[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
სინგაპური პატარა, მაგრამ აზიის ერთ-ერთი ძლიერ განვითარებული, მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახლავთ. იგი სულ უფრო მაღალი ტემპით ვითარდება და სინგაპურში კაპიტალდაბანდება მეტად წარმატებული ბიზნეს-სვლა გახლავთ.
მომგებიანი გადაწყვეტილება
სინგაპურის რესპუბლიკას სამხრეთ აღმოსავლნთ აზიაში, სინგაპურისავე კუნძულზე მდებარეობს, რომლის ფართობი 648 კმ გახლავთ. მას მალაიზიის ნახევარკუნძულისაგან ჯოჰორის, სუმარტის კუნძულისაგან კი სინგაპურის სრუტე ყოფს. მისი სანაპირო ზოლი 193 კმ-ს შეადგენს.
ქვეყნის მოსახლეობა 4,85 მილიონ ადამიანს აღწევს, რომელთა უდიდესი ნაწილი - 4,2 მილიონი მის სამხრეთ ნაწილში, დედაქალაქ სინგაპურშია თავმოყრილი. სწორედ იგი გახლავთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი პორტი, სატრანსპორტო კვანძი და სავაჭრო-საქმიანი ცენტრი. ქვეყნის კანონმდებლობა ინგლისურ ტრადიციებზე გახლავთ დაფუძნებული, რაც ბიზნეს-გარემოს ლიბერალიზმს და მიმზიდველობას მატებს.
სავაჭრო და სატრანსპორტო ბიზნესის გარდა სინგაპურში უმაღლეს დონეზეა განვითარებული საბანკო საქმე და ინფრასტრუქტურა. სინგაპურში მოქმედებს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი საფონდო ბირჟა. ამასთან, ქვეყანაში მაღალ დონეზეა აყვანილი ელექტრონული ხელსაწყოების წარმოება, გემთ და ჩარხმშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურის შიდა პროდუქტის მოცულობა ბოლო პერიოდში ყოველწლიურად 8-9 პროცენტით იზრდება. თავისთავად ცხადია, ეს უძრავ ქონებაზე ფასის წელიწადში დაახლოებით 7-8 პროცენტით ზრდას განაპირობებს. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ამგვარი ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, ხოლო, თუ ზოგადად აზიურ ეკონომიკურ ბუმს გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება. ასე რომ, ამ პაწაწინა სახელმწიფოში კაპიტალდაბანდება უდავოდ მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.
ძვირი სიამოვნება
სინგაპურული კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივი უძრავი ქონების უცხოელების მიერ შეძენა გარკვეულწილად შეზღუდულია. ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირს დედაქალაქში თავისუფლად მხოლოდ მრავალ, არანაკლებ ექვსსართულიან შენობებში შეუძლიათ საცხოვრებელი ფართი იყიდონ. აკრძალვა არ ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთ, ნაკლებადდასახლებულ რეგიონებზე.
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსპექტიული და საინტერესო მხოლოდ სწორედ დედაქალაქური უძრავი ქონებაა, თუ მრავალსართულიან ნაგებობაში უძრავი ქონების შეძენა არ გსურთ, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს უნდა მიმართოთ და პასუხს დაელოდოთ. თუმცა, როგორც უკანასკნელი პერიოდის სტატისტიკა მეტყველებს, ნებართვას 4-დან მხოლოდ 1 უცხოელი იღებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ მეგაპოლისის პრესტიჟულ უბნებში მდებარე მრავალსართულიან შენობებში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 1500-1700 დოლარის ფარგლებში დაგიჯდებათ. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ და სანუკვარი ნებართვა მიიღეთ, უფრო დაბალ, შედარებით ადრე აშენებულ შენობებში კიდევ მეტის, დაახლოებით, 1800-2000 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ხოლო თუ თანახმა ხართ ფართი ნაკლებად პრესტიჟულ უბანში იყიდოთ, მაშინ 1000-1300 დოლარიც საკმარისი იქნება.
თუ სურვილი გაქვთ, რომ სინგაპურში, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად მშვენიერი ტროპიკული კლიმატითაც გამოირჩევა, კეთილმოწყობილი ვილა შეიძინოთ, იურიდიულ პირად დარეგისტრირება, რისთვისაც 50 ათასი დოლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალი უნდა გქონდეთ, და შემდეგ ნებართვის ლოდინი დაგჭირდებათ. საქმე იმაშია, რომ სინგაპურში მიწის უცხოელზე მიყიდვა კიდევ უფრო რთული საქმე გახლავთ. თუ ამგვარ ნებართვას ხელს გამოკრავთ, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვა მოგიწევთ, რადგან სინგაპურული ვილა ერთობ ძვირი სიამოვნებაა.
სასურველი ქონების შეძენისას სახელმწიფოს მისი ღირებულების 12 პროცენტი, ხოლო საშუამავლო და იურიდიულ ფირმას 3-5 პროცენტი უნდა გადაუხადოთ. მიღებული მოგების 18 პროცენტით დაიბეგრებით საკუთრების იჯარით გაცემის, ან სარფიანად გასხვისების შემთხვევაში, ხოლო მემკვიდრეობით გადაცემა და ან ჩუქება ქონების ღირებულების 10 პროცენტი დაგიჯდებათ.
ასეა, საკმაოდ ძვირი სინგაპურული უძრავი ქონება საკმაოდ მაღალი ტარიფებით იბეგრება. სამაგიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ერთობ პრესტიჟული და პერსპექტიულია.