“ხალხი არ არის მზად ბარიკადებზე ასასვლელად”

“ხალხი არ არის მზად ბარიკადებზე ასასვლელად”

“წარმომადგენლობითი სახალხო კრების” მტკიცებით, უახლოეს მომავალში საზოგადოება მაღალი მაგნიტუდის პოლიტიკური რყევების მომსწრე გახდება. ქართულ პოლიტოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრები არ არის მოსალოდნელი, რადგან როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, საზოგადოება უმკაყოფილოა, მაგრამ არ არის მუხტი, რომელმაც შესაძლოა რევოლუციას დაუდოს სათავე.

 

“უკმაყოფილობის მუხტია, არის საპროტესტოს კი რაც შეეხება ამისთვის საზოგადოება მზად არის, რადგან დარწმუნებულნი არ არიან, რომ ბარიკადებზე ასვლის შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება”, - ამბობს “მთელ კვირასთან” საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

 

გამართლებს თუ არა ხალხის იმედებს “სახალხო კრება” და რა მოლოდინები აქვთ ქართულ საზოგადოებას, ამ თემაზე “მთელი კვირა”პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

 

სოსო ცინცაძე: არა მგონია, თბილისის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს და, ვთქვათ, 50-60 ათასი ადამიანი გამოვიდეს. ამას შეიძლება მრავალმა ფაქტორმა შეუშალოს ხელი. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული იმ გულგატეხილობიდან და იმედგაცრუებიდან, რომელიც საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ განიცადა.

 

ანუ 2010 წლის 25 ნოემბრის ამბებს გულისხმობთ?

-  არამარტო. მაგ შეცდომებში იგულისხმება 2009 წლის გაზაფხულის მოვლენებიც. ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ორი კომპონენტი: პირველი მთავარი ბირთვია, მეორე კი - მიზანი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ გამოვლენ ქუჩაში, ილაპარაკებენ, ხელისუფლება ცუდია, უნდა წავიდესო და მერე თავად წავლენ სახლში. ეს ელემენტარული სანახაობაა. აქციები კი სანახაობრივი არ უნდა იყოს. ჩვენთან კი თავისი ცუდი და კარგი შედეგით აქციებმა სანახაობრივი სახე მიიღო. ოპოზიცია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ოპოზიციურ წრებს შორის მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობს. იგივე რესპუბლიკელები ნოღაიდელის პარტიას ექიშპებიან, ოქრუაშვილს და კიწმარიშვილს კი თავისი თამაშის წესები და სცენარები აქვთ. ქართული საპროტესტო ელექტორატი არ არის მილიონიანი, არც ორმილიონიანი, რომ დაიყოს ნაწილ-ნაწილ და ყოველი სეგმენტი იყოს მრავალრიცხოვანი.

 

. ”: ფაქტია, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ ახერხებს, მაგრამ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. თქვენი აზრით, როგორ უნდა იპოვოს ხალხმა გამოსავალი?

-  უფრო სწორი იქნებოდა, ფიქრი წესრიგის დამყარებაზე დაიწყონ. ოპოზიციაში უნდა შეიქმნას ერთიანი შტაბი და მერე ზუსტად ჩამოყალიბონ მოქმედების გეგმა. მიტინგები და აქციები პოპულიზმის იერს ატარებს. ამისათვის უამრავი სხვა საშუალებაც არსებობს, თუნდაც პრესა. აღმოსავლეთში სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა რევოლუცია. სირიაში რაც ხდება, “ფეისბუქია” წამყვანი ძალა. სამხრეთით ქალაქში, სადაც ტანკები და ჯარი შეიყვანეს, “ფეისბუქი” აერთიანებს ხალხს. მიტინგები არაეფექტურ საშუალებად იქცა. საჭიროა უფრო თანამედროვე, მოდერნიზებული ინტელექტუალური კონსტრუქტივიზმი, რადგან აქციების მერე მარგი ქმედების კოეფიციანტი არის ნამცეცი. ისე, არავითარ სერიოზულ ძვრებს არ ველოდები ჩვენი ოპოზიციის ხელმძღვანელობით. ახლა საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია “ოპოზიციური რვიანის” პოლიტიკა, საარჩევო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების განახლება.

 

თუმცა ეს მოლაპარაკებები უკვე თვებია,მიმდინარეობს....  და ახლა ჩიხშია კიდევ შესული?

- მოლაპარაკებები აუცილებლად განახლდება. ჩიხში არაა შესული. ამას ამბობენ ის ადამიანები, ვინც ელემენტარულად არ იცის, რას ჰქვია მოლაპარაკებები. ამათ მოლაპარაკებები ჰგონიათ, დილით რომ დასხდებიან და შუადღეს კი უკვე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მოლაპარაკება ძალზე რთული პროცესია. აქ მოლაპარაკების მთავარი პრინციპი დარღვეულია, ეფექტურობის განმსაზღვრელი კონფიდენციალურობა. არ შეიძლება მოლაპარაკებები წარმოებდეს ჟურნალისტებისა და ტელეკამერების თანდასწრებით, მით უმეტეს, რომ საკმაოდ მწვავე საკითხია გადასაწყვეტი.

 

ყველა პოლიტიკოსი ჟურნალისტების მძევალია, რატომ, იცით?! ყველა იმას ფიქრობს, რომ მერე გავა გაზეთებში, ტელევიზიებში ამაზე სიუჟეტი და იტყვიან, რომ ამ პოლიტიკოსმა დათმო პოზიციები, სიმტკიცე ვერ გამოიჩინაო. ამის ეშინია ყველას. როდესაც კონფიდენციალურია მოლაპარაკებები, დათმობები ორივე მხრიდან წამოვა, არ იქნებიან იმის შიშში, ჩემი რეიტინგი დაეცემაო.

 

ამის მაგალითად გავიხსენებ კოსოვოს მოლაპარაკებებს, სადაც საუბარი 8 თვის განმავლობაში ისე მიმდინარეობდა, კაციშვილმა არ იცოდა, მათ შორის, არც ჟურნალისტებმა. სხვათაშორის, შეთანხმებასაც მიაღწიეს და მოლაპარაკების ორივე მხარე ნობელის პრემიის ლაურიანტებიც კი გახდნენ.

 

ანუ შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ რყევებს არ იგრძნობს არც ოპოზიციური რვიანის და არც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან?

- კი ვხმარობთ ტერმინს საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება სხვადასხვანაირია. საქართველოში, სამწუხაროდ, საზოგადოება აღარ არსებობს. ქართულ საზოგადოებას კი ვერც ტელეკამერების და ვერც პრესის ფურცლებზე ვერ ვხედავ.

 

ანუ თვლით, რომ საქართველოში საზოგადოება არ არსებობს. თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე?

- ქართული საზოგადოება არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენთან მეცნიერული პროცესი არ არის. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიწვნევთლომაიას რეფორმების შედეგებს...

 

კონკრეტულად...?

- განათლება არ იყო, სკოლა არ იყო, უმაღლესი არ იყო. საზოგადოება თქვენ წარმოგიდგენიათ აკადემიური წრეებისა და საუნივერსიტეტო წრეების გარეშე?! ვერ ვხედავ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, როდესაც უმაღლეს სასწავლებელებში ერთადერთი ინსტიტუტია პოლიტოლოგიის და იმის ხელმძღვანელიც არის მარქსისტი, რომელსაც დისერტაცია დაცული აქვს მეცნიერულ კომუნიზმის გრიფით. რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!.

 

მთლიანად საქართველოს მოსახლეობაც დაყოფილია რამდენიმე ფენად. ერთი აქუბარდიას მაყურებელი, მეორე - “რეალტივის”, საუკეთესო ნაწილი კი “რეზონანსის” მკითხველები არიან.

 

და მაინც, საქართველოს მოსახლეობაში თუ არის ის მუხტი, რომელმაც შემდეგ შესაძლოა, რევოლუციას დაუდოს სათავე?

- უკმაყოფილობის მუხტია, საპროტესტო მუხტი კი სხვაა. საპროტესტი არის მაშინ, როდესაც ხალხი მზად არის ბარიკადებზე ასასვლელად. დღეს ხალხი არ არის დარწმუნებული, რომ ბარიკადებზე ასვლის შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამიტომ უკმაყოფილოა ყველა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი, მაგრამ რევოლუციურ განწყობას მე ვერ ვხედავ.