კახურ შარა-გზებში მილიონები იფანტება

კახურ შარა-გზებში მილიონები იფანტება

[ეკა ბაქრაძე]

უძირო საგზაო ორმოში ფულის უაზრო ჩაყრას მთავრობა ვერა და ვერ ეშვება. ბოლო 2 წელია მიზანში კახეთია ამოღებული. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზა საოცრად უხარისხოდ დაიგო, აღებული კურსი მაინც გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში შიდა გზებისა და მაგისტრალების მოწყობაზე ბიუჯეტიდან 31 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მინისტრმა თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 16 მილიონი ლარი სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრას მოხმარდება.

გურჯაანი-ლაგოდეხის ავტომაგისტრალთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ნიკოლაიშვილმა პრემიერ-მინისტრ გილაურისაგან კონკრეტული დავალებები მიღო. პრემიერის თქმით, 15 სექტემბერს იგი პირადად ჩავა ლაგოდეხში, განხორციელებულ საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს და მინისტრის ანგარიშს ჩაიბარებს.

ნიკოლაიშვილი თელავის ისტორიულ უბანში მივიდა და „ძველი თელავის ახალი ქუჩების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ცნობილია, ამ პროექტის ფარგლებში 35 ათას კვადრატულ მეტრზე, ქალაქის ისტორიულ უბანში ეწყობა სავალი ნაწილი, იცვლება საკანალიზაციო სისტემა და იგება ასფალტის საფარი.

„აქ დაზიანებული ქუჩების პრობლემა თითქმის მთლიანად მოგვარებულია“, - დაასკვნა ნიკოლაიშვილმა.

სარეთოდ, სააკაშვილის ფავორიტი მინისტრი ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებაშია შემჩნეული. სწორედ ასე იყო ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზასთან დაკავშირებით, როდესაც მინისტრმა გზა გახსნილად და აბსოლუტურად გამართულად გამოაცხადა. თუმცა, სულ მალე გაირკვა, რომ თითქმის ყველაფერი უხარისხოდ იყო შესრულებული და საავტომობილო გზა სულ მალე გაფუჭება დაიწყო.

ვაზიანი-გომბორის გზა 43 მილიონი ლარი დაჯდა, დაფინანსების ძირითადი წყარო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 30-მილიონიანი კრედიტია. სინამდვილეში საგზაო სამუშაოები დღესაც არ არის დასრულებული. 

გომბორის გზის ნაწილზე მილები ჩალაგებულია, თუმცა იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ ეს მილები საკმარისი არ არის და დამატებითი წყალგამტარების მოსაწყობად ახლადდაგებული სავალი ნაწილის გადათხრა გახდება აუცილებელი. ეს რომ მართალი ყოფილა ბუნებამ სულ ადვილად დაასდასტურა. წლევანდელი გაზაფხულის არცთუ ძლიერ წვიმებს ნიკოლიშვილის დაგებულმა გზამ ვერ გაუძლო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ოთხ ადგილას ნიადაგი ჩაწვა, რამაც სავალი ნაწილი დააზიანა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზიანებულ მონაკვეთებზე დაამონტაჟეს დამატებითი საგზაო ნიშნები, დამცავი ბარიერები და დაიწყო გზის ხელახალი შეკეთება. დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ გაჩნდა ინფომარცია ვაზიანი-გომბორის გზის დაკეტვის შესახებაც. საბოლოოდ, მაგისტრალი, რომელმაც თბილისიდან კახეთში ჩასვლის დრო 1 საათამდე შეამცირა, არ დაუკეტავთ. 

რეგიონალურმა ინფრასტრუქტურის სამინსიტრომ გამოსავალი იპოვა და ყველაფერი რელიეფს და ბუნებას დააბრალა:

„ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გომბორი-თელავის მონაკვეთი მეწყერული ზონებითაა ცნობილი; ეს გამოწვეულია ფერდობების არამდგრადობით, რაც კონკრეტულ უბნებში ნიადაგის უწყვეტ მოძრაობას იწვევს. მთავრობა სრულადაა ინფორმირებული მეწყერის შედეგად საავტომობილო გზის პერიოდული დაზიანების საშიშროების შესახებ.

მეწყერის შედეგად მოსალოდნელი პრობლემების აღმოსაფხვრელად, პროექტის შემუშავების დროს მოიაზრებოდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები. საპროექტო კვლევებზე დაყრდნობით პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები ვარიანტი შეარჩიეს. ეს ვარიანტი ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გრძელვადიან მოვლა-შენახვას და მეწყერის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების შეკეთებას, ასევე მოსალოდნელი მეწყერის შესახებ მძღოლების დროულ ინფორმირებას გულისხმობს“.

ასე იგება კახეთში გზები. გამონაკლისი, ალბათ, არც გურჯაანი-ლაგოდეხის ავტომაგისტრალი იქნება. გზის გახსნას, სავარაუდოდ, უმცირესი დრო დასჭირდება, ხოლო შეკეთება კი გახსნისთანავე დაიწყება და დაუსრულებლად გაგრძელდება.