რონალდ პერელმანის ფული, დოლი და ქალები

რონალდ პერელმანის ფული, დოლი და ქალები

2 მილიარდი დოლარის მფლობელმა რონალდ პერელმანმა თავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი არა კომპანიების შექმით, არამედ დანგრევით მოაგროვა, სახელი კი სკანდალებით და ექსტრავაგანტულობით გაითქვა. როგორც ამბობენ, ხუთჯერ განქორწინებულ 68 წლის მექალთანეს ფულის შოვნაზე კიდევ უფრო დიაცთა ცდუნება და დოლზე დაკვრა ეხერხება.

მამისგან უარყოფილი

როლანდ პერელმანი დაიბადა 1943 წელს ფილადელფიაში, ბიზნესმენის ოჯახში. მამამისი რეიმონდ პერელმანი იმ დროისათვის საკმაოდ მსხვილი მეტალურგიულ კომპანია Belmont Industries-ს ფლობდა, რომელიც ასევე რამდენიმე ფილადელფიურ საწარმოს აკონტროლებდა.

მამილო რეიმონდს სურდა თავისი მემკვიდრე ოჯახური ბიზნესისათვის, რაც შეიძლება, ადრე ეზიარებინა და უკვე 11 წლის ბავშვს კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომებზე ასწრებდა. თანაც, მისგან ისეთივე კომპეტენტური აზრის გამოთქმას ითხოვდა, როგორსაც საბჭოს წევრებისაგან.

მოკლედ, სკოლაში, შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლისას რონის მომავალი სრულიად განსაზღვრული იყო. ეგ იყო, 195 სმ სიმაღლის ახმახ ყმაწვილს ამ ქვეყნად ყველაფერს მუსიკის მოსმენა და დოლზე დაკვრა ერჩივნა და ბიზნესმენობა კი არა, როკ-ჯგუფში დასარტყმელ ინსტრუმენტზე დაკვრა უნდოდა. უნივერსიტეტშიც მან ჯერ ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო და მხოლოდ შემდეგ ბიზნეს-ადმინისტრატორის.

რონი რომ ბიზნესს მუსიკას ამჯობინებდა, მამილო რეის ძალიან არ მოსწონდა. მან შვილის ჭკუაზე მოყვანა რამდენჯერმე სცადა და, რომ არაფერი გამოუვიდა, კომპანიის მეორე ვაჟის, ჯეფრისათვის გადაბარება გადაწყვიტა. რონალდი კი Belmont Industries-ში უბრალო მენეჯერად მუშაობდა, თან დოლზე უბრახუნებდა, ქალებს დასდევდა და არაფერი ანაღვლებდა. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს  დაფიქრდა და მიხვდა, რომ უკვე 35 წლისამ მუსიკოსის კარიერა ვერ აიწყო, არც ფული ჰქონდა და არც გავლენა.

რისკი და დიდი ფული

ჰოდა, რონმა გადაწყვიტა ოჯახური ბიზნესი და მშობლიური ქალაქი მიეტოვებინა და ყველაფრის თავიდან დასაწყებად ნიუ იორკში გადაბარგებულიყო. ასეც მოქცა. მას არაფერი გააჩნდა მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების, გარკვეული კავშირების და დიდი თავხედობის გარდა.

რონალდს არ სურდა ქონება მამამისივით ნელ-ნელა დაეგროვებინა, მას სწრაფად გამდიდრება უნდოდა და ვა-ბანკზე წავიდა. მან 1,9 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო და საიუველირო მაღაზიების ქსელი შეიძინა. რონი თვლიდა, რომ საიუველირო ქსელი ძალიან იაფად იყიდებოდა და მის ბევრად ძვირად გაყიდვას შეძლებდა. ასეც მოხდა, რონმა ქსელი დაშალა, მაღაზიები ცალ-ცალკე გაყიდა და საბოლოოდ, 10 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება დარჩა.

პერელმანი თავისი გარჯით ძალიან კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა იმავე სტილში გაეგრძელებინა. რონალდი იაფ კომპანიებს უსაფრთებოდა, კრედიტით ყიდულობდა, შემდეგ შენაძენებს ნაწილ-ნაწილ ყიდდა და გვარიან მოგებასაც იჯიბავდა. როგორც ამბობდნენ, ფულს „ჰაერიდან“ აკეთებდა.

პერელმანისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ ახალი ფინანსური ინსტრუმენტის, ე.წ. დემპინგური ობლიგაციების გამოსვლა, რომელიც ჩვეულებრივისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გამოეშვა და ძალიან მაღალი, თითქმის წლიური 20 პროცენტი ერიცხებოდა. 1980 წელს რონალდმა 35 მილიონი დოლარის ღირებულების ამგვარი ობლიგაციები გამოუშვა და ბიოქიმიური კომპანია MacAndrews&Forbes შეიძინა, მისი რეკონსტრუქცია მოახდინა და თავისი მომავალი იმპერიის საფუძვლად აქცია.

