რა არის სენატორი? სენატორი არის ადამიანი, რომელიც დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და სახელმწიფოებრივ კანონებს წერს.
რა არის საარჩევნო ბიულეტენი? საქონლის ერთადერთი სახე, რომლითაც ჩვენში უპროცენტოდ ვაჭრობენ.
რწყილიც კი შეიძლება ისე გაწვრთნა, რომ გააკეთებინო ყველაფერი, რასაც კონგრესის წევრები აკეთებენ.
მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი... თუმცა, რა... ეს ხომ გამეორება გამოვიდა.
(მარკ ტვენი, “სხვადასხვა”)
მეგონა, რომ ვერას პასპორტითაც ვერა ერქვა. თურმე, ვერონიკა ყოფილა და ვერა-მდე შეუმოკლებიათ. ახლა, ხუმრობით, იმასაც ვფიქრობ, რომ ნიკა გილაურსაც ვერონიკა ჰქვია და ნიკას ეძახიან. ეს – ხუმრობით, სრულიად სერიოზულად კი, მგონია, რომ ვერა-ვერონიკა სინამდვილეში არის ვენერა და თუ აფროდიტა-ვენერა ზღვის ქაფიდან იშვა, ვენერა-ვერონიკა-ვერა ქობალია ნამდვილად საფუარიდან არის წარმოშობილი, რადგან, როგორც მისი მდიდარი ბიოგრაფია მოგვითხრობს... ა, ბატონო, თავად წაიკითხეთ:
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილის შემცვლელად დაასახელა, 28 წლის ვერონიკა ქობალიაა.
ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ქობალია მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, კანადის ბიზნესკომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. მას აქვს კანადაში ქართული პურის ბიზნესი.
ვერა ქობალია საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას “კოალიცია სამართლიანობისთვის”.
სად სწავლობდა, რას სწავლობდა და თუ სწავლობდა, საერთოდ, რამეს, ამაზე არაფერია ნათქვამი. ან, იმ კომპანიებში რას აკეთებდა, ვის ხელმძღვანელობდა, რას ხელმძღვანელობდა... ეგეც არავინ იცის. და ის “კოალიცია სამართლიანობისთვის” რას წარმოადგენს? არც ამაზე გვეუბნებიან რამეს.
ეს ყველაფერი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ბლეფი მგონია. მგონია, რომ მიშა შეხვდა ემიგრანტებს, მათ შორის იყო ვერაც. მიშამ გაიგო, რომ ვერა აცხობს ქართულ პურს, ქართულ პურზე გაახსენდა ქართული ტყემალი და ტყემალზე გაახსენდა, რომ დედა-სამშობლოს ეკონომიკა საფრთხეშია.
ახლა, ვერა ქობალიას ორი ბიზნესი აქვს: პურის ბიზნესი – კანადაში და სამართლიანობის ბიზნესი – საქართველოში. სამართალმა პური ჭამა! დღემდე სულ ორი ქობალია ვიცოდი – ლოთი ქობალია და ალიკა ქობალია. ლოთი – ლოთია, ალიკა – გამგებელია. ვერას ერთ რჩევას მივცემ: ნუ გალოთდები და ნუ გაალკაშდები.
ახლა “ლედ ზეპელინის” “ემიგრანტების სიმღერას” ვუსმენ.
გასულ კვირაში დატრიალებულ სახელისუფლო კარუსელში ჩახტომა მოასწრო ირმა ნადირაშვილმა. ეს პატარა გოგო ჯერ მიწას არ ასცილებია (ასაკიდან გამომდინარე, ვეღარც ასცილდება), მაგრამ ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ალბათ, ირმა ფიქრობს, ჩემი შთამომავლობა იამაყებს იმით, რომ მე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიყავიო, მაგრამ ირმას ერთ რამეს ვეტყვი: გააჩნია პრეზიდენტს. თუმცა, შთამომავლობასაც გააჩნია.
“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობაში ცვლილებები არ იქნება. იქ აცხადებენ, რომ ნადირაშვილის ადგილს არავინ დაიკავებს. მართლაც, “სანტოსში” აღარავინ თამაშობს პელეს 10-ნომრიანი მაისურით, “მილანში” კი 3-ნომრიანი მაისური სამუდამოდ პაოლო მალდინის მფლობელობაში დარჩა.
