[კვირის პალიტრა]
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 257 საჩივარი განიხილა, სადავო თანხამ კი, რომელზეც მეწარმეები სახელმწიფოსთან დაობდნენ, 90 981 მლნ ლარს გადააჭარბა. აქედან დავების განხილვის საბჭომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 102 საჩივარი, რაც საჩივრების საერთო რაოდენობის 40%-ია. დავების განხილვის საბჭომ არ დააკმაყოფილა 104 საჩივარი. 51 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. მაგალითად, თუ 2005 წელს განსახილველად მხოლოდ 25 განაცხადი შევიდა, 2008 წელს საჩივრების რაოდენობამ 443-ს მიაღწია, კიდევ ერთი წელიწადში გაორმაგდა, ხოლო შარშან ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ფინანსურ უწყებაში საჩივრების მატებას საბჭოს მიმართ გაზრდილი ნდობით ხსნიან, გადასახადის გადამხდელებს კი თავიანთი სიმართლე აქვთ - გახშირდა ჯარიმებისა და სანქციების უსამართლოდ დარიცხვა, ამიტომაც ცდიან ბედს საბჭოში, იქნებ გაუმართლოთ...
ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1362 საჩივარი მიიღო და 1263-ზე დაასრულა წარმოება. სადავო თანხამ 690 541 066 ლარი შეადგინა. საბჭომ 420 შემთხვევაში, სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნები. სამწუხაროდ, დავების განხილვის საბჭოში არ მოეპოვებათ ზუსტი სტატისტიკა, რამდენი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და რამდენი ნაწილობრივ(?!), ეს კი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რაც ამ უწყების ეფექტურ მუშაობასა და მის ობიექტურობას განსაზღვრავს. გასული წლის განმავლობაში, დავების განხილვის საბჭომ 666 გადამხდელი უარით გამოისტუმრა, ხოლო 177 საჩივარი სხვადასხვა მიზეზით განუხილველი დარჩა. ყველაზე ხშირად დავა ეხებოდა არასწორად წარმოებულ საგადასახადო აღრიცხვას.
დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "სამი მთავარი პრობლემა დგას დღეს საგადასახადო სფეროში დავების განხილვასთან დაკავშირებით: პირველი პრობლემა გახლავთ პოლიტიკურ დონეზე არსებული პრობლემა. ხელისუფლება არ თმობს დავების განხილვის საბჭოს და ის ფინანსთა სამინისტროს ქუდქვეშ არის. შესაბამისად, როდესაც საგადასახადო ადმინისტრაცია და მეწარმე დაობენ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო ადმინისტრაციის საზიანოდ, რადგან ამ ყველაფერს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება მოჰყვება. მეწარმის სრულად ან ნაწილობრივ გამართლების შემთხვევაში ან ბიუჯეტმა უნდა დაკარგოს შემოსავალი, ან უკანონოდ დარიცხული და ამ გზით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების უკან დაბრუნება უნდა მოხდეს.
მეორე პრობლემა - ეს არის დავების დიდი რაოდენობა, რაც წარმოშვა გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ და ხშირ შემთხვევაში უკანონოდ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებამ გადასახადის გადამხდელებისთვის. ამგვარმა მიდგომამ კი წარმოშვა რიგები დავების განხილვის საბჭოში.
კიდევ ერთი პრობლემა დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი გახლავთ. ეს უწყება დიდწილად დაკომპლექტებულია სახელმწიფო მოხელეებისგან და მათ შორის არავინ არის ისეთი, ვინც მეწარმეების ინტერესებს დაიცავდა, თუ არ ჩავთვლით ბიზნესომბუდსმენს. სწორედ ეს განაპირობებდა, რომ ხშრი შემთვევაში დავების განიხილავენ ზედაპირულად, მეწრმეებს ან უსმენენ ან არა.
გამომდინარე აქედან მეწარმეების ხშირი უკმაყოფილება დავების საბჭოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით, სრულიად ლოგიკური და სამართლიანია."