“ბურჯანაძე-ოქრუაშვილის “ორიანმა” ჯერ ის მოახერხოს, რაც “რვიანმა” მოახერხა”

“ბურჯანაძე-ოქრუაშვილის “ორიანმა” ჯერ ის მოახერხოს, რაც “რვიანმა” მოახერხა”

იღიმის, ჰყვება ანეგდოტებს, ოპტიმიზმითაა აღსავსე და იცის გეგმა, როგორ გადავაყენოთ სააკაშვილი, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. მოკლედ, “ხალხის პარტიის” ლიდერი შესანიშნავ განწყობაზეა იმის მიუხედავად, რომ თავად ამბობს, სულ ასეა, ხან ხალხი არ გვიჭერს მხარს, ხან - ევროპაო. საზოგადოებას “გადამწვარს” უწოდებს, მაისში ორი საშუალო და წარუმატებელ აქციას პროგნოზირებს და, საშემოდგომოდ, აი, ამ ფორმულის იმედი აქვს: ხალხის 2008 წლის 20-იანვრისეულ განწყობას პლუს დღევანდელი საერთაშორისო მხარდაჭერა, დამატებული ბურჯანაძე-ოქრუაშვილის “ორიანი” და “რვიანი”. “ვერსიას” კობა დავითაშვილი პასუხობს:

 

ეს დღეებია, შეხვედრებს შეხვედრებზე მართავთ, ხან “რვიანს” გარეთ, ხან “რვიანს” შიგნით. რომელიმე მათგანი, თუნდაც ქეიდენაუსთან სამსაათიანი ბჭობა მაინც თუ დასრულდა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით? 

- ქეიდენაუსთან შეხვედრა ჰილარი ქლინთონის განცხადების ფონზე გაფერმკრთალებულიც კია.

 

ვითარება ასეთია - გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და გვაკლია - საზოგადოებრივი. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ  საქმის წარმატებისთვის რომელიღაც ელემენტი სულ გვაკლდება ხოლმე. 2007 წელს საერთაშორისო მხარდაჭერა კი არა, წინააღმდეგობა უფრო გვქონდა, სამაგიეროდ, ხალხი იყო სხვანაირად განწყობილი. გარკვეულწილად, ამ განწყობის ცვლილება ჩვენი ბრალია.

 

იქნებ დიდწილად?

- კარგით, ბატონო - დიდწილად. როგორც ჩანს, დროისა და მომენტის შეუთავსებლობის პრობლემა გვაქვს. როცა მწვრთნელი გუნდს, ვთქვათ, ოლიმპიადისთვის ამზადებს, ცდილობს, სპორსტმენები საუკეთესო ფორმაში სწორედ ბოლო მომენტისთვის ჰყავდეს. ოპოზიციაში კი შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო სწრაფად მოაწყობს დიდ საზოგადოებრივ აქტიურობას. არადა, ამ აქტივობასაც ისევე, როგორც სპორტსმენს, პიკისა და გადაწვის ეტაპები ახასიათებს.

 

ახლა რომელ ეტაპზე ვართ
- საზოგადოება გადამწვარია, რადგან ენერგია ბევრ აქციაზე უაზროდ დაიხარჯა.

 

შეგახსენებთ, ეს ის აქციებია, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თქვენც ხართ.

- ესაა სწორედ საქმე. ეს უკვე გავლილი გვაქვს. მარტივ მაგალითს მოვიყვან:  ცნობილი შეკრება სტადიონზე, არჩევნების წინა დღეს რომ ყოფილიყო, ეს არჩევნები ოპოზიციისთვის ბევრად წარმატებული იქნებოდა. ეს აქცია არათუ ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, არამედ ზიანი საკუთარ თავს მივაყენეთ. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისე მოვახერხოთ, რომ კონკრეტულ მომენტში საზოგადოებრივი და საერთაშორისო მხარდაჭერა ერთმანეთს დაემთხვეს.

