კოლხეთის ეროვნულ პარკს განადგურება ემუქრება

კოლხეთის ეროვნულ პარკს განადგურება ემუქრება

ახლახანს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ტიერი მარიანთან ერთად, ფოთში ახალი სარადარო სისტემა გახსნა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გახსნა საფუძველს უყრის ფოთის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც მარტივად დააკავშირებს ბათუმს, ანაკლიასა და მესტიას მთელს მსოფლიოსთან, რაც, თავის მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება. 

ინფორმაცია ფოთში ძალიან დიდი აეროპორტის მშენებლობის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ პირველად ქვეყნის პრეზიდენტისგან შეიტყო და მას შემდეგ ამის შესახებ ისევ ის გვაწვდის ხოლმე ინფორმაციას, რადგან სხვა სახელმწიფო სტრუქტურები მიმდინარე მშენებლობის შესახებ ან საქმის კურსში არ არიან, ან ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ.

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, რაც მშენებარე აეროპორტის შესახებ არსებობს, კავკასიაში უდიდესი აეროპორტი კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აშენდება, რასაც, სავარაუდოა პარკისთვის სტატუსის ჩამორთმევა მოჰყვეს. ადგილობრივი ორგანიზაციის "არგომედიის" თავმჯდომარის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, პარკისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ ჯერ-ჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ის, რომ "კოლხეთის ეროვნული პარკის" ტერიტორიაზე დიდი აეროპორტი უნდა აშენდეს, თავისთავად არ არის ნორმალური.

"ნებისმიერ შემთხვევაში კავკასიაში, ზოგიერთი ინფორმაციით კი წინა აზიაში, უდიდესი აეროპორტის მშენებლობა, კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. გარდა პრეზიდენტის გამოსვლებისა, რაიმე დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია არც ამის შესახებ არსებობს. რამდენჯერმე გამოვითხოვეთ პროექტი ეკონომიკის სამინისტროდან, მაგრამ იქ ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ სალოკაციო სადგურის პროექტი აქვთ, მთლიანად აეროპორტის პროექტი კი, ჩანს, ჯერ-ჯერობით არც არსებობს". 

გარდა იმისა, რომ აეროპორტის მშენებლობა კოლხეთის ეროვნული პარკისთვისაა დიდი საფრთხის შემცველი, იგი თავად ფოთის მოსახლეობასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან მშენებარე აეროპორტი დასახლებული პუნქტიდან 300-500, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც ქალაქს ხმაურით დაბინძურება ემუქრება. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები, უბრალოდ, ვერ დაიძინებენ, რადგან შეუძლებელია, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ბოინგებისა და აერობუსების ფრენის პარალელურად, ვინმემ ძილი შეძლოს, მით უმეტეს, რომ ამას არანაირი ხმაურის იზოლაცია არ უშველის.

"თვითონ ფოთის, როგორც ქალაქის, არსებობაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს, რადგან არ შეიძლება ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრის რადიუსში არსებობდეს წინა აზიაში უდიდესი აეროპორტი, როგორც მას მოიხსენიებენ. მე ბევრ აეროპორტში ვარ ნამყოფი და არცერთი მათგანი არ მახსენდება, რომ ქალაქიდან 15 კილომეტრზე ნაკლები მანძილით იყოს დაშორებული, აქ კი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრზეა საუბარი”, - აცხადებს ირაკლი აბსანძე.

თავისთავად აეროპორტის მიზანშეწონილობა ამ ადგილას ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, გადამფრენი ფრინველების პრობლემასაც უკავშირდება. კოლხეთის ეროვნული პარკი ყველაზე მეტად იმით არის უნიკალური, რომ იქ გადის აფრიკა-ევრაზიის გადამფრენი ფრინველების მარშრუტი, კოლხეთის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი დასასვენებელი პუნქტი ამ ფრინველებისთვის.

ეს გამოიწვევს იმას, რომ კოლხეთის პარკის ძალიან მნიშვნელოვანი, უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა შემორჩენილი, აღარ გვექნება. აბსანძის თქმით, ფრენის უსაფრთხოებაც ძალიან რთულად იქნება დასაცავი, რადგან უამრავი ფრინველით მდიდარ მიდამოებში შეუძლებელია ფრენის სრული უსაფრთხოების დაცვა. მცირე ფრინველსაც კი შეუძლია ძალიან დიდი ბოინგი ააფეთქოს, თუ მოტორში შეფრინდება, ასეთი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა. საგანგებოდ არჩევენ ხოლმე აეროპორტებისთვის ფრინველებით ნაკლებად დატვირთულ ადგილებს. მითუმეტეს, რომ ამ ტერიტორიიდან 5-10 წუთის საფრენ მანძილზე არსებობს ბათუმის, კოპიტნარისა და სენაკის აეროპორტები.

როდესაც ასეთი მნიშვნელობის ობიექტი შენდება, მითუმეტეს ასეთი მასშტაბის, ყველა, უმცირესი, ფაქტორიც კი უნდა იქნას გათვალისწინებული, ფოთის აეროპორტის შემთხვევაში კი ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი იჩენს თავს. მშენებარე აეროპორტი გაანადგურებს იმ დიდ სიმდიდრეს, რასაც კოლხეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს და რის გამოც იგი საერთაშორისო კონვენციითაა დაცული, მეორე, ის, რომ ეს ტერიტორია თავად ფრენებისთვისაც საფრთხის შემცველია, ფოთისა და ფოთელების პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მათთვის საკითხი ფაქტობრივად ასე დგას - ან ქალაქი უნდა არსებობდეს ან აეროპორტი, ან აეროპორტი, ან ეროვნული პარკი.