ყაველაშვილის მეორე შეთავაზება ოპოზიციას - შეწყალება, რომელიც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს არ სჭირდებათ

ყაველაშვილის მეორე შეთავაზება ოპოზიციას - შეწყალება, რომელიც პატიმრობაში მყოფ ლიდერებს არ სჭირდებათ

ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე კვლავ გააქტიურდა პრეზიდენტის შეთავაზება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით. მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მეორედ შესთავაზა ოპონენტებს, რომ შეწყალების წერილით მიმართონ მას. პრეზიდენტი მზადაა, გამოიყენოს დისკრეციული უფლება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, შეთავაზების მიზეზია პოლიტიკური პარტიებისთვის არჩევნებისთვის სრულფასოვანი მომზადების შესაძლებლობა. მისი თქმით, წინა პრეზიდენტმა შეწყალების ინსტიტუტი დისკრედიტაციისთვის გამოიყენა და კონსტიტუცია დაარღვია, ამიტომ მისი მიზანია, ეს ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნოს. ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა და კონსტიტუციის პატივისცემა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით, სახელმწიფო მეთაურის მხრიდან.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია. დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, შევქმნათ შესაბამისი გარემო... მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარტია „ლელომ“ პრეზიდენტის შეთავაზებაზე ამჯერადაც უარი განაცხადა. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაპატიმრებული ლიდერების მიმართვის გარეშეც შეიწყალოს ისინი, თუკი ამის სურვილი ნამდვილად აქვს. ირაკლი კუპრაძემ, „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა,  დააფიქსირა პარტიის პოზიცია: „არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით“, - ამბობს ის.

მმართველ გუნდში კი ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის პატიმრობაში მყოფ ლიდერებს, შესაძლოა, ციხის დატოვება არც სურთ და ამას კონკრეტული პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე აკეთებენ. მათი აზრით, პატიმრობა ოპოზიციის ლიდერებს გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს უქმნის, რასაც ისინი არჩევნებამდე აქტიურად გამოიყენებენ.

პოლიტიკური დისკუსია გრძელდება, სადაც ერთი მხრივ, პრეზიდენტი სახელმწიფოებრივ მიდგომასა და არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მეორე მხრივ - ოპოზიცია პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და მისგან უპირობო შეწყალებას ელის.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციისთვის რამდენიმე პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ამაში ხელისუფლების ტაქტიკურ მანევრს ხედავს. For.ge-სთან საუბარში, ძაბირაძე ამბობს, რომ ყაველაშვილმა კარგად იცის, ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერები შეწყალების დაწერაზე მის შეთავაზებას არ მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა იცის, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები ამ განცხადებით მას არ მიმართავენ. ეს ერთი მხრივ, ამ ლიდერების დანაშაულის აღიარება იქნება, მეორე მხრივ კი მათ პოლიტიკურად დააზიანებს. დიახ, ციხიდან გამოვლენ, მაგრამ ეს საკმაოდ წამგებიანი სვლა იქნება. ამასთან, ამით პრეზიდენტ ყაველაშვილის ლეგიტიმაცია მოხდება, ანუ საუბარი იმაზე, რომ ოპოზიცია არ აღიარებს ამ პარლამენტს და მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გაბათილდება.

ეს არის ხელისუფლების მხრიდან კარგად გამიზნული ტაქტიკური სვლა. ამით, პირველ რიგში, ცდილობენ დასავლეთს აჩვენონ, რომ მათ გადადგეს ნაბიჯები ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს განმუხტვის მიზნით, ანუ აჩვენებენ, რომ მათ არ სურთ ამ ლიდერების ციხეში ყოფნა. მეორე მხრივ კი იციან, რომ თუ ეს ლიდერები ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ, მათი პოლიტიკური დისკრედიტაცია მოხდება. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ არცერთი მხრიდან წაგებული არ იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ყაველაშვილმა, თუკი პოლიტიკურად საჭიროდ ჩათვლის, აღნიშნული ლიდერები მიმართვის გარეშეც შეიწყალოს, რისი უფლებაც კანონით აქვს. მისი აზრით, ხელისუფლება არც ამ შემთხვევაში წააგებს რამეს.

„თუკი ყაველაშვილისა და „ოცნების“ გუნდის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რასაც მე არ გამოვრიცხავ, მმართველი გუნდის ამომრჩეველი ამას ჩვეულებრივად მიიღებს. ამით ხელისუფლება იმდენად პოლიტიკურად არ დაზარალდება, როგორც ის ლიდერები, ვისაც შეიწყალებენ. მაშინვე დაიწყება თავად ოპოზიციის შიგნით სპეკულაციები იმაზე, რომ ეს ლიდერები ხელისუფლებასთან არიან შეკრულები. მეორე მხრივ კი „ოცნება“ ამას დასავლეთის თვალში წარმოაჩენს ისე, რომ მან გადადგა დამთმობი და შემხვედრი ნაბიჯი ოპოზიციისკენ, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში და სამართლებრივად კითხვის ნიშნის გარეშე ჩატარდეს. აი, ამ პოლიტიკურ და ტაქტიკურ მანევრს ვხედავ ყაველაშვილის ამ განცხადებებში“, - ამბობს ძაბირაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეორე შეთავაზება ოპოზიციის ლიდერებისთვის ნამდვილად ძალიან კარგი წინადადებაა, რათა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტოს და პოლარიზაციაც დასრულდეს.

„იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია და რადიკალიზმი, როგორმე, რაღაც ჩარჩოში ჩაჯდეს და შედარებით შემცირდეს, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა შესანიშნავი შეთავაზება გააკეთა. პრეზიდენტმა ამ ადამიანებს შანსი მისცა, რომ პოლიტიკურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. ამაზე მარტივად და გასაგებად, როგორღა ავუხსნათ?! ის, რომ ახლა მამუკა ხაზარაძეს ასე უნდა და გრიგოლ გეგელიას, რათა ყაველაშვილმა გამოიყენოს თავისი უფლება და ისე შეიწყალოს ეს ოპოზიციური ლიდერები, ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი.

აქ არის ერთადერთი გადაწყვეტილება და კონკრეტული მიმართვა, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს შანსი მიიღონ პრეზიდენტის მხრიდან და დაამტკიცონ, რომ პოლიტიკურ პროცესებში უნდათ მონაწილეობა. ეს შეთავაზება გასაგები უნდა იყოს იმ უნამუსო ელჩებისთვისაც, რომლებიც ამბობენ, რომ ვითომ ხელისუფლებას არ სურს პოლარიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. აი, ეს არის ზუსტად ამ ელჩების ტყუილზე პასუხი, რომ თუკი ოპოზიციას აქვს მზაობა და სურვილი, მოდით, დავასრულოთ ეს პოლარიზაცია. სურვილი და ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოს. პრეზიდენტმა უკვე მეორედ გადადგა ეს ნაბიჯი და აბა, ახლა, თავადაც მიიღონ გადაწყვეტილება“, - ამბობს ქადაგიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, მიიღებს თუ არა ყაველაშვილი განცხადების გარეშე ოპოზიციური ლიდერების გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ქადაგიძე ამაში დარწმუნებული არ არის და უჭირს პასუხი. მისი აზრით, თავად ოპოზიციას არ აწყობს ახლა შეწყალება, რადგან მათ თავი ციხეს მიზანმიმართულად შეაფარეს:

„ეს იყო მათი მხრიდან პოლიტიკური სვლა, რათა ჩავარდნილი ე.წ. ბოიკოტისა და რადიკალიზმის ნარატივი, რაღაცნაირად გადაეფარათ. ის სცენარი და გეგმა, რომელიც მათ ვერ შეასრულეს, რაღაცით უნდა გადაეფარათ, ამიტომ მათ რეალურად ციხიდან გამოსვლა არ სურთ“, - ამბობს ანალიტიკოსი.