[რეზონანსი]
სააკაშვილმა მესაქონლეობა პრიორიტეტული დარგების სიიდან ამოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს დარგი არამომგებიანია, არადა სულ რაღაც ერთი წლის წინათ, როდესაც საქართველოდან ათიათასობით ცხვარი ექსპორტზე გადიოდა, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად მეცხოველეობა მიიჩნეოდა და ყველას ცხვრის მოშენებას ურჩევდნენ.
ექსპერტების განცხადებით, მთავრობას არ გააჩნია სოფლის მეურნებობის განვითარების სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული მესაქონლეობის განვითარების პრიორიტეტები. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მიწადმოქმედება უფრო სტრატეგიული დარგია ქვეყნისთვის. თუმცა, მთავრობა ბოლომდე ვერც იმას აცნობიერებს, რომელი მიწების გამოყენება შეიძლება საძოვრებისთვის და რომელის - სახნავ-სათესად.
მსოფლიო ბაზრებზე პრიორიტეტულ პროდუქციად ითვლება როგორც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, ისე ხორცი და ხორცის ნაწარმი, რომელზეც ასევე მაღალია მოხოვნა. შესაბამისად, ერთზე აქცენტის გაკეთება და მეორეზე უარის თქმა, არასწორია.
სულ ცოტა ხნის წინათ გურჯაანში გლეხები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ რაიონში მცირე საძოვრებია და საქონელი ნახირიდან ხშირად მშიერი ბრუნდება. გურჯაანის მუნიცაპალიტეტში იმთავითვე განიმარტა, რომ წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მომატებულია სახნავ-სათესი ადგილების რაოდენობა, საძოვრები კი შემცირებულია. თუმცა, ამ უწყების პირთა განმარტებით, ხალხს ამით არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან 2011 წლის შემოდგომიდან მესაქონლეებს პირუტყვის საკვები დაურიგდებათ, რომლის საფასურსაც მოგვიანებით გადაიხდიან. ეს გათვალისწინებულია არა მარტო ფერმერებზე, არამედ კერძო პირებზეც.
პოლიტიკური წრეებისთვის არაერთხელ გახდა დავის საგანი პრივატიზაციის პოლიტაკა, რომელიც ძირითადად ხასიათდება გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებით. საძოვრების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებები უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის სამინისტროში სისტემატურად მიიღება, ხშირად კი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად.
ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქონლის სულადობა წლეულს მნიშვნელოვნად შემცირდება. შესაბამისად, მოხდება ფასების ზრდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებითაც.
ექსპერტთა ერთი ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ გლეხების უმრავლესობისთვის საქონლის საკვებით მომარაგება და გამოზამთრება შეუძლებელი იქნება საძოვარი მიწების გასხვისების გამო. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტთა განმარტებით, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს პრევენცირება და ხელი შეუწყოს გლეხებს, რადგან კერძო ინიციატივებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ძალებს ეს ბევრად აღემატება.
ექსპერტი პაატა კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების მიზეზად სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის უქონლობას მიიჩნევს და ამბობს, რომ ცენტრალურ სტრუქტურებში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში სპონტანურია და ქართული სოფლის რეალურ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს.
„განვითარებული სოციალიზმის პირობებში თანაფარდობა მემცენარეობასა და მეცხოველეობას შორის 70–30–ზე იყო. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, რომ საქართველოს მოემარაგებინა ერთიანი საკავშირო ფონდი ე.წ. სამხრეთული კულტურით: ჩაი, ციტრუსი, ხილი და თამბაქო. ჩამოთვლილს ღვინოც ემატებოდა. დანარჩენ პროდუქტს საკავშირო ფონდიდან ვიღებდით. ეს ემსახურებოდა საკავშირო და არა ხალხის ინტერესებს.
სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს ოპტიმალური ბალანსის მიღწევა. უზარმაზარი შეცდომაა, რომ ამხელა ხმაური არის სიმინდზე ატეხილი. საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი მიწის ფართობი და არც ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია იმისთვის, რომ სიმინდი საექსპორტოდ ვაწარმოოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სახელმწიფოს არ გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პროგრამა, აგრარული პოლიტიკა, სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.
ბოლო დროს სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ასე წარმოიშვა სიმინდის პროგრამა.
ეს, ერთი თვალსაზრისით, ცუდი არ არის. 2003 წლამდე საკუთარ მოთხოვნილებას 100 პროცენტით ვაკმაყოფილებდით. ახლა სათესლე სიმინდიც არ მოგვეპოვება და ხელისუფლება გარედან შემოსული ნაწარმით ცდილობს პროგრამის მოგვარებას“, - ამბობს კოღუაშვილი.
მისი განმარტებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა ისედაც შემცირებულია 600 ათასამდე და მეტად შემცირდა ღორის სულადობა, ასევე ცხვრის.
„შეიძლება, სულადობის შემცირებას იწვევს ისიც, რომ ქართულ სოფელს საქართველოში სტატუსი არ გააჩნია და არ ჰყავს თვითმმართველობა. მიწის გასხვისებას საბჭოთა ეპოქაში სჭირდებოდა საბჭოს, რაიონისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობა. მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა მინისტრთა საბჭო შესაბამის დადგენილებას. ამ საკითხს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩამოშორდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.
სახელმწიფოს მიერ აღებული კურსი მიდის იქითკენ, რომ გლეხი აიყაროს მიწიდან და მოიშალოს ქართული სოფელი. სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა მოხდეს გონივრულად, სწორი აგრარული პოლიტიკის და განსაზღვრული პრიორიტეტების შედეგად. მრავალდაგოვანი სოფლის მეურნეობა გვაქვს და შიდა დაკმაყოფილება მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ხოლო თანაფარდობა მემცენარეობასა და მეცხოველეობას შორის - თანასწორი.
ქართველი კაცი მეცხოველეობის პროდუქტებსაც კარგად მოიხმარს, ამ დარგის განვითარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც, ვთქვათ, მებოსტნეობის და სხვა. საძოვრების რიგიანად გამოუყენებლობა ძალიან დიდი შეცდომაა. კანონმდებლობით, საძოვარი მიწის გადასახადი სხვაა, სახნავის - სხვა. არ შეიძლება, მიწა თბილისში მყოფმა ადამიანმა განკარგოს, რომელიც არ იცნობს სოფელს და სოფლის პირობებს“, - დასძენს პაატა კოღუაშვილი.