ისე, ერთ რამეს დავაკვირდი და გთხოვთ, თქვენც მიაქციოთ ყურადღება. წლების მანძილზე სააკაშვილის ფავორში იყო მაია ნადირაძე, ახლა მისი ადგილი ირმა ნადირაშვილმა დაიკავა. ალბათ, ისიც გახსოვთ, ორიოდე კვირის წინ რა სიყვარულით საუბრობდა სააკაშვილი შაჰ-აბასზე და, მეტადრე, ნადირ-შაჰზე. რა ხდება?
აი, საინტერესო ნაგლეჯი არცთუ საინტერესო ნიუსიდან: “სამონადირეო ნაკვეთების მფლობელებს მიწის გადასახადის გადახდა მოუწევთ. სამონადირეო ნაკვეთების მფლობელები ამ გადასახდისგან აქამდე გათავისუფლებულები იყვნენ, თუმცა ეს შეღავათი მათ ახალი საგადასახადო კოდექსით ეხსნებათ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეს გადაწყვეტილება არ მოიწონეს, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ”.
მოკლედ, მიშა ჯერ ნადირებს დაერია, შემდეგ – მონადირეებს. ყურცქვიტა ცხოველებს კი მანამდე გაუსწორა ანგარიში და ალბათ ამიტომაც იყო, რომ მათ “ეს გადაწყვეტილება არ მოიწონეს, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ”. ანუ, გაუპატიურებისას მიიღეს მაქსიმალური სიამოვნება.
მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები “ეროვნული საბჭოს” დაშლის შესახებ. ნოღაიდელი ამბობდა, როგორ გეკადრებათო. მერე ამბობდა, გეკადრებათო! მერე – ეკადრებათო! და ბოლოს, მიიღო რა მაქსიმალური სიამოვნება, თქვა: “ო!”
თავიდან ითქვა, რომ ნოღაიდელი საბჭოდან წავიდა. ითქვა, რომ საბჭოს წევრებს ძაან უყვართ ნოღაიდელი, მაგრამ ამ ეტაპზე ასე სჯობს. კომუნისტების დროიდან მიჩვეულები ვართ ქვეტექსტებს და სტრიქონებს შორის კითხვას. ჰოდა, დავასკვენი, რომ შეყვარებულებმა იფიქრეს, სანამ ძაან შევტოპავთ, უპრიანი იქნება, ერთმანეთს დავშორდეთო. ბოლოს გაირკვა – თურმე, ნოღაიდელი “ეროვნული საბჭოდან” გარიცხეს. ბუნებრივია, ჩემი ძველი დასკვნა ახალმა დასკვნამ შეცვალა – ძაან შეტოპეს და ნოღაიდელი ქალიშვილი არ აღმოჩნდა.
კობა დავითაშვილი იძახის, კაპიკი ვერ გავაგდებინეთო, მაგრამ ჩემი ახალი დასკვნიდან გამომდინარე, ნოღაიდელს ფულს იქით აძლევენ. გასულ კვირაში ნოღაიდელი შეხვდა ოქრუაშვილს და გაჩეჩილაძეს და ლარმაც სტაბილურად დაიწყო გამყარება.
გასულ კვირაში ზურაბ ნოღაიდელი ხშირ-ხშირად იმეორებდა, არ მეგულება ქართველი პოლიტიკოსი, ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებაში ნამყოფი რომ არ იყოსო. ანუ, არც ერთი არ არის ქალიშვილიო. ვინც ქალიშვილობას იბრალებს, ყველა გაკერილიაო. ბრძნული გამონათქვამია – ყველა ვირი ერთ დროს ჩოჩორი იყო და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებულ ნოღაიდელთან მიმართებაში მეორე ბრძნული გამონათქვამი მახსენდება: ვირი - გინდა ღობის იქით დააბი, გინდა ღობის აქეთ - მაინც ვირია.
გასულ კვირამდე ლადო ვარძელაშვილი გორში იყო დაბმული და ახლა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადააბეს. ეს სამინისტრო გასულ კვირაში შეიქმნა კარგად გამომძღარ საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ “სპორტის სამინისტროს შექმნით ქვეყანა უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ამ მნიშვნელოვანი დარგისადმი”. განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ნუგზარ წიკლაური-მეფისტოფელისა.
ხალხო, მეტი ფოკუსი რაღად გინდათ? გაიხსენეთ გიორგი ნემსაძის 15-წუთიანი პრეზიდენტობა და ისიც გაიხსენეთ, რომ დღეს გიორგი ნემსაძე თბილისის საკრებულოში სწორედ იმ ადამიანებს წარმოადგენს, რომლებმაც ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი 15 წუთში ჯგუფურად მიაფოკუსეს.
