Liz Claiborne 80-იანი წლების ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიათა შორის ყველაზე სწრაფადმზარდი და მაღალშემოსავლიანი გახდა. 1985 წლიდან ფირმამ მამაკაცის ტანსაცმლის გამოშვებაც დაიწყო. კლაიბორნმა ტრადიცია დაარღვია და ახალი კოლექციის წარდგენას წელიწადში ექვსჯერ ახდენდა და არა ოთხჯერ, როგორც მიღებული იყო. გამუდმებით ტარდებოდა მომხმარებელთა გამოკითხვა და ფირმა ერთგვარი სერვისული პრინციპის გამოყენებით მუშაობდა.

თავისი მიზნის, ეგზომ დიდი წარმატების მიღწევის შემდეგაც კლაიბორნი წინსვლისა და გაფართოვებისაკენ ისწრაფვოდა. ამასთან, იგი ყოველთვის ერთხელ არჩეული კურსის ერთგული რჩებოდა. შედეგად, 90-იანი წლების დასაწყისში განთქმულმა ჟურნალმა Fortune-მა Liz Claiborne Inc მსოფლიოს 500 უმსხვილეს კომპანიათა შორის დაასახელა. ეს დიდების ზენიტი იყო, რომელსაც კლაიბორნმა სულ რაღაც 15 წელში მიაღწია.

ამავე პერიოდში ლიზმა და არტურმა, რომელთა პირადმა კაპიტალმა 2,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, კომპანიის მართვა მიატოვეს და რანჩოზე დასახლდნენ, თუმცა კი ფირმის აქციათა უმსხვილესი პაკეტი შეინარჩუნეს. Liz Claiborne Inc კი მსოფლიოში ტანსაცმლის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გახდა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მდებარე ქარხნებში აწარმოებს. თავად დიდი ბიზნეს-ლედი კი 2007 წელს, 78 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.