სავალუტო ფონდმა მთავრობის ცრუ იმედებს ცივი წყალი გადაასხა

სავალუტო ფონდმა მთავრობის ცრუ იმედებს ცივი წყალი გადაასხა

[ეკა ბაქრაძე]

მთავრობის პროგნოზით ინფლაციის მარწუხებიდან თავის დაღწევა 2-3 თვეში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცივი წყალი გადაგვასხა. სსფ საქართველოში 15-18%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. შესაბამისად, ფონდი ქვეყნის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ინფლაციურ პროცესებზე მაქსიმალური გავლენის მოხდენას ურჩევს. გარდა ამისა, ფონდის გათვლებით, წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში 5,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ქვეყნისათვის მთავარ გამოწვევად კი ინფლაცია რჩება.

სსფ-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დევიდ ოუენი აცხადებს, რომ საქართველოს, მთელი რეგიონის მსგავსად, ინფლაციის, სოციალური დაძაბულობისა და ბანკების საკრედიტო პორტფელების უხარისხობის გამოწვევებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოში 9%-ანი ფისკალური დეფიციტი იყო, რამაც ხარჯების ზრდა განაპირობა. ამ დროისათვის ფისკალური დეფიციტი კორექტირებულია, რაც დადებითი მომენტია. პროდუქტებისა და ნავთობის მაღალი ფასები, შესაძლოა, ნებისმიერ სამომხმარებლო საქონელზე აისახოს“, - აღნიშნა ოუენმა.

მისი მოსაზრებით, განსაკუთრებული ყურადღება ინფლაციის საკითხს უნდა დაეთმოს. „ეროვნული ბანკი ყურადღებას ყოველთვის ამახვილებდა იმაზე, რომ კონკრეტულ მომენტში მას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ საკითხისადმი უნდა გამოეჩინა, რათა ინფლაციისა და ფასების მაჩვენებლები უმართავ პოზიციამდე არ გაზრდილიყო. საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონის სხვა განვითარებადი ქვეყნებისათვის, პროდუქტების ფასების შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი ძალიან მაღალია. ფასები მნიშვნელოვან გავლენას მოსახლეობაზეც ახდენს, რადგან ქვეყანაში საპენსიო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ეფექტური სისტემები არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 14 პროცენტს აღწევს“, - აღნიშნა დევიდ ოუენმა.

მისი მოსაზრებით, რეგიონის ქვეყნებისათვის, ძირითადად, ორი გამოწვევა არსებობს: პროდუქტებისა და საწვავის მაღალი ფასები და ფისკალური დეფიციტის შემცირება.

„ფისკალური დეფიციტის შემცირება აუცილებელია, რათა ვალის მოცულობა არ გაიზარდოს და მის მომსახურებაში პრობლემები არ შეიქმნას. საქართველოში აუცილებელია ეკონომიკის სტაბილური ზრდა, უმუშევრობისა და თანასწორუფლებიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რათა მიღწეული ეკონომიკური წინსვლიდან მოგება დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმაც ნახონ“, - აღნიშნა ოუენმა.

მთავრობა წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებდა, თუმცა ფონდის დასკვნამ ეს მოსაზრება გააქარწყლა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ვარაუდებზე მეტად სავალუტო ფონდის პროგნოზები მართლდება.

ექსპერტების განცხადებით, ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საბოლოო მონაცემებს შორის ცდომილება, როგორც ყოველთვის, მინიმალურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც სხვა უცხოური საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს მუდმივად ატარებენ.  ამიტომაც, მათ ზუსტი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

„ფონდის პროგნოზები რეალობასთან ძალიან ახლოს დგას. ეს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და ქვეყნის მთავრობასთან. სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფონდი თითქმის ერთი და იგივე წყაროებს იყენებენ. შესაბამისად, ფონდი არ მარჩიელობს. მის საპროგნოზო მონაცემებსა და რეალურ მაჩვენებელს შორის ცდომილება შეიძლება 1% იყოს“, - ამბობს ექსპერტი შოთა მურღულია.