რაც შეეხება ვარძელაშვილს, გორიდან რომ მოდიოდა, გორელებმა დაუძახეს, თან წაიღეო და... ვარძელაშვილმა სტალინის ძეგლი გამოიყოლა და ტკბილი მოგონებების (ოკუპანტები, დევნილები...) კოლექციის შესავსებად ჟურნალისტები აცემინა.
ნოღაიდელის პარტია გორში ჟურნალისტების ცემის ფაქტზე “შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან” სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ ვის თხოვს, ამას არ აკონკრეტებენ და ამიტომ, საკუთარ თავზე ვიღებ. შესაძლოა, თქვათ, ეს კაცი არ არის ადექვატურიო, მაგრამ ჟურნალისტების ცემაზე ჩემი სამართლებრივი რეაგირება ასეთი იქნებოდა – ნოღაიდელს ვცემდი. სწორედ ახლა “ლედ ზეპელინის” “სახრჩობელას” ვუსმენ.
ვაგრძელებ სპორტისა და ახალგაზრდობის თემას. ღვაწლმოსილი შაშკინი აგრძელებს ღვაწლმოუსავებზე ზრუნვას და ,,სკოლბურთის’’ ფინალურ თამაშს დაესწრო. ეს ამბავი მე, თქვენ, სრულიად საქართველოს და ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემმა მეგობარმა სააგენტომ შეგვატყობინა. ბავშვებს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში მსოფლიო ჩემპიონატის ცქერა ერჩიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ იარსებებდა ნიუსი და გეკითხებით: რა საჭიროა მინისტრი, რომლის შესახებაც დადებითი ნიუსები ზედადებითი სიუჟეტები არ ვრცელდება?
კიდევ ერთი: “დიმიტრი შაშკინმა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი გახსნა”. ეს რომ წავიკითხე, მეთქი, შემდეგი ნიუსი იქნება “დიმიტრი შაშკინმა “ო, ჩემო ტკბილო სამშობლოვ” გაიფიქრა”. ამაოდ ველოდი. ეტყობა, არ გაიფიქრა. სამაგიეროდ, იყო ასეთი - “დიმიტრი შაშკინი ჟურნალისტებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიშს წარუდგენს”. ალბათ, წარუდგინა კიდეც და ქვეტექსტი ასეთი იქნებოდა: “ვინც აქ ჩემამდე მუშაობდა, ყველანი იდიოტები არიან”.
სხვათა შორის, მგონია, რომ ხათუნა კალმახელიძეს ასეთი აზრი აწუხებს: “ვინც აქ ჩემამდე მუშაობდა, ყველა იდიოტია”.
ვზივარ და ამაოდ ველოდები სიკო ჯანაშიას პრესკონფერენციას. ხოლო თქვენ ნუ მოგატყუებთ “ღია სპორტული მოედანი”. მას იმიტომ უწოდებენ ღიას, რომ არ არის გადახურული, თორემ სხვა მხრივ, ის არის დახურული, შემოღობილია მავთულხლართებით და გასასვლელებში მანდატურები ტურებივით დგანან. ჰო – მავთულხლართებში დენი გადის.
სპორტისა და ახალგაზრდობის თემა ჯერ არ ამომიწურავს. “ახალგაზრდა სოციალისტები” და “საქართველოს ფალკონები” მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ საგადასახადო კოდექსს აპროტესტებენ”. წავიკითხე თუ არა ეს სიტყვები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ უვიცობაში და უწიგნურობაში. საქართველოს მანანები გამიგია, “მატეო ფალკონე” წამიკითხავს, მაგრამ “საქართველოს ფალკონები” არც გამიგია და არც წამიკითხავს. არც ვიცი, რას ნიშნავს “საქართველოს ფალკონები”. თან, საინტერესო ის არის, რომ პრესკონფერენცია სადმე “კანაპესთან” ან “ელვის ამერიკან დაინერთან” კი არა, დედა ენის ძეგლთან გამართეს. რავი... შესაძლოა, რაღაც შეცდომასთან გვაქვს საქმე, ანუ უნდა ეწეროს “საქართველოს ფლაკონები”.
“გოგა ხაჩიძე ხვალ დიდი ლილოს ტერიტორიაზე პარაპლანელთა საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას” - აქ შეცდომა გამორიცხულია, ნამდვილად ხაჩიძე იქნებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხაჩიძე გიჟდება პოლიციის ახალ შენობაზე და ჭკუა ეკეტება ბიომრავალფეროვნებაზე. ფესტივალი კი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელს მიეძღვნა.
