„ოცნება“ პოროშენკოს სააკაშვილის პოსტიდან გადაყენებას სთხოვს

„ოცნება“ პოროშენკოს სააკაშვილის პოსტიდან გადაყენებას სთხოვს

ქართული მხარე უკრაინის ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებზე რეაგირებას სთხოვს. დიპლომატიური ნოტის გაგზავნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს წერილით მიმართავს და ოდესის გუბერნატორის ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას აწვდის.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ წერილს „სამარცხვინოდ“ აფასებს, ხოლო მმართველი გუნდი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილს, უკრაინის მხრიდან რა რეაგირება მოჰყვება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი პოროშენკოს აფრთხილებს, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება.

პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ მსგავსმა მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუქმნას.

მთავრობის ხელმძღვანელის მსგავსად, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ ზრახვებზე აპელირებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი სურვილს გამოხატავს - საქართველოში იყოს დაპირისპირება, არეულობა, ემოცია და ბოევიკების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს უშლის, რადგან არ შეიძლება, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები დაიგეგმოს.

„უკრაინამ საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს. მათ სუვერენულ ფუნქციებში ვერ შევიჭრებით, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, მათი თანამდებობის პირი რას გეგმავს. ოფიციალური ხელისუფლება ასეთი ტიპის განცხადებებს უნდა გაემიჯნოს, რადგან შესაძლოა, ასეთმა ფაქტებმა ურთიერთობები დააზიანოს“, - აცხადებს კობახიძე.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი, საკუთარ შეფასებებში უფრო რადიკალურია. for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ როცა ერთი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, რევოლუციას ამზადებს და სისხლისღვრისთვის ემზადება, ამაზე უკრაინის ხელისუფლებისგან სერიოზული და ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს. მისი მოსაზრებით, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი პოსტიდან უნდა გაუშვას.

„მინიმუმ ველოდები, რომ სააკაშვილს დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებენ. თუკი მას მათი კანონმდებლობით სისხლის სამართლის ნიშნები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგებინონ და მას ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით მივხედავთ. თუკი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს, ამაზე უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხს ვითხოვთ“, - დასძენს სესიაშვილი.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, უმცირესობაში პრემიერის წერილს ხუმრობად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პოროშენკო აღნიშნულ წერილზე იცინებს.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, იმ პრემიერის განცხადება სამარცხვინოა, რომელიც უკრაინაში არ ჩავიდა და ხალხის გვერდით არ დადგა, როცა უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ასე მიივიწყა.

„უკრაინის პრეზიდენტს ეს წერილი სასაცილოდ არ ეყოფა, რადგან სააკაშვილი პოროშენკოს მოკავშირეა. პრეზიდენტის პარტიამ ოდესაში ერთ-ერთი მაღალი შედეგი აჩვენა. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ - პოროშენკოს პარტიის კლიპში სულ ოთხი ადამიანი მონაწილეობს, საიდანაც ერთი სააკაშვილია. ბოლო კვლევებით, სააკაშვილი ყველაზე პოპულარულია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ ქართული მხარე უკრაინაში წერილს არ გააგზავნის.

„ჩანაწერები საიდან არის მოპოვებული, ამაზე აღარ ვისაუბრებ. ალბათ, სააკაშვილის დედასთან და ბებიასთან გამართულ საუბრებსაც გამოაქვეყნებენ. ის, რომ გვისმენენ, ვიცით, მაგრამ კერძო საუბრების გამოქვეყნების დონეზე თუ დავიდონენ, არ მეგონა. „რუსთავი 2“-ს ვერც ხალვაში წაიღებს და ვერც ივანიშვილი. ადვოკატებმა ოქრუაშვილისა და ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვეს და როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება“, - დასძენს მაჭავარიანი, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.

for.ge-სთან საუბარში ბარამიძე აცხადებს, რომ სახეზეა ქვეყნის „რეალური მმართველის თანაშემწის“ მხრიდან სამარცხვინო საქციელი. ბარამიძის მოსაზრებით, ღარიბაშვილს ისიც უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაში გუბერნატორს პრეზიდენტი არ ნიშნავს.

„ქვეყანას ძალიან სამარცხვინო ხალხი მართავს. მთავრობისგან არაერთი სამარცხვინო არაკომპეტენტურობა გვსმენია, მაგრამ ეს ყველაფერს ფარავს. გვეგონა, რომ წერილის გაგზავნის თაობაზე ჭორი გავრცელდა, მაგრამ ღარიბაშვილი რა პასუხს მიიღებს, ნათელია. უკრაინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და ამ წერილების გზავნას, იქ ჩასვლა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა ჯობდა, რომელიც საერთო მტერს იგერიებს. პრემიერად წოდებული ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მიიღო“, - აცხადებს ბარამიძე.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერები დღესაც გავრცელდა, სადაც საუბარი საქართველოში მოსალოდნელ სისხლისღვრაზეა. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები გასულ კვირასაც გავრცელდა, სადაც ერთმანეთს სააკაშვილი-ბოკერია ესაუბრებოდნენ.