რატომ გამოაძევეს “ვერსია” ვასილ სანოძის ახლობლებმა კლინიკის ეზოდან

რატომ გამოაძევეს “ვერსია” ვასილ სანოძის ახლობლებმა კლინიკის ეზოდან

 

 


3 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დილის 7 საათზე, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით, შეიყვანეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის უფროსი ვასილ სანოძე.

“ვერსიამ” მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება კლინიკაში სცადა, თუმცა ეზოში შესვლისთანავე ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ უმნიშვნელო დეტალების გარკვევაც კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა - კლინიკის მთავარ შესასვლელს დაცვის ოთხი თანამშრომელი იცავდა, ფოიეც სავსე იყო პოლიციელებით.

კლინიკის ლიფტის კართან სამი ადამიანი იდგა და მხოლოდ რამდენიმეწუთიანი “დაკითხვის” შემდეგ აძლევდა უფლებას მედპერსონალს ლიფტით ესარგებლა. 

უჩვეულოდ დუმდნენ კლინიკის საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლებიც და ნებისმიერ კითხვაზე პასუხობდნენ - არაფერი ვიცითო. “ვერსიის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დილით ყველანი მკაცრად გააფრთხილეს, ხმა არავის გასცეთ, განსაკუთრებით სანოძის მდგომარეობაზე არ უნდა წამოგვცდეს სიტყვაო. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დროის დაკარგვა აღარც ღირდა და  გადავწყვიტეთ, სანოძის ახლობლებს გავსაუბრებოდით, თუმცა აქაც პრობლემები შეგვექმნა - პოლიციელების კორიდორის გავლის შემდეგ, კლინიკის უკანა ეზოში გასვლა მაინც მოვახერხეთ, სადაც ვასილ სანოძის ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოეყარა თავი. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კლინიკის ეზოში, ბუნებრივია, არსადაა მითითებული, რომ “ჩვეულებრივ” მოქალაქეებს იქ ყოფნა აკრძალული აქვთ. ეზოში ხელისუფლებისა და შსს-ს მაღალჩინოსნები ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილები სანოძის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავდნენ. მათი უმეტესობა თანხმდებოდა, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხული იყო, ზოგი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანოძის უცხოეთში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა. 

“ვერსია” შეეცადა რამდენიმე მათგანს გასაუბრებოდა, თუმცა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც თავი ვასილ სანოძის ახლობლად გაგვაცნო,  განგვიმარტა, რომ  თურმე კლინიკის ეზოში “უცხო ადამიანების” და მით უმეტეს ჟურნალისტების ყოფნა დაუშვებელია, შესაბამისად, სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა. მან, რა თქმა უნდა, ვერ განგვიმარტა, რა უფლებით გვთხოვდა ტერიტორიის დატოვებას და თავად ვინ იყო.

ახლობლებთან გასაუბრების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ეზოში ფოტოების გადაღება გადავწყვიტეთ. რამდენიმე წამში ოთხმა უცნობმა პიროვნებამ, საკმაოდ უხეში ტონით ტელეფონის მიწოდება და სურათების წაშლა მოგვთხოვა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი განვუცხადეთ. ჩვენს კითხვაზე - რატომ უნდა წაგვეშალა ფოტოები ან კანონის რომელ მუხლს ვარღვევდით საჯარო დაწესებულების ეზოში ფოტოების გადაღებით, პასუხი ვერ მივიღეთ. კლინიკიდან, სავარაუდოდ, შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოგვაცილა. 

კლინიკის ტერიტორია ისე დავტოვეთ, ახლაც ვერ გავრკეულვართ, თუ სანოძე, როგორც ოფიციალური ვერსიით აცხადებენ, შემთხვევით გასროლილი საკუთარი სატაბელო იარაღის მსხვერპლია, ანდა მას დეპრესიის ნიადაგზე თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რა საჭიროა, კლინიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ექიმებთან მიღებაზე შესული პაციენტების მანქანების ჩხრეკა და ლიფტებისა და შესასვლელების დაბლოკვა, ანდა რატომ ღელავენ ასე სანოძის გულშემატკივრები?! სპეცსამსახურების ქმედება ერთადერთ ვერსიას ადასტურებს, რომ ვასილ სანოძე, რომელიც სანდრო გირგვლინის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ან ახალი “საქმის გარჩევის” მსხვერპლია, ანდა “სვანური შურისძიების”. სხვათა შორის ამგვარი მუქარა გირგვლიანის ნათესავებისა და ახლობლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება არც თვითმკვლელობის და არც მკვლელობის მცდელობის ვერსიებს არ ამუშავებს და აცხადებს, რომ სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა.