როგორ დავკარგოთ 7 მილიონი

როგორ დავკარგოთ 7 მილიონი

კოშკი, რომლის აშენებაც ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტს 18.5 მილიონი ლარი დაუჯდა, თვითმმართველობამ 11 მილიონ ლარად გაყიდა. 7,5-მილიონიანი დანაკლისის მიუხედავად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები "ცუდი ბიზნესმენები არ არიან".


ბათუმში, პორტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ახლად გარემონტებული, ევროპული სტილის კვადრატული მოედანია - ბათუმის პიაცა. პიაცას გარშემო ერთი ლამაზი კოშკი და რამდენიმე საშუალო სიმაღლის შენობა დგას. მოედანი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სიამაყის ობიექტია. გასული წლის შემოდგომაზე პლასიდო დომინგოს კონცერტი სწორედ აქ გაიმართა, როგორც შავი ზღვისპირეთის ყველაზე ევროპულ ადგილას.

იქ, სადაც ახლა პიაცაა, ორიოდე წლის წინ უღიმღამო ხის სახლები და ბათუმის მე-3 საჯარო სკოლა იდგა. პიაცას მოედნისა და კოშკის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კოშკის შენობაში მუნიციპალური სასტუმროს გახსნას აპირებდნენ. თუმცა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ახლა ამბობს, რომ "მუნიციპალური სასტუმროს მართვამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი." ბათუმის თვითმმართველობამ პიაცას გასხვისება გადაწყვიტა.

პიაცაზე ბათუმის საკრებულომ პირობიანი აუქციონი გამოაცხადა. პიაცას კოშკის კუთვნილი 3745 კვადრატული მეტრი ფართი 11 ნაწილად დაიყო. თუმცა აუქციონი 1 ლოტზე გამოცხადდა.

აუქციონის პირობის თანახმად, ახალმა მეპატრონემ პიაცას შენობაში სასტუმრო უნდა გახსნას და სასტუმროსთან ფუნქციურად დაკავშირებული ობიექტები (კაფე-ბარი, რესტორანი, სამორინე, მაღაზია და საგამოფენო დარბაზი) მოაწყოს. მყიდველი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობის იერსახე შეინარჩუნოს და კოშკზე დამონტაჟებული საათის გამართული მუშაობა უზრუნველყოს. მასვე ევალება მოედანზე განთავსებული არქიტექტურული ელემენტების მოვლა-პატრონობაც.

გარდა ამისა, თუ სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან ბათუმის თვითმმართველობა რაიმე ღონისძიებას დაგეგმავს, პიაცას ახალი მეპატრონე ვალდებულია, მის საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების პირველი სართულის ღია სივრცე მათ წელიწადში სამჯერ უსასყიდლოდ დაუთმოს.

პიაცას კოშკის გასხვისების თაობაზე აუქციონი 2011 წლის 17 მარტს ჩატარდა. კოშკის საწყისი გასაყიდი ფასი 10 მილიონ 900 ათასი ლარი იყო. აუქციონში სულ ერთი კომპანია მონაწილეობდა. შპს „პიაცა ჰოლდინგმა" 100 ათასი ლარით მეტი - 11 მილიონი ლარი გადაიხადა და პიაცას კოშკის მფლობელი გახდა.

შპს „პიაცა ჰოლდინგის" 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი ირაკლი სამხარაძეა. საჯარო რეესტრში წარდგენილი საბუთების მიხედვით, სამხარაძის წარმომადგენელი ქუთაისში, ჭყონდიდელის ქუჩა N57-ში მცხოვრები ვინმე ანრი ხონელიძეა. რეესტრში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ „პიაცა ჰოლდინგის" საქმიანობის მთავარი სფერო უძრავი ქონების ფლობა, იჯარით გაცემა, სასტუმროების, რესტორნების და სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაა.

ირაკლი სამხარაძე რუსეთის მოქალაქეა. მის შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება. ამ ინფორმაციის თანახმად, ის მოსკოვში ცხოვრობს და ბიზნესსაც იქვე აწარმოებს. ირაკლი სამხარაძის კომპანია რკინისა და მეტალოპლასტმასის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობას ეწევა.

"გაიყიდა პიაცას შენობის ნაწილი, კოშკი, რომლის ფართიც 3745 კვ მეტრია. იქ კიდევ არის 2100კვ მეტრი ფართი, რომელიც კერძო საკუთრებაა. პიაცას მოედანი თვითმმართველობის საკუთრებაში დარჩა," - განმარტავს გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, - "1 კვ. მეტრი 3 000 ლარად გავყიდეთ, მაშინ, როცა 1 კვ. მეტრის მშენებლობა ბათუმის ბიუჯეტს 2780 ლარი დაუჯდა. ამ კუთხით თუ მივუდეგებით, ცუდი ბიზნესმენები არა ვართ".

შპს „პიაცა ჰოლდინგი" აუქციონამდე სულ ცოტა ხნით ადრეა დარეგისტრირებული, თუმცა, ამას კომპანიისთვის პრობლემა არ შეუქმნია: "ადამიანმა გადაწყვიტა პიაცას ყიდვა. სპეციალურად ამ მიზნით დააფუძნა შპს და შემდეგ ამ შპს-თი შეიძინა ქონება. რა არის ამაში გასაკვირი?" - კითხულობს კირთაძე.

უცნობია, აქვს თუ არა პიაცას ახალ მფლობელს მსგავსი ბიზნესის მართვის გამოცდილება. "ეს იყო პირობიანი აუქციონი. აუქციონს მოიგებდა ის, ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა. მოიგო იმ ადამიანმა, ვინც ჩვენ მიერ დასახელებული თანხა გადაიხადა. პირობიანი აუქციონი ამ ბიზნესმენის წარსული საქმიანობის და გამოცდილების გარკვევას არ გვავალდებულებდა", - ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

პიაცას მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში დასრულდა. კოშკის გაყიდვის თაობაზე პირობიანი აუქციონი 2011 წლის 1 მარტს გამოცხადდა. 15 დღეში აუქციონი ჩატარდა და კოშკი პირველივე ბიჯის შემდეგ გაიყიდა. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება მხოლოდ გაზეთ "აჭარაში" დაიბეჭდა. ამ გაზეთის ტირაჟი 1000 ცალია და ის მარტო აჭარაში ვრცელდება. ბათუმის საკრებულოს დეპუტატების ნაწილის თქმით, პიაცას კოშკი ისე გაიყიდა, რომ მათ ამის შესახებ მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიგეს.

"გახსოვთ, ალბათ, როგორი რეკლამა ჰქონდა თავის დროზე ბათუმის პიაცას. თუ ევროპაში მისი მსგავსი შენობა არ არსებობს, რატომ ვიჩქარეთ? დაგვემზადებინა სარეკლამო რგოლი და პიაცას გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა," - ამბობს საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი.

ჩავლეიშვილი პიაცას დაჩქარებულად გასხვისების მოტივს ასე ხსნის: "პიაცას "მოულოდნელ" გაყიდვას აქვს მარტივი მიზეზი - მისი რეალური მყიდველი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ჯგუფია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ბიუჯეტის ფულით აშენებულ ძვირადღირებულ პროექტებს შემდეგ იაფად ყიდულობენ. ახლა უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ამაზე სარფიანი გარიგება დედამიწაზე ჯერ არ განხორციელებულა, არადა კოშკი 7,5 მილიონი ლარით ნაკლებად გავყიდეთ".

შპს "პიაცა ჰოლდინგმა" აუქციონის პირობების თანახმად, 10,5 მლნ ლარი ეტაპობრივად, 2011 წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს, 500 000 ლარი კი 2012 წელს. კომპანიამ უპირობო და გამოუხმობი გარანტიის სახით 200 000 ლარი უკვე გადაიხადა. "პიაცა ჰოლდინგთან" ხელშეკრულება ამ დღეებში ფორმდება. ახალი მფლობელის საინვესტიციო ვალდებულებაც ხელშეკრულების გაფორმების პროცესში დაზუსტდება.

პიაცას გაყიდვიდან მისაღები 11 მილიონი ლარი ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უკვე ასახულია. ეს თანხა ბათუმის რეაბილიტაციის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს უნდა მოხმარდეს.