 

მერე თავისით ხომ არ დაემთხვევა, თქვენ თუ არაფერი გააკეთეთ? თვეების წინაც ამბობდით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა დავიწყოთო, “რვიანისმხარდამჭერ, მასშტაბურ აქციებს გვპირდებოდით, რეგიონებში გადიოდით.
- მადლობა ღმერთს, პროცესი დავიწყეთ. ქუთაისში უკვე გავედით, უბრალოდ,  აღდგომის პერიოდი დაემთხვა და შეხვედრები ამიტომ ვეღარ გავაგრძელეთ, მაგრამ მაისში ისევ გავაქტიურდებით და რეგიონების მოსახლეობას პროცესებში სერიოზულად ჩავრთავთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ და ყველას უნდა ავუხსნათ, რომ სწორედ ახლაა ის საჭირო მომენტი, როცა საერთაშორისო ფაქტორებიც ხელს გვაძლევს რეალური ცვლილებების მისაღწევად.

 

უკაცრავად, ეს ყველაფერი აქამდე 100-ჯერ უნდა დაგეწყოთ, ეს ახლა დაგვიანებულიც კია, რადგან წინასწარდაანონსებული მაისის ბოლომდე ზუსტად ერთი თვე რჩება.

- ერთი წუთით, მოდით, დავაზუსტოთ. ერთი თვე რჩება ხელისუფლებას, რათა თუნდაც საერთაშორისო კრიტიკის შესასუსტებლად რაიმე ქმედითი და რეალური ნაბიჯი გადმოდგას. დღეს იგი, ფაქტობრივად, დესტრუქციულ პოზიციაშია. დაფიქსირდა, რომ მოლაპარაკებებს სწორედ ისინი შლიან, ჩვენს ახალ წინადადებებზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. აპატურაიცა და კლინტონიც ხაზს უსვამენ, რომ არსებობს მოლაპარების სურვილი ჩვენგან, მაგრამ არ არსებობს ხელისუფლების ნება. ხელისუფლებამ ეს რაუნდი წააგო. ახლა, მოდით, მოვლენების განვითარება ამგვარად წარმოვიდგინოთ: მაისში ხელისუფლება კვლავ ჯიუტად ზის თავის ძველ ვირზე და იქიდან ჩამოსვლას არ აპირებს, ამიტომ ახლა სრული საშუალება გვაქვს, ეს დრო რეგიონების შემოსავლელად და შემოდგომისთვის სერიოზული აქციების მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

 

შემოდგომისთვის? ანუ, “რვიანმათარიღი ისევ გადაწია?
- უკაცრავად, “რვიანი” სხვაში ხომ არ გეშლებათ? ჩვენ არ დაგვიანონსებია გაზაფხული. 

 

აბა, მაისის ბოლო, რა თარიღია? არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამავე მაისში მოვლენების რადიკალურად განვითარებას ე.წ. რევოლუციონერებისგან ველოდებით. “შეფიცულები” და “ჯარისკაცები” საშემოდგომოდ ხალხის მობილიზების პროცესში ხელს არ შეგიშლიან?

- ერთია, რა გვსურს და მეორე - რა გამოვა. ცხადია, პროცესის წარმატება მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. 9 აპრილის აქციების პერიოდი კარგად მახსოვს, ამიტომ ისეთი მაქსიმალისტური მოთხოვნებით, როგორიცაა “გადადგეს სააკაშვილი”, არცერთ აქციაში აღარ ვაპირებთ მონაწილეობას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთმანეთთან შეჯიბრის გამო, მსგავსი ლოზუნგებით გამოსვლის დაწყება საერთო-ოპოზიციური საქმისთვისაა საზიანო. თან, არც ბურჯანაძეს და არც გაჩეჩილაძეს საერთაშორისო მხარდაჭერა არც აქვს და არც ემუქრება.

 

ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მაღალჩინოსნების გვერდით ბურჯანაძე დგას ხოლმე და არა თქვენ.

- რუსეთის მხარდაჭერა ამ საქმეში არასაკმარისი და არააუცილებელია.

 

როცა რუსეთში თქვენც დადიოდით, მახსოვს, სხვა პოზიცია გქონდათ.

