[ეკა ბაქრაძე]
ქართველ მომხმარებელს იაპონური ავტომობილებისადმი ნდობა სწრაფად უბრუნდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. ეს განცხადება სამინისტრომ ავტობაზრობის შემოწმების შემდეგ გაავრცელა.
ავტობაზრობაზე რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებზე უახლესი დეტექტორებით რადიაციული ფონი შეამოწმეს. სპეციალისტების განმარტებით, გაიზომა ჰაერის დაბინძურების დონე, გამაგამოსხივება და რადიაციული ფონი, რომელიც ნორმის ფარგლებშია და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო რეგიონის ცენტრია, საიდანაც შუა აზია ავტომანქანებით მარაგდება. საექსპორტო მანქანების ძირითადი ნაწილი სწორედ იაპონიიდან შემოდის, რის გამოც საქართველოში გამკაცრებულია ამ ქვეყნიდან შემოსული ტვირთის რადიაციული კონტროლი.
იაპონიაში მიწისძვრისგან გამოწვეული საავტომობილო კრიზისის მიუხედავად ქართულ ბაზარზე იაპონური ავტონაწილების დეფიციტი არ არსებობს. კომპანია „იოკოჰამას“ მენეჯერი აცხადებს, რომ იაპონიიდან იმპორტი სტაბილურია. მისი ინფორმაციით, პროდუქტზე ფასი უცვლელია და „იოკოჰამაში“ საბურავების ფასები 130-დან 720 ლარამდე მერყეობს. იაპონური ავტონაწილების კიდევ ერთ იმპორტიორ „მათე მოტორსში“ ადასტურებენ, რომ იაპონიიდან ავტონაწილების მოწოდება უცვლელია და საქართველოში ავტონაწილების ბაზარს ამ მხრივ დეფიციტი არ ემუქრება.
იაპონური ავტონაწილები იმითაა გამორჩეული, რომ სხვა ანალოგებთან შედარებით გამძლე და ნაკლებად ცვეთადია. იაპონური ავტომობილების პლუსი კი შედარებით ხელმისაწვდომი ფასი და დაბალი ხარჯაინობაა. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო წლებში ყველაფერი იაპონური, რაც კი მანქანათმშენებლობას უკავშირდება, საქართველოში პოპულარულია.
„ფუკუსიმა 1-ზე“ მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ჩვენთან თითქმის არ შცვლილა დამოკიდებულება იაპონური მანქანების მიმართ. თუკი რამ ცვლილება შეინიშნება, ეს გამოწვეულია საწვავის მუდმივი გაძვირებით და, შესაბამისად, ეკონომიური ავტომობილებისადმი მზარდი მოთხოვნით.
მარლთაც, ბოლო პერიოდში მანქანების რეალიზაცია შემცირდა და ასევე შეიცვალა მყიდვეების მიდგომაც. ამჯერად კლიენტებს ჯიპებზე მეტად ეკონომიური და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილები აინტერესებთ.
ავტომობილების იმპორტიორის გიორგი შველიძის ინფორმაციით, საწვავის გაძვირებამ და იაპონიის მოვლენებმაც, ბაზარზე საერთო სურათი შეცვალა.
„რეალიზაცია შემცირდა, თუმცა ფასებიც გაიზარდა. ასევე შეიცვალა კლიენტების მოთხოვნა. ამჯერად, ჯიპების ნაცვლად უმეტესობა ეკონომიურ მანქანებს გვიკვეთავს. დღითი დღე იზრდება ინტერესი ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე“, - ამბობს გიორგი შველიძე.
მისი თქმით, ჰიბრიდულძრავიან, დაბალფასიანი ავტომობილების შემოყვანაზე უკვე შეკვეთები აქვს. შველიძის ინფორმაციით, 2003-04 წელს გამოშვებული ჰიბრიდულძრავიანი „ჰონდა სივიკის“ ან „ტოიოტა პრიუსის“ ჩამოყვანა 7-8 ათასი დოლარი ჯდება.
„ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. მოთხვნა მიწოდებას ბევრად აჭარბებს. შესაბამისად, ჰიბრიდებზე ფასიც მატულობს. ეს ავტომობილები კარგად არის აპრობირებული ამერიკასა და იაპონიაში, სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს ევროპაში. როგორც უკვე გითხარით, ინტერესი მზარდია საქართველოშიც“, - ამბობს შველიძე.