[სოლომონ პავლიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი]
დღეისათვის, საქართველოში ყოვლად გაუგებარი რამ ხდება - როცა ბარელი ნავთობი თითქმის 150 დოლარიდან 50 დოლარამდე დაეცა, ჩვენ ეს არ გვიგვრძნია და ფასების კლება მხოლოდ მინიმალური იყო, ხოლო ახლა, როცა მსოფლიოში ფასის ზრდის ტენდენციაა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად იზრდება. რაც ყველაზე სავალალოა, კატასტროფულად გაძვირდა მედიკამენტებიც, რომელის გამომწვევ მიზეზებზეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ეს არის პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალი, როდესაც სამედიცინო ბაზარი ჩაკეტილი ციკლია, დაწყებული სამედიცინო პრეპარატების წარმოებიდან, რეალიზაციის, სამედიცინო მომსახურების ქსელის და სადაზღვეო კომპანიების ჩათვლით. თუმცა ეს ცალკე თემაა.ეკონომიკური ზრდისთვის ინფლაციის არდაშვებნის კარდინალური მნიშვნელობის გამო აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ თუ რა მიზეზებმა განაპირობეს ინფლაცია საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მაღალი ინფლაციის დონე აღარ დავუშვათ.
ი.ფიშერის მიხედვით MV=PQ, ანუ P=MV/Q, სადაც P ფასების დონეა, M-ფულის მასა, V-ფულის ბრუნვის სიჩქარე. Q-რეალური საქონლისა და მომსახურების რაოდენობა. მაშასადამე, ფასების ინდექსი ტოლია ფულის მასის ინდექსის და ფულის მიმოქცევის სიჩქარის ინდექსის ნამრავლის განაყოფისა მთლიანი შიდა პროდუქტის ინდექსზე. შესაბამისად, ინფლაციის დონის განმსაზღვრელი ფაქტორებია ფულის მასის ზრდის ტემპი, მისი მიმოქცევის სიჩქარის ცვლილის ტემპი და მლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი.
პირველ რიგში საჭიროა გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაცია, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ „შეთქმულების“ მსხვერპლი. ამერიკელმა მეცნიერმა, მაკროეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, რობერტ ლუკასმა და მოლოდინის თეორიის სხვა ავტორებმა დაასაბუთეს, რომ „შოკური თერაპიის“ სოციალური ზიანი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობების არსებობა. კიდევ ერთი პირობაც - ინფლაციით გამოწვეული ზარალის კოეფიციენტი მით უფრო მცირე იქნება, რაც უფრო მოქონილი იქნება ფასები და ხელფასი. ინფლაციის შემცირება ყოველგვარი წარმოების მოცულობის შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის გარეშე შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ შრომის ბაზრის აბსოლუტური მოქნილობისას, რაც თითქმის შეუძლებელია.
უმტკივნეულო ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ყველა ეკონომიკური სუბიექტების მიერ დეტალური ინფორმაციის ფლობა, მთავრობისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის შემცირების პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, სანამ ჩამოყალიბდება მათი უმნიშვნელოვანესი სახის მოლოდინი. ასევე აუცილებელი პირობაა ის, რომ ვინც აწესებს ფასებს და ხელფასს (ეკონომიკური სუბიექტები) უნდა ენდობოდნენ მთავრობასა და ცენტრალური ბანკის საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში (ამის მაგალითია საქართველო), ეკონომიკური სუბიექტები არ შეამცირებენ თავის ინფლაციურ მოლოდინს და ანტიინფლაციური პოლიტიკა ეფექტიანი ვერ იქნება.
საერთოდ უნდა ავღნიშნოთ, რომ ინფლაცია ზოგადად ეს აუცილებელი პროცესია და საგანგაშო ამაში არაფერი არ არის, თუ ის ნორმის ფარგლებშია. იმიტომ, რომ ყოველი წლის დასაწყისში ქვეყნის ფულად საკრედიტო პოლიტიკით განსაზღვრულია ინფლაციის დასაშვები ნორმა, მაგ: 2010 წელს ეს განსაზღვრული იყო 6% - ით. საგანგაშო არა ინფლაციის ნორმალური დონეა, რომელიც აუცილებელიც კი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის, არამედ საგანგაშოა ინფლაციის მაღალი დონე, როცა უკვე ინფლაციის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმ შემთხვევაში თუ მონეტარული პოლიტიკა უძლურია ან მან თავის რესურსი ამოწურა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა? მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტჩანაცვლებადი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერაა, რაც ბიუჯეტიდან პირდაპირ თუ ირიბად უნდა განხორციელდეს.
დღევანდელ ინფლაციას უფრო აგფლაციის სახე აქვს, რაც ძირითადად სასურსათო - აგრარულ პროდუქციაზე ფასების ზრდას ნიშნავს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სექტორის პრიორიტეტული განვითარებაა აუცილებელი. 150 მილიონი ლარის გამოყოფა ეს ძალზედ კარგია, მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი. მე ვფიქრობ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ჭირდება თუ არა ქვეყანას აგრარული პოლიტიკა, მაგრამ არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აგრარული პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. უნდა გვახსოვდეს, რომ სოფლის მეურნეობა განვითარება ვერ მოხდება ქვეყნის მაკროეკონომიკური პროცესების მიღმა. ის უნდა იყოს მაკროეკონომიკურ განვითარების ადეკვატური და თანმდევი ყოველთვის. მხოლოდ ასეთ კომპლექსურ გადაწყვეტას ექნება პოზიტიური შედეგი.
