მართალია, ლატვიაშია, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რესპონდენტია, საქართველოში მიმდინარე პროცესებშიც აქტიურადაა ჩართული და პარიზშიც აქტიური მიმოსვლები აქვს - როგორც ჩანს, გოგა ხაინდრავა და ქართული პარტიის ლიდერები საქართველოს მომავალზე ერთმანეთს სიყვარულის ქალაქში უთანხმდებიან. ინტერვიუში, რომელსაც საკუთარი გულისნადები თავად უწოდა, შეიტყობთ, რა გეგმა აქვს ქართულ პარტიას, რისი იმედი აქვს გოგა ხაინდრავას მაისში და რას პასუხობს “ვერსიის” კითხვას ჯერ არდასმული “მძიმე კითხვების სერიიდან”:
- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხიც აღსდგება ქრისტესთან ერთად და ღირსებას, სამართალს, პატიოსნებასა და წესიერებას აღადგენს ქვეყანაში. ამ ჭირისგან, უბედურებისგან, ფარისევლებისგან, სადუკევლებისგან და ზუსტად იმ ჯურის ხალხისგან გათავისუფლდება, ვინც მაშინ ქრისტე აცვა ჯვარს და დღეს საქართველოს აცვამს. ქართველმა ხალხმა ეს მამაძაღლები ხელისუფლებიდან უნდა გაყაროს. ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქტიურობა და ძალისხმევა ამ საქმეს არ უშველის, ამაში მაინც დავრწმუნდით, დიდი ხანია. არ აქვს მნიშვნელობა, მონობის უღელი ჩრდილოეთისა იქნება, თუ - დასავლეთის. მთავარია, ეს უღელი მოვიშოროთ. ჩვენი ბედი ამერიკას ზუსტად ისე აწუხებს, როგორც - ლიბიის, რუსეთს კი - ჩეჩნეთის. ამიტომ ვიდრე ბედს ბრაიზა, ქეიდენაუ ან ივანოვი გადაგვიწყვეტენ, მანამ არაფერი გვეშველება. ჩემთვის კრემლთან ან ვაშინგტონთან დაკავშირებული ყოველგვარი მოლოდინი ერთნაირად მიუღებელია. სამაგიეროდ, მაქვს ქართველი ხალხის თავგანწირვისა და იმის მოლოდინი, რომ მალე საკუთარი ქვეყნის მართვას ჩვენვე შევძლებთ.
ეტყობა, ხელისუფლება მსგავსს არაფერს ელის, ყოველ შემთხვევაში, ამის არაფერი ეტყობა. არც ის მესმის, თქვენ რატომ ხართ ასე დარწმუნებული მოახლოებულ ცვლილებებში, ქვეყნის გარედან ეს “სამაისო ფუსფუსი” სხვანაირად ჩანს?
- ჰოი, როგორ ცდებით! ყურს კი არა, უკვე ერთ ადგილს იბერტყავენ და თავი საკუთარ უკანალში აქვთ შეყოფილი. ახლა მთავარი მოქმედების დაწყებაა, თუ ქვეყნიდან ეს ეშმაკები არ მოვიცილეთ და განვდევნეთ, დავიღუპებით. ამის ერთადერთი გზა კი კომბალია. ის გაიძვერა რომაა მანდ, გიორგი თარგამაძე, როცა “რადიკალური ოპოზიციონერის” განცხადებებზე ლაპარაკობს და მე მგულისხმობს, ლაქლაქს მოეშვას ან სათქმელი პირდაპირ თქვას. ინტერვიუში ახალი ტერმინი რომ იხმარა, ეტყობა, პატრონებმა შეაშველეს - თურმე, ქვეყანაში ნაწილობრივი, ანუ ჰიბრიდული დემოკრატია გვქონია. ამ ჰიბრიდული დემოკრატიის შედეგი ყოფილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაც. სწორედ რომ, ჰიბრიდული პოლიტიკოსია თარგამაძე, თავისი პარტიით. ეგეც და სააკაშვილიც ორივე ჰიბრიდული კაცები არიან. ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმს ჰიბრიდულ დემოკრატიას უწოდებს, გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილე და მკვლელების მფარველია. თორემ, თარგამაძეებს მსახურება და ყმობა რომ ეხერხებათ, ეგ ისედაც ძალიან კარგად ვიცით. რამდენიმე ბატონი უკვე გამოიცვალეს და ამის მერეც, სულ მუდამ ბატონის ძებნაში იქნებიან. მათი არსიც ეგ არის.
“რვიანში” მხოლოდ თარგამაძე ხომ არ არის? სხვათა შორის, თქვენი განცხადებაა, “რვიანი” საქართველოში ამერიკის ინტერესების გატარებასთან ყველაზე ახლოს დგასო, ამ პარტიების საქმიანობას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ღალატს ადარებთ. ეს მძიმე შეფასებები ყველას ეკუთვნის?
- იმით დავიწყოთ, რომ ეს ჩემი შეფასებები არ არის. დანარჩენები, ვინც იმ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და ვისაც ე.წ. რვიანი ეწოდება, მიკვირს, ამას როგორ აკეთებენ. როგორ შეიძლება ქართველი ხალხის ილუზიით გამოკვება, რომ ამ ამბიდან რაღაც გამოცხვება?! თუმცა, ღმერთმა დამიფაროს, ეს პროცესი ღალატს გავუთანაბრო. ამას არც კი გავიფიქრებ, რადგან იმავე “რვიანში” ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებიც არიან, უბრალოდ, მათი გამკვირვებია. საქმე ისაა, რომ ყველანი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან და რაღაც ხომ უნდა თქვან? ასეთივე პოპულიზმია საარჩევნო კანონის გასწორებაზე საუბარი. ვაშინგტონის ვადები კი არ მაინტერესებს, რომელიც, თურმე, სააკაშვილს გამოსასწორებლად მისცეს, არამედ, ის ვადა, რასაც საქართველოს მტანჯველებს მისცემს ქართველი ხალხი. ისე იხაროს ჩვენმა მტერმა, როგორც სააკაშვილი გამოსწორდება! ვისაც ვაშინგტონის ვადა აინტერესებს, იმან ირბინოს ამერიკაში, ილაპარაკოს ინგლისურად და “ვაშინგდემოკრატია” მოიხმაროს დილა-საღამოს. თუ სახელმწიფო დამნაშავე სააკაშვილთან მოლაპარაკებაა პოლიტიკა, მაშინ ჩვენ ერთმანეთის ნამდვილად არ გვესმის.
ე.ი. “რვიანი” პოლიტიკას არ აკეთებს და გაჩეჩილაძე სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე რომ წავიდა, ეგ პოლიტიკაც იყო და არც მძიმე დანაშაულში და ხალხის ტყუილი იმედით კვებაში ჩაუთვალეთ?
- მოსამართლე არ ვარ, ვინმე დავადანაშაულო, არც “რვიანს” ვდებ ბრალს რამეში. ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია. ამერიკული დემოკრატიის გზა ისევე ფარისევლობად მიმაჩნია, როგორც რუსული - იმპერიალიზმად, რომლის „დემოკრატიულობა“ გორში ტანკებითაა წარმოდგენლი. როდემდე უნდა “მოვიხმარებოდეთ” ამერიკის პლაცდარმად რუსეთთან საჭიდაოდ, ავღანეთზე, ერაყზე შესახოცად? ან როდემდე უნდა გამოიყენონ საზარბაზნე ხორცად ქართველი, რჩეული ბიჭები, რომელთა სისხლსა და ხორცს სააკაშვილი, ბენდუქიძე და ბოკერია მსოფლიო პოლიტიკურ ბაზარზე წონით ყიდიან ცენტებში?! ამიტომ უნდა აიღოს ქართველმა კაცმა ხელში კომბალი, კრემლსაც და ვაშინგტონსაც შემოუძახოს, აბა, აქედან მოშორდითო და საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს! ეს სულითა და გულით ქართველმა კაცმა უნდა გააკეთოს, არ აქვს მნიშვნელობა თემური იქნება, ზურა, პეტრე, პავლე, ირაკლი, ლევანი თუ სხვა ვინმე...
ირაკლი და ლევანი ერთმანეთს ლოგიკურად მიაყოლეთ. თან ქართული პარტიის ლიდერებთან პარიზში შეხვედრის შემდეგ დაიმედებული ჩანხართ. იქნებ, ჩვენც გაგვაგებინოთ, ამისთანა რა გეგმა აქვთ და ასე რით მოგხიბლათ მათმა დაპირებამ?
- სხვათა შორის, ალასანიაც ირაკლია და ბერძენიშვილიც - ლევანი. პარიზში ვიკითხე, მზად თუა, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ხელში კომბალი აიღოს-მეთქი. ვიცი, რევოლუციას კარგი არაფერი მოაქვს, ეს არც არავის მოსწონს, მათ შორის, არც მე. მაგრამ ამ ბანდიტებს სხვანაირად ვერ მოვიცილებთ. როგორ გგონიათ, სააკაშვილი ნებით რამის დამთმობია, როცა იცის, რომ ერთი ადგილით ჩამოჰკიდებენ ციხეში? როგორც მითხრეს, თავგანწირვისთვის და ამ ომში თავის დასადებად “ქართული პარტიის” წევრები მზად არიან.
და ეს საკმარისია? რა უნდა ვქნათ, ავდგეთ და სიტყვაზე ვენდოთ?
- სიტყვაზე აღარავის უნდა ვენდოთ, საქმე გვიჩვენებს, ვინ რისი მაქნისია. მე მათთან ერთად ბრძოლაშივარ ნამყოფი. ამ პარტიის ლიდერების ნაწილთან ვმეგობრობ და სავსებით კონკრეტულ ვადებსაც მისახელებენ. თუ გამოვა, ხომ კარგი, თუ არადა, ყველამ თავის სიტყვაზე აგოს პასუხი. თუ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა და ჩვენ წინა რიგებში ვერ დაგვინახავთ, მაშინ თქვით, მშიშარა, მატყუარა და ფარისეველი ყოფილხართ-თქო და საპასუხო არაფერი იქნება. ხალხი მათაც ხომ ჰკითხავს, კი მაგრამ, თქვენ არ იყავით, ამას და იმას რომ გვპირდებოდით და რატომ არ გააკეთეთო?! მე, პირადად, მათი მჯერა.
თქვენ კი გჯერათ, მაგრამ ერთი და ორი ჩაშლილ-დაშლილი აქცია გვინახავს? ან ამ რეალისტურ ვადებს მაინც რატომ არავინ გვისახელებს?
- თუნდაც ლევან გაჩეჩილაძისგან იმდენი თავგანწირვა ვნახე, ისევე როგორც მისი ძმისგან, მაინცდამაინც იმაში ხომ არ უნდა დავადანაშაულოთ, ამ ბრძოლაში რატომ არ მოკვდიო? ამას ჩვენ, ან ვანო და მიშა კი არა, უფალი წყვეტს. დარწმუნებული ვარ, თავგანწირვისთვის ყველა მზადაა და როცა ქვეყანაში რეალური ბრძოლა დაიწყება, ირაკლიც აქ იქნება. არათუ მოვალეა აქ იყოს, არამედ წინა რიგებშიც უნდა იდგეს. საერთოდ, თუ ხალხი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ, პირველ რიგში, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ხაინდარავა, სალომე ზურაბიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ალასანია და სხვა ნახელისუფლარი ხალხი უნდა ვიდგეთ.
პირველი დარტყმა სწორედ ჩვენ უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენს სამშობლოში დღეს ეს ბანდა რომ თარეშობს, ჩვენი ბრალიცაა, მათი გაყრა კი ჩვენი ვალია. თუ ამას არ გავაკეთებთ, სამარეში ვალმოუხდელები ჩავალთ. მე კი არ მინდა, მომავალმა თაობამ ჩემს საფლავზე მოშარდოს. სააკაშვილს თუ არ მოვაცილებ, ამის ღირსი მართლა ვიქნები. ახლა ამას ჭიკჭიკი კი არ უნდა, რა მაგრები და რა მართლები ვართო, არამედ საქმის კეთება სჭირდება. მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად მოგვიწევს პასუხის გაცემა, ამდენხანს ამ რეჟიმის თანამონაწილენი რატომ ვიყავით და ამდენ ბოროტებას ყოველდღიურად რატომ “ვუპრავებდით”. ეს ძალიან მძიმე კითხვები იქნება და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველას მოგვიწევს.