ამის შემდეგ 5 წლის განმავლობაში პერელმანმა კიდევ რამდენიმე სხვადასხვა პროფილის იაფი კომპანიის შესაძენად 360 მილიონი დოლარი დახარჯა, 140 მილიონის კი დემპინგური ობლიგაციები გამოუშვა. 1985 წლისათვის პერელმანის ხელში გაიარა: Comsolidated Cigars, Movie Labs, Technicolor Inc, Video Corp of America, Pantry Pride...

სარფიანად ვაჭრობის ნიჭი

ამგვარად, პერელმანმა გვარიანად იხეირა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანია Revlon Co-ის ხელში ჩაგდება მოინდომა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მისი წინადადება სერიოზულად არ აღიქვა, მაგრამ რონი ერთობ აქტიური იყო და Revlon-ის აქციების სანაცვლოდ ყველაზე მეტს იხდიდა. მაგრამ ამისათვის ძალიან ბევრი ფული იყო საჭირო, რისთვისაც პერელმანმა კვლავ ობლიგაციები გამოუშვა.

საბოლოოდ, რონალდმა Revlon-ის საკონტროლო პაკეტი ხელში 3 მილიარდ დოლარად ჩაიგდო. მან კომპანია სწრაფად დახლიჩა, მისი სამედიცინო განყოფილებები 1,4 მილიარდ დოლარად გაყიდა და თავისთვის მხოლოდ კოსმეტიკის წარმოება დაიტოვა.

აღსანიშნავია, რომ პერელმანის წარმატების მთავარი საფუძველი მისთვის დამახასიათებელი გაყიდვის ფენომენალური ნიჭი გახლდათ. როცა 90-იანი წლების დასაწყისში Revlon-ს ძალიან გაუჭირდა, რონმა კომპანიის განყოფილება Max Factor, რომელიც რამდენიმე წლის წინ 500 მილიონ დოლარად შეიჟინა, Procter&Gamble-ს 1,1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.

პერელმანის ხელმძღვანელობით Revlon თანდათანობით გაიფურჩქნა და თავისი სფეროს ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ცხადია, რონალდი სხვა პროფილის კომპანიებს და ნაცად, ყიდვა-გაყიდვის ბიზნესსაც არ შელევია. კერძოდ, 1989 წელს მან მედია-ჰოლდნიგი New World შეიძინა, რომელსაც ორი წლის შემდეგ ტელეკომპანია SCI Television შემატა. ამბობდნენ, რომ პერელმანი ჰოლივუდის დასაპყრობად ემზადებოდა, მაგრამ 1996 წელს მან New World მოულოდნელად რუპერტ მერდოკს მიჰყიდა.

პერელმანის მიერ განხორციელებულ ყველაზე მსხვილ გარიგებად 2002 წელს პატარა საბანკო ჯგუფ Golden State Bancorp-ის მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის Citigroup-ისათვის 6 მილიარდ დოლარად მიყიდვა ითვლება. ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხა რონმა მაშინ ბანკირების ამ თანხის გადახდაზე დაყოლიება, მაგრამ ფაქტია, რომ Golden State-ს აქტივები ამ დროისათვის მხოლოდ 1,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

როცა პერელმანი რომელიმე კომპანიის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებდა, იგი მის კონკურენტებს ისე ძვირი უჯდებოდათ, რომ გამარჯვება მარცხის ტოლფასი ხდებოდა.

ბულვარული პრესის გმირი

მიუხედავად ყველაფრისა, პერელმანისათვის ბიზნესი უმნიშვნელოვანესი არასოდეს ყოფილა. როგორც მასთან დაახლოებული ამერიკელი ბიზნესმენები აღნიშნავენ, რონთან შეხვედრისას საქმეზე საუბარს მხოლოდ დროის 5 პროცენტს უთმობენ, დანარჩენს კი ქალებს. პერელმანის ქვეშერმდომები სულაც დარწმუნებული არიან, რომ მათი ბოსის მთავარი საქმიანობა ქალების კოლექციონერობაა. მაგალითად, როცა ამერიკაში პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალი აგორდა, რონალდმა ლევინსკი უმალ სამუშაოზე მიიღო და მასთან რომანი გააბა.

ამდენად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ პერელმანს განქორწინება ძალიან ხშირად უწევს ხოლმე. პირველმა ცოლმა ფეიტ ჰოლინგმა რონი გამდიდრებისთანავე მიატოვა. ქმრის ღალატის დასამტკიცებლად მან კერძო დეტექტივი დაიქირავა და 1983 წელს მტკიცებულებები სასამართლოში წარადგინა. საბოლოოდ, ფეიტმა ქმარს 8 მილიონი დოლარი ასცინცლა.

ორი წლის შემდეგ რონალდი მეორედ, ყვითელი პრესის ნიუ იორკელ ჟურნალისტ კლაუდია კოენზე დაქორწინდა. მათი ურთიერთობა 9 წელი გაგრძელდა და 1994 წელს კლუდიას მიერ სასამართლოში მოთხოვნილი განქორწინება პერელმანს, რომელიც უკვე ბევრად მდიდარი იყო, 80 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პერელმანის მესამე რჩეული დემოკრატიული პარტიის ფუნქციონერი პატრიცია დაფი გახლდათ. ამჯერად ქორწინება სულ რაღაც 2 წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც მთელი ამერიკა თვალს ადევნებდა რონის და პატის სასამართლოში ბრძოლას მათი გოგონა კეილისათვის. კარგი მამობის დასადასტურებლად პერელმანმა შვილის რაციონი წარადგინა, რითაც მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ მილიარდერის შვილის დღიური კვება 3 დოლარი ჯდებოდა. სწორედ ამდენი ღირდა მისი რაციონი: ფაფა, ჰოთ-დოგი და ქათმის ფეხები. საბოლოოდ, რონალდმა შვილი შეინარჩუნა, ყოფილ ცოლს კი 100 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მეხუთედ პერელმანმა 2000 წელს ჰოლივუდის მსახიობი ელენ ბარკინი შეირთო. ამ ქორწინებამ ხუთი წელი გასტანა და მისი მთავარი მიღწევა რონის მიერ ცოლის თხოვნით საყვარელი სიგარის წევისათვის თავის დანებება გახლდათ, რომელიც ყმაწვილკაცობიდან მუდამ პირში ჰქონდა გაჩრილი. ოჯახური უღელისაგან მეხუთედ განთავისუფლება რონალდს 5 წლის წინ 150 მილიონი დაუჯდა.

ძნელი სათქმელია, კიდევ დაქორწინდება თუ არა პერელმანი, მაგრამ ფაქტია, განქორწინებებში მან მეტად დიდი თანხა გადაიხადა. როგორც ამბობენ, მას, როგორც ყოველთვის, რამდენიმე საყვარელი ჰყავს.

რონალდი დღემდე რჩება მუსიკის თავგადაკლულ მოყვარულად და როდ სტიუარტთან და ჯონ ბონ ჯოვისთან მეგობრობს. სხვათა შორის, სტიუარტი პერელმანს ბავშვობის ოცნების განხორციელებაში დაეხმარა და თავის ერთ-ერთ კონცერტზე დასარტყმელ ინსტრუმენტზე დააკვრევინა. როგორც ამბობენ, რონი ერთობ მშვენივრად ირჯებოდა.

საინტერესოა, რომ ეგზომ დიდი კაპიტალის მქონე პერელმანი ფულის მიმართ საკმაოდ ზერელე დამოკიდებულებით გამოირჩევა. ორი წლის წინ ანტიკვარიატის ნიუ იორკულმა სადილერო ფირმამ De Vos and Gorand-მა რონალდს სასამართლოში უჩივლა, რადგან მან ანტიკვარული ავეჯი შეიძინა და მათი ღირებულება - 1 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. პერელმანმა თავისი საქციელი იმით ახსნა,

რომ უფრო ადრე მან ამ კომპანიისაგან რამდენიმე ნივთი შეიძინა, რომლებიც ყალბი აღმოჩნდა და ახლა ისინი ბარი-ბარში არიან.  საბოლოოდ, სასამართლომ რონალდს გაცილებით დიდი თანხის გადახდა დააკისრა.

იოლი მისახვედრია, რომ პერელმანი ბულვარული პრესის ჟურნალისტების საყვარელი ობიექტია, თუმცა თავად გამუდმებით აცხადებს, რომ პრესა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამდენი სკანდალი რომც არ ყოფილიყო, რონის პოპულარობას Revlon-ის დირექტორთა საბჭოში მის მიერ ისეთი განთქმული ადამიანების თავმოყრაც განაპირობებდა, როგორებიც არიან აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, პრეზიდენტ კლინტონის განუყრელი მეგობარი ვერნონ ჯორდან უმცროსი, Warner Brothers-ის ყოფილი დირექტორი ტერი სიმელი, ცნობილი ლიტერატურული აგენტი მორტონ ჯეკლოუ...

საინტერესოა პერელმანის პოლიტიკისადმი დამოკიდებულება. მართალია, ბევრი ბიზნესმენისაგან განსხვავებით, იგი პოლიტიკაში გადასვლას თავად არ ცდილობს, მაგრამ გავლენიანი მფარველების შემოსაკრებად მასში დიდ ფულს აბანდებს და სიამოვნებით აფინანსებს როგორც რესპუბლიკელებს, ასევე დემოკრატებს.