ცნობისათვის არც ერთ ქვეყანას აგრარული პოლიტიკა არ მიუტოვებია „უპატრონოდ“. პირდაპირ თუ ირიბად ყველა სახლემწიფო ეხმარება სოფლის მეურნეობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა გარკვეულ შეზღვუდებს აწესებს სოფლის მეურნეობის სექტორის პირდაპირ დაფინანსებაზე, ამიტომ ჩვენ მისი მხარდაჭერა შეგვიძლია ირიბად, შემუშავებული პროგრამების საფუძველზე. ამაში იგულისხმება პირველ რიგში სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები, სარწყავი სისტემები, სასაწყობო მეურნეობა, სალიზინგო სამსახური, სატრაქტორო პარკები და სხვა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სადაზღვევო სისტემის ამოქმედება სოფლის მეურნეობაში და ხელმისაწვდომი კრედიტები. აგრარული პოლიტიკა თავისი იმანენტური ბუნებით ძალზედ განსხვავებულია სხვა სექტორების ეკონომიკური პოლიტიკისაგან. მისი განსხვავებულობა არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია „კალკირება“ მოვახდინოთ სხვა ქვეყნების აგრარული პოლიტიკის. სწორედ აქ გვჭირდება „ახალი ველოსიპედის გამოგონება“, იმიტომ, რომ აგრარური პოლიტიკის შემუშავების საფუძველი არის ქვეყნის სპეციფიკა, ტრადიცია, არსებული მიწის ფონდი, კულტურული მემკვიდრეობა, შესაბამისი გამოცდილება, ეროვნული შემოსავლის დონე და სხვა.
ამ პოლიტიკის წარმატებული რეალიზაცია უნდა გახდეს საფუძველი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, რაც გულისხმობს პირველ რიგში მოსახლეობის მომარაგებას სამამულო - ქვეყნის შიგნით წარმოებული სასურსათო საქონლით (70 – 80%-ით) ასევე ამ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ქართული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და შეძლოს მან კონკურენტუნარიანობა მსოფლიოს ბაზარზე.
როგორც ცნობილია სოფლის მეურეობაში წარმოების ეფექტიანობის დონე ძალზედ დაბალია, ის საგრძნობლად ჩამორჩება განვითარებული ქყვენების შესაბამის დონეს. ამის მიზეზებია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საბაზრო მეურნეობის, კონკურენციის უქონლობა, წარმოების მექანიზაციის და ავტომატიზაციის დაბალი დონე, მაღალი რესურსტევადობა, ხოლო მომდევნო პერიოდში ტრანსფორმაციული კრიზისი, რომელმაც კიდე უფრო საგრძნობლად შეამცირა და თითქმის მინიმუმადე დაიყვანა ეფექტიანობის დონე, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია გამოვყოთ დღეს მოქმედი სხვა მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური დონის მიზეზები. მაკროეკონომიკურია: (1) კომპლექსური მაკროეკონომიკურის მართვის არასაკმარისი დონე. (2) ქვეყნის სუსტი ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში. (3) საგადასახადო სისტემის არასტიმულირებადი ხასიათი სოფლის მეურნეობის სექტორისადმი. (4) სადაზღვევო პროდუქტის უქონლობა ამ სექტორში. (5) კრედიტების ხელმიუწვდომლობა. (6) ინფრასტრუქტურის დაბალი დონე. (7) ინვესტიციების უკუგების დაბალი მაჩვენებელი. (8) ენერგორესურსების ფასების მარალი დონე. (9)მორალური ფასეულობების ცვილება და სხვა.
მიკროეკონომიკურია: (1) მიკროეკონომიკური მართვის არასაკმარისი დონე. (2) მოძველებული საწარმოები. (3) არაეფექტიანი მოწყობილობა. (4) ტექნოლოგიების დაბალი ხარისხი. (5) მენეჯმენტის და მარკეტინგის დაბალი დონე. (6) არაეფექტიანი გამოკვლევები და დამუშავებები. (7) პროგრესული ტექნოლოგიების და ორგანიზაციების უგულველყოფა. (8) რაოდენური მეთოდებით გატაცება. (9) უყურადღებობა ადამიანური ფაქტორისადმი. (10) რისკისადმი დაბალი მიდრეკილება. (11) ორიენტაცია მიმდინარე მიზნებზე და სხვა. სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტისთვის არის საჭირო სოფლის მეურნეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ლოკომოტივის მაქსიმალური მხარდაჭერა და შესაბამისად აგრარული პოლიტიკის პრაქტიკაში წარმატებული რეალიზაცია. მხოლოდ მაშინ შევძლებთ განვითარებული ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევას.