რატომ არ გაუგრძელეს კონტრაქტი წარმატებულ მედდას შეიარაღებულ ძალებში

რატომ არ გაუგრძელეს კონტრაქტი წარმატებულ მედდას შეიარაღებულ ძალებში

საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანების რიცხვი დღითი-დღე იზრდება. ამ ადამიანების უმეტესობას საკუთარ ქვეყანაში არსებობის გზა გადაუკეტეს, იძულებული გახადეს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულიყვნენ. მათ ბედი 1-ლი ქვეითი ბრიგადის საბრძოლო მედიკოსმა, კაპრალმა მედეა ჭაღალიძემაც გაიზიარა.

 

“შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით 2003 წლიდან 1-ლ ქვეით ბრიგადაში ვმუშაობდი. 2 კონტრაქტი სრულად დავხურე. მადლობები, მედლები, ერაყის მედლით დაწყებული, სამედიცინო სწავლებებით და ჯარით დასრულებული, არაფერი დამკლებია. მიუხედავად იმისა, რომ მედდა ვიყავი, სხვა ჯარიკაცებისგან არაფრით განვსხვავდებოდი. სამწუხაროდ, მესამე კონტრაქტი რომ უნდა გამეგრძელებინა, უარი მითხრეს.

 

მიზეზი რა იყო?

- როგორც სიტყვიერად განმიცხადეს, მინისტრის ბრძანებაა, ქალები ჯარში არ გვინდაო. რამდენადაც ვიცი, მინისტრის ასეთი ბრძანება არ არსებობს. 1-ლი საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, მამუკა ბუთხუზმა მითხრა, რომ ქალები სტანდარტებს არ შეესაბამებიანო. არადა, ყაზარმულები იყო თუ განგაში, როგორც ჯარისკაცები, ისე ვასრულებდით მოვალეობას. თანაც, 24 წლის ფერშლად მუშაობის სტაჟი მაქვს და თუ სხვა ვერ ასრულებს მოვალეობას მე რა დავაშავე-თქო. ვთხოვე, რომ ჩემი საქმისთვის გადაეხედა და დამხმარებოდა. სხვა პროფესია ვერ წარმომიდგენია. მინდა, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. მკითხა, სროლა შეგიძლიაო. გამეცინა და შევთავაზე წამოეღო ავტომატი, ხელყუმბარა, ტანკიც დაეყენებინა და ერთმანეთს შევჯიბრებოდით. ეს რომ ვუთხარი, ფეხი იქ დამაბიჯა, სადაც სუსტი წერტილი მქონდა და ნორმატივების ჩაბარება მომთხოვა. ეს იმიტომ, რომ კარგად იცოდა, ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ჯერ რეაბილიტაციის დრო არ იყო გასული. სამწუხაროდ, ერაყში მძიმე პირობების გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ექიმთან რომ მივედი, უკვე დაგვიანებული იყო და ქალური ორგანოები მთლიანად ამომკვეთეს. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ვუთხარი, რომ ოპერაცია მქონდა გაკეთებული და რეაბილიტაციის ვადა უნდა გასულიყო, რომ სირბილი  შემძლებოდა, ეს ვადა ერთ თვეში გადიოდა და, შესაბამისად, დავპირდი, რომ ნორმატივებს ჩავაბარებდი. ამის შემდეგ ჩემი საქმე გადააგზავანა. თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერადაც უარი მოვიდა. სახმელეთო შტაბის სარდალი, გიგი კალანდაძე ქალებს ვერ იტანს და მაქსიმალურად ცდილობს, ქალებს კონტრაქტი არ გაუფორმოს.

 

 მე ამერიკელების “წვრთნა და აღჭურვის პროგრამა” გავიარე სროლაში, ნავიგაციასა და სხვა სამხედრო სწავლებაში. მაშინ გვითხრეს, რომ სამედიცინო სამსახური ცალკე უნდა იყოსო. ამერიკელმა ინსრუქტორებმა რომ დაგვინახეს მწყობში ჩამდაგრი ქალები იმას ვაკეთებდით, რასაც ჯარისკაცები, კივილი დაიწყეს, ეს თქვენი საქმე არ არისო. თუმცა, როცა ნახეს, რომ არც ერთი ქალი არ ჩამორჩენილა და არ შეუსვენია, სიცილი დაგვაყარეს, ყოჩაღ ქართველ ქალებს, რამდენი შეგძლებიათო. ახლა კი მეუბნებიან, რომ ქალები ჯარში არ გვინდაო.

 

გიგი კალანდაძე ქალებს რატომ ვერ იტანს?

- წარმოდგენა არ მაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ როცა ის მე-4 ბრიგადის მეთაური იყო, ყველა ღონეს ხმარობდა და გაუსაძლის პირობებს უქმნიდა ქალებს, რომ წასულიყვნენ.  სამწუხაროდ, დღეს ჯარში ჯარისკაცების კი არა, ბანკომატის სიყვარული დარჩა. მეტიც, თითქმის სულ პატარა ბიჭები არიან, რადგან მათი დამორჩილება უფრო ადვილია. ვინც პროფესიონალია, მათ კბილებით უჭირავთ სული, რომ კონტრაქტი ბოლომდე მიიყვანონ და არ დაარღვიონ, რადგან ზოგს კრედიტი აქვს გამოტანილი, ზოგს - ავადმყოფი მშობლები ჰყავს. სხვა გამოსავალი არ აქვს, თორემ პროფესიონალი და გამოცდილი კადრი ძალიან ბევრი წამოვიდა. დღეს ჯარისკაცი პატიმრად იქცა. მორიგე ექიმი-სტომატოლოგი მყავდა, რომელსაც ტრამვის არაფერი გაეგებოდა და ჩემს მითითებებს კაპიტანი ასრულებდა.

 

ჯარში ექიმის კადრი არ არის. ტრამვატოლოგის შტატი არც ერთ ბრიგადაში არ არის. გამოცდილი სამხედრო მედპერსონალი თითქმის ყველა გაუშვეს, თავიანთი ახლობლები და ნათესავები მოიყვანეს. პირველ რიგში, ბრიგადას ტრამვატოლოგი უნდა ჰყავდეს, რადგან ჯარში, მეტწილად, ტრამვები ხდება. მეტიც, მეთაური არ უნდა წყვეტდეს ჯარისკაცი ექიმთან არის თუ არა წასაყვანი. არადა, ბოლოს ასეთი კანონი იყო: ჯარისკაცი უნდა მისულიყო თავის ბატალიონის მეთაურთან, მერე მას უნდა გაეგზავნა შტაბში, იქიდან უნდა მოეტანა ცნობა, რომ საჭიროებს გამოკვლევებს, მიეღო თანხმობა, მერე მოსულიყო ჩვენთან და აეღო ცნობა, მართლა საჭიროებს თუ არა გამოკვლევებს.@ძალიან მწყდება გული, რომ ჩემს ქვეყანას არ ვადგივარ. ახლა თურქეთში აპარატზე შეერთებულ ბავშვს ვადგავარ თავზე.

 

 რა პირობებში გიწევთ მუშაობა, რატომ გადაწყვიტეთ სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წასვლა?

- 24 წელი ექთნად ვშაობდი, როცა კონტრაქტზე უარი მივიღე, რა უნდა მექნა?

 

როგორც ვიცით, ერაყშიც მსახურობდით.

- 2008 წლის 16 იანვარს გავფრინდით და 8 თვე ერაყში ვიყავით. საქართველოში გაგანია ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში ჩამოვფრინდით. როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით, ჩემზე ფიზიკურად ძლიერ მამკაცებს ეშინოდათ, რომ ჰაერში აგვაფეთქებდნენ. ამ დროს მშვიდად ვიყავი და ქართულ სიმღერებს ვუსმენდი. როცა სააკაშვილს პირველი პატაკი ჩავაბარე, მაშინ ჯარში ქალები ბევრი არ ვიყავით. მხოლოდ ორი კოლონა იყო და ხალხმა ოვაციებით გაგვაცილა. ახლა კი მე მრხცვენია.

 

რისი?

- ჩემს უკან დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სამსახური სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უწყვეტს, ზოგიც ლტოლვილია. ამ ქალებსაც ეშინიათ, რომ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

 

ერაყში რას აკეთებდით?

- სამედიცინო სამსახურში ვიყავი. ძალიან კეთილშობილური მისია გვქონდა. გაჭირვებულ ხალხს ვეხმარებოდით, დავდიოდით უღატაკეს სოფლებში, მედიკამენტებს ვაძლევდით და სამედიცინო მომსახურეობას ვუწევდით. თავისთავად, ჩვენს ბრიგადასაც ვემსახურებოდით. ბრიგადაში 2500 კაცი იყო.

 

რა მედლები გაქვთ?

- აქ მივიღე მედალი 5 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადის მეთაურის მადლობები 7 წლის განმავლობაში. მინდოდა, ამერიკის საელჩოსთვისOმიმემართა და ჩემი დამსახურებები და მედლები ჩამებარებინა, მაგრამ აღარ წავედი, იქაც უსამართლობას გადავაწყდებოდი და არც გვერდში დამიდგებოდა ვინმე. ისე მიიყვანეს საქმე, რომ საქართველოში მალე ჯარი აღარ იქნება. პოლიცია და ჟანდარმი გვეყოლება.

 

თქვენ გსურთ, პრეზიდენთან შეხვედრა. რას ეტყოდით მას?

- ამ ყველაფერს ვეტყოდი. ჩემმა შვილიშვილმა ენა რომ აიდგა, იძახდა, მიშა მაგარიაო. მინდა, ვკითხო პრეზიდენტს, რატომ ხდება ჯარში ქალების დისკრიმინაცია. 

 

 რას საქმიანობთ თურქეთში?

- ინვალიდ 12 წლის გოგოს ვუვლი. ის სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ვერ ხსნიან რა დაემართა, მაგრამ სასუნთქი მილი უცებ გადაეკეტა და ნაწილი ამოუღეს. ის ახლა ყელიდან სუნთქავს. დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია. გვერდით ვუზივარ და ველაპარაკები, ვუკითხავ და ვართობ. თან, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ სამშობლოში ჩემს ოჯახთან და შვილიშვილს ჩავიკრავ გულში”.

 

“ვერსიამ” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი სამხედრო ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს სთხოვა. მისი განმარტებით, შეიარაღებულ ძალებში და, ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში ქალებთან მიმართებაში სერიოზული პრობლემებია. ქალთა რაოდენობა შეიარაღებულ ძალებში ძალიან მცირეა. “არის გარკვეული კარიერული ბარიერებიც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით, საბრძოლო თანამდებობები ქალებისთვის არ არის. მეტიც, შტაბებში თათბირებზე გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ჩვენს მენტალობაშია გამჯდარი, რომ ქალები მამაკაცების პროფესიებში არ უნდა ერეოდნენ. მეტსაც გეტყვით, თავდაცვის სისტემაში ქალები სამსახურეობრივ დევნა-შევიწროებას განიცდიან. ყოფილა შემთხვევები, როცა სექსუალურ ძალადობას ჰქონია ადგილი. ასევე, არის ფაქტები, როცა მეთაურები სამსახურში დატოვების სანაცვლოდ, ქალებს სექსუალურ კავშირს სთხოვენ.

 

არადა, არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია - 18/25, რომელიც მოითხოვს, რომ უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებში და საერთაშორისო მისიებში ქალების როლი უნდა გაიზარდოს. გერმანელმა სამხედრო მოსამსახურე ქალმა სტრასბურგში იჩივლა და გერმანიის სახელმწიფოს პროცესი მოუგო, მასაც იგივე პრობლემა ჰქონდა.

 

რაც შეეხება ასაკს, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვს, 45 წლის ზევით კონტრაქტი გაუგრძელოს სამხედრო მოსამსახურეს იმ შემთხვევაში, თუ მისი პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ცოდნა შეუცვლელია. ეს, ზოგადად, მეთაურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.