[რეზონანსი]
საავტომობილო კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი ირწმუნება, რომ საწვავის გაძვირებას ავტომობილების რეალიზაციაზე გავლენა არ მოუხდენია. მეორადი ავტომობილების რეალიზატორების განცხადებით კი, რეალიზაცია შემცირდა, ასევე შეიცვალა მოთხოვნა, ამჯერად კლიენტებს ჯიპებზე მეტად ეკონომიური და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილები აინტერესებთ.
ავტომობილების იმპორტიორის გიორგი შველიძის ინფორმაციით, ავტომობილებზე მოთხოვნა ცოტათი შემცირდა. ამის მიზეზი, საწვავის გაძვირებაცაა და იაპონიის ცნობილი მოვლენებიც. საერთოდ კი, ბოლო ხანებში ავტომობილების ღირებულება მცირედით გაზრდილია.
“რეალიზაცია შემცირდა, თუმცა ფასებიც გაიზარდა. ასევე შეიცვალა კლიენტების მოთხოვნა. ამჯერად, ჯიპების ნაცვლად უმეტესობა ეკონომიურ მანქანებს გვიკვეთავს. დღითი დღე იზრდება ინტერესი ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე”, - ამბობს გიორგი შველიძე.
მისი თქმით, ჰიბრიდულძრავიან, დაბალფასიანი ავტომობილების შემოყვანაზე უკვე შეკვეთები აქვს. შველიძის ინფორმაციით, 2003-04 წელს გამოშვებული ჰიბრიდულძრავიანი “ჰონდა სივიკის” ან ”ტოიოტა პრიუსის” ჩამოყვანა 7-8 ათასი დოლარი ჯდება.
“ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. მოთხვნა მიწოდებას ბევრად აჭარბებს. შესაბამისად, ჰიბრიდებზე ფასიც მატულობს. ეს ავტომობილები კარგად არის აპრობირებული ამერიკასა და იაპონიაში, სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს ევროპაში. როგორც უკვე გითხარით, ინტერესი მზარდია საქართველოშიც”, - ამბობს შველიძე.
კიდევ ერთი იმპორტიორის სანდრო კაპანაძის განცხადებით, რეალიზაცია იმდენად არ შემცირებულა, რამდენადაც კლიენტების მოთხოვნა შეიცვალა. მისი თქმით, ავტომობილის შეკვეთისას მომხმარებელი აქცენტს დაბალლიტრაჟიან, ეკონომიურ ავტომობილებზე აკეთებს.
“მოთხოვნა შემცირდა ჯიპებზე. საწვავის გაძვირების გამოკლიენტები ეკონომიკურ ავტომობილებს გვიკვეთავენ, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ავტომობილებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რასაც ჯიპებზე ვერ ვიტყვით”, - ამბობს სანდრო კაპანაძე.
“იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის დავით გოგორიშვილის განცხადებით კი, საწვავის გაძვირებას ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი არ შეუმცირებია.
“საწვავის გაძვირებას ავტომობილების რეალიზაციაზე არ უმოქმედია. გაყიდვების მაჩვენებელი არ შეცვლილა, თუმცა დიზელის ძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა”, - ამბობს “იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.
რაც შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს, მისი თქმით, საქართველოს ბაზარი ჯერ ამ ავტომობილებისთვის მზად არ არის.
“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ელექტროძრავიანი ავტომობილების შემოყვანას ვაპირებთ. თუმცა, 5 წელი მაინც არის საჭირო, რათა საქართველოს მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს და ელექტრომობილებით მთელი საქართველო მოვიცვათ”, - ამბობს დავით გოგორიშვილი.
“თეგეტა მოტორსის” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი დავით გოგინაშვილი აცხადებს, რომ მათი მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირება პრობლემა არ არის, ვინაიდან “პორშეს” ავტომობილება მაღალშემოსავლიანი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი.
“მოგეხსენებათ, რომ პრემიუმ ბრენდის “პორშეს” ავტომობილებს ვთავაზობთ კლიენტს. ამ ბრენდის ავტომობილის ღირებულება 70-80-100 ათასი დოლარი ღირს. ასე რომ, ჩვენს მომხმარებელს საწვავის ფასი არ აინტერესებს”, - ამბობს დავით გოგინაშვილი.
მსგავსი მოსაზრება აქვს “მერსედესის” კომერციულ დირექტორს ლაშა ლომიძეს. მისი თქმით, მათი ავტომობილების რეალიზაცია ზოგადად შემცირდა, თუმცა ეს უფრო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, ვიდრე საწვავის ფასს.
რაც შეეხება ჰიბრიდულ ძრავიან მანქანებს, მისი თქმით, მაღალი ფასის გამო, ჰიბრიდულ “მერსედესებზე” საქართველოში მოთხოვნა არ არის.
“ჯერჯერობით, ჰიბრიდული ავტომობილები არ შემოგვიყვანია, ვინაიდან მოთხოვნა არ არის. “მერსედესმა” ჰიბრიდული ძრავა მაღალი კლასის ავტომობილებში ჩადო, რომელთა ღირებულება 70 ათასი ევროა. მალე შედარებით დაბალი კლასის ჰიბრიდულძრავიანი მერსედესების გამოშვება დაიწყება, რომელიც დაახლოებით 30-40 ათასი ევრო ეღირება”, - ამბობს ლაშა ლომიძე.