მანამდე, ერთი მძიმე კითხვა თქვენთან მექნება. საქმე ეხება მასალას, სადაც საუბარი 2004 წლის გახმაურებულ მოვლენებზეა, როცა მასმედიაში ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებზე აქტიურად დაიწყო საუბარი. მაშინ თქვენ მინისტრი იყავით და ქართული მხარის წარმომადგენელი, ანუ ჟვანია-სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირიც ყოფილხართ, რომელსაც კოკოითის მთავრობის უშიშროების მინისტრის მიერ წინასწარშერჩეულ ბინაში ე.წ. ბე, 10 მილიონი უნდა მიგეტანათ. როგორც წყარო ამტკიცებს, ეს ფული საზღვარზე არც კი გადაგიტანიათ და ამ თანხიანად “მომტყდარხართ”.
- ამას სერიოზულად მეკითხებით?! სად “მოვტყდი”, იქნებ, წყაროს ჰკითხოთ, 2006 წლამდე მინისტრი ვიყავი და როგორ “მოვტყდებოდი”? ის ორი წელი, ჩემმა ორეულმა იცხოვრა, თუ როგორაა საქმე?! არც სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ვყოფილვარ ოდესმე. რომ არა თქვენ და თქვენ გაზეთი, ამ კითხვაზე პასუხს საერთოდ არ გავცემდი. ე.ი. მერაბიშვილმა იცის, რომ მისი და მიშას 10 მილიონი “მოვტეხე”, ჩემს დაპატიმრებაზე ოცნებობს და ოცნებობდა და დღემდე გარეთ ვარ?! ასეთ კითხვას რომ მისვამთ, სადღაც ლოგიკაც ხომ უნდა იყოს, არა?! 10 მილიონის პატრონი იძულებული ვარ, 6-სულიანი ოჯახი მოვატოვო და ლატვიაში სამუშაოდ ჩამოვიდე?! ადამიანს ამხელა ფულიAრამეში ხომ უნდა დაეტყოს?
ლოგიკა შეიძლება იმ კუთხით იყოს, რომ სწორედ ამის მერე დაიძაბა ურთიერთობა საქართველო-ოსეთს შორის.
- თურმე, მე დამიძაბია ურთიერთობები ცხინვალთან, სააკაშვილის ფულის “მოტეხვით”. ეს განცხადებაც იმის დარია, მალაშხია რომ გაიძახოდა, რომ მე და კოკოითი ჰეროინს ასფალტიდან ვაკეთებდით. მერე ვანო ყიდდა, ეტყობა. დიდი ხანია, მე აქ ვარ და ვანო დღემდე ყიდის ჰეროინს, თქვენმა წყარომ ხომ არ იცის, საიდან? ოდესღაც ხომ უნდა გაიზარდოს ქართული საზოგადოება, რომ მსგავსი თემებით თავს არ იქცევდეს?! არ მაინტერესებს, კიდევ რას ამბობს ეგ თქვენი წყარო. დაგვექცა ქვეყანა თავზე! ეს ხომ ჭორია და სიბინძურე?! კი ბატონო, დაბეჭდეთ, ოღონდ ჩემი კომენტარიც მიაყოლეთ! ჰოდა, მალაშხიასი არ იყოს, დროებითი კომისია რომ აქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მადლობა ღმერთს, ეგენი ყველანი “დროებითები” არიან. მაგათი დრო კი უკვე მოვიდა. განაჩენიც დაწერილია და მალე მისი აღსრულება დაიწყება.
დიდი ასოებით დაწერეთ - ვაი, მაგათ პატრონს, უბედურს! ზუსტად ვიცი, ამ ხალხს ერთი ადგილი მაგრად უფეთქავს და უთამაშებს. სააკაშვილი უკვე მორჩა და ამას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი კი არა, ძახილის ნიშანი დაუსვა! მინდა, ჩემგან ბატონ ბასს, ამერიკის ელჩს ჰკითხოთ, რას ნიშნავს ევროსასამართლოს დადგენილება სააკაშვილის რეჟიმისთვის? იქნებ, მან განგვიმარტოს ეს ყველაფერი ამერიკული და არა ჰიბრიდული დემოკრატიის ენაზე? როგორ შეაფასებდა ამერიკის საზოგადოება ამერიკის პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების ამგვარ ქმედებას? ამ კითხვას, როგორც საქართველოს ორგზის სახელმწიფო მინისტრი, ბასს ისე ვუსვამ და მადლობელი ვიქნები, თუ მიპასუხებს. მის განმარტებებს ველი გულისფანცქალით!!! გუდ ბაი!