უცებ წარმოვიდგინე, რომ ხაჩიძეს კაბინეტში სავარძლის ნაცვლად პარაპლანი უდგას. როცა მარტოა, ერთს გაიხედ-გამოიხედავს და დაფარფატებს ოთახში. ხანდახან თავს ჭერზე ურტყავს, მაგრამ ახსენდება, რომ “პარაპლანი მსხვერპლს მოითხოვს” და მშვიდდება.
“ვნანობ, რომ 5 წლის არა ვარ, რომ შაშკინის წესების მიხედვით შევიდე ამ სკოლაში” - თქვა მიშამ, როდესაც ფრანგულ სკოლას ხსნიდა. სააკაშვილის ამ სიტყვებზე ხათუნა კალმახელიძის წესები გამახსენდა, მაგრამ ეგ იქით იყოს. ახლა 1972 წელი რომ იყოს მიშა 5 წლის იქნებოდა და ფრანგულ სკოლაში სწავლის საფასურს – 4200 ევროს – ან საბჭოთა უშიშროება გადაუხდიდა და ანაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი. ენაცვალონ თემურ ალასანია და ედუარდ შევარდნაძე. მამა ენაცვალოს ნინოს, ბურჯანაძეს – მეწისქვილის ქალიშვილს, ბროშკების მბრძანებელს და პრინცესას ხორბლის მარცვალზე.
ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, არც ერთ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებას არ ვაპირებო. შვებით ამოვისუნთქე. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნება ქართვლის დედა, გვერდით დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასალის და ნიკო ფიროსმანის ძეგლები რომ დავუდგათ. ხმა გავრცელდა, ბურჯანაძე ნოღაიდელს, ოქრუაშვილს და ლევან გაჩეჩილაძეს შეეკრაო. ის ძეგლებიც მაგაზე გამახსენდა. ნინოს ხიბლი სწორედ მის ამაყ სიმარტოვეშია. მარტო ლოცულობს საქართველოსთვის და გაჭირვებულთა ფონდს უკანასკნელ საყურეს ანონიმურად სწირავს.
ძეგლებზე გამახსენდა... გიორგი სააკაძის მშობლიური კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო ხალხისთვის მიცემული დანაპირების შესრულება. გასულ კვირაში კასპის სიმბოლოები - გერბი და დროშა დაამტკიცა. გერბი არ მინახავს, მაგრამ წარმოდგენილი მაქვს და თუ როგორ მაქვს წარმოდგენილი, ახლავე მოგახსენებთ:
ერთ მხარეს ვხედავთ არსენა მარაბდელს, რომელსაც თავი აქვს გამოყოფილი ერთი დიდი კლდიდან და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს საგადასახადო სამსახურს, რომელმაც მისი შვიდასი თუმანი იპოვა. გერბის მეორე მხარეს გამოსახულია ცხენზე ამხედრებული გიორგი სააკაძე, ერთ ხელში ხმალი უჭირავს, ხოლო მეორეში – ცემენტით სავსე ტომარა.
დროშა? დროშაზე ჩანს ამერიკის ადმინისტრაციის რომელიღაც წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი ნება იყოს, დროშაზე დავხატავდი გია ბარამიძეს, რომელმაც გასულ კვირაში იტალიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა; დავხატავდი “ლეიბორისტებს”, რომლებმაც ამჯერად პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. თუ დაეტეოდა, დავხატავდი კახა ბენდუქიძეს, რომელიც მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს; დავხატავდი 5 წლის მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ხელში ჩაკბეჩილი კორჟიკი უჭირავს და ცრემლმორეული სლუკუნებს: “როგორ არის ნეხვი ფრანგულად?” დავახატავდი 42 წლის მიხეილ სააკაშვილს და მის სამ მეგობარ ქალს – ვერას, ნადეჟდას და ლუბოვს; დავხატავდი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ქალების უკანალებზე წამოჭიმულ საკრებულოებს და დავხატავდი საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც ამ უკანალებიდან ითხოვს შველას.
ე.ვ.დ.კ. (ეძღვნება ვაშაძეს და კომპანიას) ჩემი გაგზავნა გადაუწყვეტიათ საზღვარგარეთ ელჩად თუ კონსულად. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ამბავი სულაც არ მხიბლავს. ღმერთია მოწმე, ისედაც საკმაოდ უხეში და ზარმაცი ვარ, თუმცა არსად არ ვყოფილვარ ამერიკის ელჩად.
(მარკ ტვენი, “სხვადასხვა”)