- მოდით რა, განსხვავება დავინახოთ. რუსეთში არასდროს მივლია და არც მომავალში ვაპირებ წავიდე, რათა მხარდაჭერა ქვეყნის შიდა პროცესებში მოვიპოვო. ჩემი მიზანი იყო ფორმირება ქართული ლობისა რუსეთში და საზოგადოებრივი აზრისა - საქართველოში, რათა ქვეყნის გამთლიანება ორი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე მოხდეს. არასდროს მიძებნია რუსეთის ხელისუფლებაში მხარდაჭერა შიდა საქმეებისათვის.

 

ანუ, ამას ბურჯანაძე ეძებს?
- უმბერტო ეკო წერს იტალიური პრესის ერთი პრინციპის შესახებ - ჟურნალისტი ერთ პოლიტიკოსს მეორეზე ალაპარაკებს, მეორეს - პირველზე და ასე იქმნება თემა. ჩემთან ეს არ გამოვა.

 

სხვათა შორის, თემა თავად წამოსწიეთ. ამბობთ, ბურჯანაძეს არ აქვს მხარდაჭერარვიანისგანგანსხვავებითო დარვიანსრომ აქვს, ამით რამე იცვლება? მით უმეტეს, ყველაფრის შემოდგომაზე გადატანით, შეიძლება ის განწყობაც დაკარგოთ, რაც დღესაა სახეზე.  
- ჩვენი სტრატეგიაა მუდმივი ზეწოლა ხელისუფლებაზე შედეგის მიღწევამდე. ეს შედეგი შეიძლება სწრაფად დადგეს, ან - არცთუ სწრაფად, მაგრამ რომ დადგება, ცხადია. უბრალოდ, არ ვაპირებთ, გავხდეთ კონკრეტული თარიღის მძევალი. ამ თარიღების უშედეგოდ ჩავლა ხელისუფლებას ეხმარება, ხალხში კი  ხანგრძლივი ფრუსტრაცია იწყება ხოლმე. ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას შეეძლო, ამ ყველაფერში ძალზე პოზიტიური როლი შეესრულებინა, ბოლო-ბოლო, ჩვენს შორის კოორდინაცია მაინც უნდა ყოფილიყო. 

 

არადა, “ფორუმი” და კაკო ასათიანი ამის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ხან ვის ხვდებოდნენ, ხან ვის უწვდიდნენ ხელს. “დიდი გაერთიანების” პროექტი რატომ ჩაიშალა?

- ჩვენც გვქონდა კონსულტაციები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას შედეგი არ აქვს. პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიციის შიგნითაა განხეთქილება მოსაგვარებელი. მას არანაირი იდეური საფუძველი არ გააჩნია, ყველაფერი მხოლოდ პიროვნული ურთიერთობების გამოა. “რვიანი” აბსოლუტურად შეთანხმებულია, აი, რადიკალური ოპოზიციის შიგნით კი ერთობა კი არა, განხეთქილებაა და ხალხის იმედგაცრუებას ესეც იწვევს. ერთ ფლაგნზე, ერთი და იგივე ენაზე მოსაუბრე პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა ამ უთანხმოების არსი ასეთია - ის ცუდია, მე კარგი ვარ. აი, ეს გვიშლის ხელს კოორდინაციაში!

 

ანუ ბურჯანაძე-ოქრუაშვილი რომ შერიგდნენ, “რვიანი” სხვანაირად იმოქმედებს?

- რა თქმა უნდა, და ეს ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ამ შიდა განხეთქილების გამო, ხელისუფლება რადიკალური ფლანგიდან არანაირ საფრთხეს არ ელის. მაისში ორი საშუალო ზომის და არა ერთი დიდი აქციაა მოსალოდნელი. ჰოდა, ჯერ “ორიანმა” ის მოახერხოს, რაც რვიანმა მოახერხა, ამის შემდეგ კი კოორდინაცია “რვიანსა” და “ორიანს” შორისაც უნდა შედგეს.  სიმართლე გითხრათ, მაისის შემდეგ პროცესის უფრო პოზიტიურად წარმართვას ველი, რადგან ამ ორი საშუალო აქციის ავტორები მიხვდებიან, რომ არასწორად მოიქცნენ და ისინიც შემოდგომისთვის მოემზადებიან.

 

ანუ, თუ სწორად გავიგე, თქვენი გეგმა ასეთია: შემოდგომამდე ინარჩუნებთ საგარეო მხარდაჭერას, “აგროვებთ” - საშინაოს, მერე იერთებთ “რადიკალურებს” და ასე ოქტომბრისთვის დაამთავრებთ ხელისუფლებას? 

- თქვენ კვლავ თარიღებს მთხოვთ, მე კი არ მინდა, ვინმე მოვატყუო.

 

აბა, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ შემოდგომაზე არ იტყვით, წვიმებიაო, ზამთარში - აცივდაო, გაზაფხულზე - ხეში წყალი ჩადგაო და ამ ყველაფერს ასე დაუსრულებლად არ გაჭიმავთ? არ მესმის, რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. 

- ჩემი კომენტარის ნაცვლად, დაწერეთ - დავითაშვილი იღიმის.Dოპტიმისტი დავიბადე, ეტყობა. 2008 წლის იანვარში საერთაშორისო მხარდაჭერა რომ გვქონოდა, ხელისუფლებას შევცვლიდით.

 

ახლა ჩვენი ამოცანაა, გავიმეოროთ 2008 წლის 20 იანვარს პლუს საერთაშორისო მხარდაჭერა. რას ვამბობ გაუგებარს?! ეს გულისხმობს ჯერ სერიოზულ ცვლილებებს საარჩევნო კანონში, მერე არჩევნებში ფაქტობრივ  გამარჯვებას. ხელისუფლება კი, თუ ისევ გაყალბებაზე წავა, საერთაშორისო მხარდაჭერაც გაიზრდება და ამის შემდეგ, გინდა ამბოხი იყოს, გინდა - რევოლუცია. დროზე ადრე გასროლას აცრა ჰქვია, სხვათა შორის. აცრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, საბოლოო ინექციის გაკეთებაში კი აქტიურად ჩავერთვები.       

 

ერთი დეტალი გამოგრჩათ - ყველაფერი ამ თქვენი გეგმის მიხედვით რომ არ წავიდეს?

- მაგაზე ერთი ანეგდოტი მახსენდება. კაცი ორმოშია ჩავარდნილი, ერთხელ ცდის, ვერ ამოვა, ვერც მეორედ. მერე იტყვის, ახლა გავბრაზდები და სახლში წავალო. ჩვენც ორმოში ვართ, ერთხელ და ორჯერ თუ ვერ ამოვედით, სახლში ხომ ვერ წავალთ?! თემურ-ლენგსა და მურვან-ყრუს გაუძლო ქართველმა ერთმა და სააკაშვილს როგორ ვერ გაუძლებს?!

ახლა თავს ამ ისტორიული პარალელებით იმშვიდებთ?

- არა, ეს ისტორიული ოპტიმიზმია. თავისუფლება თავში ბევრი რტყმით მოვიპოვე, იმის უფლებაც მაქვს, რაც მინდა, ის ვილაპარაკო და არ მეშინოდეს ამის, ამიტომ ახლა საზოგადოებას მოვუწოდებ, ასევე მოიქცეს. ხალხს არ ვლანძღავ, უბრალოდ, ვამბობ, როცა ისინი იქნებიან მზად, მაშინ შეიცვლება ყველაფერი.

 

ე.ი. ხან საზოგადოების ბრალია ცვლილებებს რომ ვერ იღებთ, ხან “ორიანის”? მაშინ თქვენი ნამოქმედარი გვაჩვენეთ.

- არ ვამბობ, რომ ეს ხალხის ბრალია. უბრალოდ, ხალხს შედეგი სურს და არა პროცესში მონაწილეობა. საქართველოში სხვისი ხელით ნარის გლეჯვის პრაქტიკაა გავრცელებული, რაც არაპროდუქტიულია.