კეზერაშვილის კომპანია

კეზერაშვილის კომპანია "უნიგრუპი" სახელმწიფო ტენდერებს ექსკლუზიურად იგებს

ინტერვიუ "რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან თინა ხიდაშელთან

ქალბატონო თინა, თქვენ ბოლო პერიოდში, ერთგვარად ეხმაურებით ქვეყნის მმართველი გუნდის განცხადებებს, სადაც მკვეთრად ფიქსირდება, რომ საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს. ჩვენს გაზეთთან წინა ინტერვიუში არჩილ გეგენავას ~საგმირო საქმეებზეისაუბრეთ. ამჯერად უფრო აქტუალური დავით კეზერაშვილია, ცნობილი მოვლენების შედეგად, ისრაელთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართული მხარის 100 მილიონდოლარიანი ვალდებულების შესახებ, რომელიც სწორედ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში წარმოიშვა. დავიწყოთ დავით კეზერაშვილზე საუბარი მისი თავდაცვის სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდიდან,..
-არაადეკვატური იქნება, რომ მისი საქმიანობა შევაფასოთ, როგორც მოღვაწეობა. ტერმინი მოღვაწეობა და საზოგადო მოღვაწე ძალიან შორს დგას მისგან.

მოღვაწეობაში მისი ბიზნესსაქმიანობა ვიგულისხმე, ანუ როგორ შეაფასებთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმიანობას ბიზნესში?
- მთავარი ამბავი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით არის ის, რომ მისი მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა კეზერაშვილი მონოპოლისტად აქციოს, ჩააყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და შეუქმნას სასათბურე პირობები ბიზნესში წარმატებისთვის.

პირველი იყო ლატარიის კომპანია. უცებ გავიგეთ, რომ უქმდება ყველა ლატარია, რაც კი ქვეყანაში არსებობდა და ამ ბაზარზე გაჩნდა მონოპოლისტი. ხელისუფლების არგუმენტი იყო ის, რომ საგადასახადო თვალსაზრისით უკეთესი იყო რეგულირება, ეს ძალიან სამარცხვინო არგუმენტია. ამაზე უკეთესი პასუხი კომუნისტებს ჰქონდათ. ყველაფერი ერთი იყო საბჭოთა კავშირში, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიურ სისტემაზე გადავიდეთ. მაშინ საგადასახადო ინსპექციაც აღარ დაგვჭირდება, რადგან ყველაფერი ერთ ადგილზე, ერთი ადამიანის ხელში იქნება და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ, როგორც ვიცხოვრეთ 70 წელი.  

რა თქმა უნდა, ეს არ არის პასუხი. მონოპოლია დასაშვებია მაშინ, როდესაც ის ბუნებრივია. მაგალითად, რაიმე მადანი თუ არსებობს, შესაძლებელია, რომ იყოს ერთი ლიცენზიანტი, თუმცა, ესეც კი არ არის გარანტირებული და შეიძლება ამ მადნის მოპოვების ლიცენზიაც რამდენიმე კომპანიას მისცე.
რაც შეეხება მონოპოლიას ლატარიის სფეროში, ეს არის სტანდარტი, კლასიკა, საუკეთესო ქრესტომათიული მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება.

მეორე ასეთი ამბავი მოხდა ზუსტად იმავე პერიოდში. თბილისის მერია ამჯერად მხოლოდ თბილისში აცხადებს ტენდერს სარეკლამო ლიცენზიაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე. ამჯერადაც ზუსტად იგივე ვითარებაში აღმოვჩნდით. სრულიად გაუგებარია, ამ შემთხვევაშიც რატომ უნდა ყოფილიყო მონოპოლიზირებული ეს სფერო, რა პრობლემაა, თუ ბილბორდს რამდენიმე კომპანია დაკიდებს? ამჯერად თბილისი გაყვეს ორ ნაწილად - მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად, ერთში ისევ დავით კეზერაშვილის ფირმამ "აუთდორ. ჯი"-მ გაიმარჯვა და მეორეში სხვა კომპანიამ.

ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს გამარჯვებული კომპანიები გაერთიანდნენ, ანუ ფორმალურად ორმა სხვადასხვა კომპანიამ მოიგო, თუმცა, საბოლო ჯამში, ერთი კომპანია აღმოჩნდა გამარჯვებული. 
ბევრი მონაცემი არსებობდა ამ ორი კომპანიის ერთიანობის შესახებ. მათი დამაკავშირებელი იყო ბატონი გიორგი გეგეშიძე, "რუსთავი 2"-ის დირექტორი, რომელიც ორივე კომპანიაში გვხვდებოდა. ეს ორი ბიზნესი ქვეყანაში წარმატებული სფეროების მაგალითებია.

"აუთდორ ჯი"-ს მიერ სხვადასხვა კომპანიებია შექმნილი - "აუთდორ მონიტორი", "აუთდორ ლიფტი", "აუთდიორ ავტო" და ასე შემედგ.., ყველა ეს კომპანია დავით კეზერაშვილის კომპანიის მიერაა დაფუძნებული. საინტერესო ისაა, რომ დედაქალაქის მერია ამ კომპანიებს ექსკლუზიურად უკვეთავს მომსახურებას. თუმცა, კეზერაშვილის ფინანსური ინტერესები ამით არ კმაყოფილდება. მისი შემოსავლების ძირითადი სფერო ნავთობი და ბენზინია.

თუ შეგიძლიათ კეზერაშვილის მინისტრობისდროინდელი კორუფციული სქემების შესახებ კორუფციის შესახებ გვესაუბროთ. ებრაული კონცერნი "ელბით მააროხტი" საქართველოს 100 მილიონ აშშ დოლარს ედავება. როგორც კონცერნის წარმომადგენლები აცხადებენ, საქმე ეხება საქართველოს მიერ 40 უპილოტო თვითმფრინავის შესყიდვას, რომლის საფასური დღემდე არ არის გადახდილი საქართველოს ხელისუფლების მიერ. თუ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- სამწუხაროდ, ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი მინისტრობისდროინდელ საინტერესო სხვა ფაქტებზე გავამახვილებ საზოგადოების ყურადღებას.

სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში, სამინისტრო ბენზინს „ლუკოილისგან“ ყიდულობდა. მაშინაც სხვადასხვა წყარო ამტკიცებდა, რომ დავით კეზერაშვილს ჰქონდა ბიზნესინტერესები ამ სფეროში. მე არ მაქვს რაიმე დოკუმენტი, რითაც ამას დავამტკიცებ, თუმცა, ეს სხვადასხვა წყარო ძალიან დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს იყო სინამდვილე. მას შემდეგ, რაც კეზერაშვილი მინისტრი აღარ არის, ცდილობს, რომ ნაწილობრივ ფორმალური სახე მისცეს თავის ბიზნესს, რადგან ამ ხელისუფლებას უკვე ურთიერთნდობის პრობლემაც აქვს. ძალიან ვიწროა იმ ადამიანების წრე, რომლებსაც უპირობოდ ენდობიან. დავით კეზერაშვილისთვის ყველაზე სანდო ადამიანი არის დიმიტრი ჩიქოვანი, მისი ცოლის ძმა, რომელიც მისი ბიზნესების უდიდეს ნაწილშია წარმოდგენილი.

დავით კეზერაშვილმა კომპანია "უნიგრუპის" 50% სიმბოლურ ფასად შეისყიდა, რომელიც არაფრისმთქმელია და არც იქნებოდა საინტერესო, რომ არა ერთი პატარა დეტალი: ეს კომპანია ჩნდება სახელმწიფო ტენდერების სიაში და კვალს რომ გავყვეთ, გავიგებთ, რომ ეს კომპანია ბენზინის დისტრიბუციას ახორციელებს "ლუკოილის" სახელით.

"ლუკოილის" სახელით როგორ?
- მას შემდეგ, რაც კეზერაშვილი აღარ არის მინისტრი, თავდაცვის სამინისტრო აღარ უდებს ხელშეკრულებებს `ლუკოილს~, ის ამჯერად თანამშრომლობს, "უნიგრუპთან", რომელსაც ბენზინი რეალურად არც აქვს, ბენზინს არ ყიდის, არც ავტოგასამართი სადგურები აქვს, - არის უბრალოდ დისტრუბუტორი. ამ დროს კი "უნიგრუპის" ხელშეკრულებები პერმანენტულად იზრდება. მაგალითად, აპრილში "უნიგრუპს" ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუდო. თებერვალში კი ტენდერი უშიშროების საბჭომ გამოაცხადა. ძალიან სასაცილოა ის, რომ უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებული ტენდერი 5 თებერვალს გამოცხადდა და 7 თებერვალს დასრულდა. ტენდერი, რა თქმა უნდა, "უნიგრუპმა" მოიგო.

ასეთი ტენდერები ძალიან ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც ტენდერები 2 დღიანია ან შაბთ-კვირა ემთხვევა. ქვეყანაში ამდენი მოთამაშეა - "რომპეტროლი", "ვისოლი", "სოკარი" და, საბოლოო ჯამში, ყველა "სოკარისგან" ყიდულობს ბენზინს. ამდენი მოთამაშეა და აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო დაწესებულებები გამოაცხადებენ მილიონიან ნახევრიან, მილიონიან, სამ მილიონიან, ექვს მილიონიან ტენდერებს და მასში არავინ მონაწილეობს, - არავის აინტერესებს, რომ ასე გარანტირებულად მიიღოს ამხელა შემოსავალი. 

ტენდერებში მონაწილეობს მხოლოდ "უნიგრუპი" და იმარჯვებს კომპანია, რომელსაც ბენზინი საერთოდ არ აქვს. ფასიც ამიტომ არის ასეთი არანორმალური, როდესაც შუაში სამი კომპანიაა, ეს, ბუნებრივია, ფასნამატს იწვევს. ბენზინი შემოაქვს "სოკარს", "სოკარისგან" ყიდულობს "ლუკოილი", მისგან „უნიგრუპი“ და ამის შემდეგ ყიდის.

თავისთავად ამ საფეხურების გავლისას ფასიც იწევს. გაუგებარი და შეუძლებელია, რომ თქვენ აცხადებდეთ ტენდერს ბენზინის შესყიდვაზე, იმავე ფასად ყიდულობდეთ ბენზინს, რა ფასადაც მე და თქვენ ვყიდულობთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურზე. ასეთი რამ არსად ხდება. ამ სქემის მთელი არსი არის ის, რომ კეზერაშვილი ძალიან გამდიდრდეს. კეზერაშვილი რომ გამდიდრდება, გამდიდრდებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც მასთან ახლოს დგანან. მაგალითად, გიგა ბოკერია და სხვები, რომლებიც მასთან მეგობრობენ და ვისი ფინანსური საყრდენიც არის დღეს ბატონი დავით კეზერაშვილი. 

დავით კეზერაშვილის მსგავსად, არის თუ არა სხვა პირები დღევანდელ მაღალ ეშელონებში, რომლებიც ასევე არიან ელიტარულ კორუფციაში გარეულები?
- მე გეგენავას მივუძღვენი მთელი სერიალი ამასთან დაკავშირებით. მორჩეს სააღდგომო დღესასწაულები, რადგან ახლა ადამიანმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი სხვა ადამიანზე ცუდის თქმისგან. შევხვდეთ უახლოეს მომავალში და ექსკლუზიურად მოგაწვდით ელიტარული კორუფციის ფაქტებს სხვა დეპუტატების მიმართაც.