უკრაინულმა ვებპორტალმა „uarevo.in.ua“-მა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან „წაიმუშავოს“. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი დავით კეზერაშვილს ახსენებს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის თემურ ჯანაშიას ახსენებს და აცხადებს, რომ დაცვის ორგანიზებას მას დაავალებენ, მიხეილ სააკაშვილი კი ყოფილი სპეცრაზმელების საჭიროებაზე საუბრობს.
ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?
მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას...
დღესვე უკრაინული ვებპორტალმა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. ამჯერად ქვეყნის მომავალზე სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება. აუდიო ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ეუბნება, რომ საქართველოში სისხლისღვრა იქნება. ექს-პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საველე მეთაური „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გახდება, რომელსაც სოფო ნიჟარაძე საკმაოდ უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ნიკა გვარამია დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.
„მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს, არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი, არის დამონტაჟებული. რაც შეეხება ჩემ საუბარს, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არა მხოლოდ მასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ვინც საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევებისგან, არამედ ე.წ. ტიტუშკების შემოტევებისგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანიას მართლაც ჭირდება დაცვის გაძლიერება, მან ამაზე რჩევა სააკაშვილსაც კითხა, თუმცა არა იმ შინაარსით, როგორც გამოქვეყნდა.
„ჩვენ არ გვყოფნის დაცვის ის რაოდენობა, რომელიც გვყავს. ის, რომ მე მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთხოვო, რომ მირჩიოს ვინ შეიძლება დაცვაში იყოს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან როგორც ჩანაწერში ვამბობ, მე არ მაქვს შესაბამისი ექსპერტიზა.
საუბრები ამასთან დაკავშირებით ყოფილა, მაგრამ არა გამოქვეყნებული შინაარსით. ამ საუბრის აუთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეორე ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო რასაც აკეთებს საქართველოს უშიშროება, ასევე სრულიად სამარცხვინოა, ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს. ეს ეხება პირველ რიგში ადამიანის პირად ცხოვრებას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
უკრაინული „uarevo.in.ua“-ის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბერებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს გადატრიალებას.
„მე ვფიქრობ, შეფასება არ არის საჭირო. ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა მინდა, ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო - ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას. მაგ ადამიანებს შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინული ვებ-გვერდმა „Wiki Leaks“-მა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, მხოლოდ ნამდვილი მასალები აქვს და როგორც კი შესაძლებელი იქნება ლაზერული და რადიო ტალღების ბგერით სიგნალად გარდაქმნა, აუდიო ვერსიები მაშინვე განთავსდება საიტზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული „Wiki Leaks“ შექმნილია თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ, რომელიც უპირისპირდება რუსეთისა და აშშ-ს აგრესიას, რომლებიც უკრაინას გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ხურდა ფულად იყენებენ.
„აშშ-ს მიერ ნაყიდმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა რუსეთს შესაძლებლობა მისცეს ყირიმი წაეღო, ხოლო დონბასში უაზრო, ძმათამკვლელი ომი ეწარმოებინა. უკრაინა ეკონომიკური სიდუხჭირისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ასეთ ვითარებაში დიდ როლს თამაშობს ჩვენთან შემოგზავნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1989 წელს მსახურობდა რა სასაზღვრო ჯარებში, იგი თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის სუკ-თან.
1990 წელს სწავლობდა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, გახდა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი. მისმა ბიძამ სუკის პოლკოვნიკმა თემურ ალასანიამ 1993 წელს თავისი დიშვილის საარქივო დოკუმენტები გაანადგურა, ხოლო ასლი ინახება საქართველოს ყოფილ სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მას არ ამზეურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას სააკაშვილი ამერიკულმა სპეც-სამსახურებმა გადაიბირეს. გააჩნდა რა ორმაგი აგენტობის გამოცდილება, სააკაშვილმა უკრაინაში მოქმედების კარტ-ბლანში მიიღო.
„ჩვენ გვაქვს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ მის ამოცანაში შედის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება, შეეცადოს სირიაში რუსეთი და აშშ ერთმანეთს შეაჯახოს და ამგავრად მიღოს სამხედრო დახმარება აშშ-სგან და გააფართოვოს დაპირისპირების ფრონტი.
მას სურს ბლოკადაში მოაქციოს დნესტრისპირეთი და რუსეთის სამხრეთ უკრაინაში შეჭრის საფუძველი შექმნას, აღადგინოს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის საოჯახო ბიზნესი, მიისაკუთროს უკრაინის სტრატეგიული ობიექტები, ნავსადგურები, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა.
ყველაფერი კეთდება ქართული სცენარით. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურების პირას დადგეს და უკრაინელმა ხალხმა გამოსცადოს ის წამება, გაუპატიურება და გადაგვარება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში ამყარებდა“, - ნათქვამია უკრაინული „Wiki Leaks“-ის განცხადებაში.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უშიშროების ძალებში მსახურობდა და მისი ბიძა, თემურ ალასანიაც ოდიოზური წარსულის ადამიანია, ამის შესახებ საქართველოში წლებია საუბრობენ, განსხვავებით თავად სააკაშვილისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ საარქივო დოკუმენტის ასლებს, რომლითაც დასტურდება, რომ სააკაშვილი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი იყო, უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ინახავს.
„სააკაშვილი აღმოჩნდა სექსუალურ სკანდალში, ამიტომ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. იმისათვის, რომ აღდგენილიყო უნივერსიტეტში, მოუწია წასვლა ჯარში, რომ მიეღო კარგი დახასიათება და ამის საფუძველზე აღდგენილიყო სასწავლებელში. ამიტომ, ბიძამისმა მოაწყო სუკ-ის სასაზღვრო ჯარებში. ამის შემდეგ სააკაშილი აღადგინეს უნივერესიტეტში.
რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ამით დასტურდება მიხეილ სააკაშვილის კავშირი კავკასიის ისლამურ ემირატთან და მის ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, გასაგებია ვინ გასცა ლაფანყურის ოპერაციის ბრძანება. ახლა სააკაშვილი ცდილობს ვითარება დაძაბოს უკრაინაში, რომ ჩართოს ახალ სამხედრო კონფრონტაციაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ეჭვი, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ეს არაერთხელ გაჟღერებულა მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მისივე განცხადებით, გამოქვეყნებული აუდიჩანაწერების შემდეგ სააკაშვილს შეიძლება ბრალდებულის სტატუსი მიენიჭოს.
„მითუმეტეს მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება, რომ სისხლი უსათუოდ დაიღვრება საქართველოში. ის ეჭვი, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ეს არაერთხელ გაჟღერებულა მისი პრეზიდენტობის პერიოდში.
სააკაშვილზე სანდო ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად მსახურობდნენ საბჭოთა უშიშროებაში. მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო სრული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.