წყალი ბოთლში – თხევადი „ოქრო“

წყალი ბოთლში – თხევადი „ოქრო“

ბოლო 40 წლის განმავლობაში ბოთლის წყლის წარმოება ბიზნესიდან, რომელსაც სერიოზულად არავინ ეკიდებოდა, იქცა მილიარდიანი ბრუნვის მქონე გლობალურ ინდუსტრიად. თავად საქონელი ნაკლებად შეიცვალა, სამაგიეროდ, ფუნდამეტური ცვლილება განიცადა მისდამი მომხმარებლის დამოკიდებულებამ.

წყალი ნატურალური და სუფთა პროდუქტია, როლმის წარმოება მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს. მაგრამ მის ღირებულებას ბრენდი და მარკეტინგი განსაზღვრავს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბოთლის წყალი სხვა პროდუქტებზე უკეთ გვიჩვენებს, როგორ მუშაობს გლობალური კაპიტალისტური ბაზარი. ადამიანები ხომ ფულს იხდიან იმაში, რაც შეუძლიათ უფასოდ მიიღონ, ოღონდ ბოთლის, ანუ დაფასოების გარეშე. ანუ, გარკვეულწილად არსებობს არჩევანის თავისუფლება.

ცნობილმა ანალიტიკოსმა ჩარლზ ფიშმანმა ბოთლის წყალს გლობალური ეკონომიკის კარიკატურა უწოდა და თავისი ამგვარი შეფასება იმით ახსნა, რომ იგი რეკლამისა და მარკეტინგის გარეშე სურსათის წარმოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პროდუქტად იქცა. სხვა რა უნდა ითქვას, როცა მასზე მოთხოვნილება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ეს არა მარტო მდიდარ და განვითარებულ, არამედ ღარიბ ქვეყნებშიც.

აქვე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ წყალი ეს არის რესურსი, რომელზეც მილიონობით სიცოცხლეა დამოკიდებული და რომელიც პლანეტის ზოგიერთ ნაწილში ძალიან ცოტაა, ზოგან კი ბევრი. ამიტომაც მიიჩნევს ბევრი ექსპერტი, რომ ბოთლის წყლით ვაჭრობა მსოფლიო კაპიტალიზმის მწვერვალია.

ინდუსტრიის გარიჟრაჟზე ყველაფერი დაიწყო ერთადერთი ბრენდით – Perrier. სწორი სარეკლამო პოლიტიკის წყალობით ამ ფრანგულმა კომპანიამ ნამდვილი ტრიუმფი იზეიმა. თუმცა, თავდაპირველად ყველაფერი რთულად იყო. ხალხმა ვერ გაიგო, რატომ უნდა გადაეხადათ ფული იმაში, რაც ონკანიდან უფასოდ მორაკრაკებდა. ამიტომაც შეიმუშავეს ძალზე ჭკვიანური სარეკლამო კომპანია, რომლითაც ბოთლის წყალი წარმოდგენილი იყო, როგორც ფუფუნების საგანი და თანაც რომელიც არ აქვთ ბრიტანელებს. ფრანგების და ბრიტანელების ისტორიული დაპირისპირება ძალზე სწორად იყო გათვლილი და ამ რეკლამამ საოცრად იმუშავა. ამიტომაც მალე Perrier ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

მალე გამოჩნდა სხვადასხვა ბრენდი და ბაზრის ამ სექტორმა მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო. გაყიდვების მოცულობა და შემოსავალი სულ უფრო იზრდებოდა.

უნდა ითქვას, რომ როცა ადამიანი ბოთლის წყალს ყიდულობს, პირველ რიგში ფულს იხდის პოლიეთილენტერეფტალატში – რისგანაც არის სწორედ ბოთლი დამზადებული და რომელიც არის „წყლის“ ბიზნესის ერთადერთი გამოგონება. ეს ნივთიერება ნავთობის მრეწველობის მეორადი პროდუქტი გახლავთ.

80-იანი წლების ბოლოს ფრანგულმა კომპანია Evian-მა გადაწყვიტა თავისი პროდუქტის რეკლამირებისას ყურადღება ჯანმრთელობისათვის სარგებლობის მოტანაზე გაემახვილებინა. კომპანიამ თავისი პროდუქციის როგორც „ლამაზი და ჯანმრთელი ადამიანების“ სასმელის გაყიდვა დაიწყო. ეს ბოთლის წყლის ინდუსტრიაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

საერთოდ, ბევრი თვლის, რომ წყლის ბოთლში გადახდილი თანხა სრულიად გამართლებულია ჯანმრთელობაზე ზრუნვით და არჩევანის თავისუფლების არსებობით. თუმცა, სხვებისათვის ეს სოციალური სხვაობის სიმბოლოა. ამიტომაც არის, რომ ინდუსტრიის მიმართ კრიტიკა არ წყდება. თუმცა, არავინ დაობს, რომ ბოთლის წყალი წარმატებული ბიზნესის სიმბოლოა.