„პროკურატურის კადრები ეროვნულ ბანკში კონტროლის გაძლიერებისა და შენარჩუნებისთვის ნაციონალებმა შეიყვანეს“

„პროკურატურის კადრები ეროვნულ ბანკში კონტროლის გაძლიერებისა და შენარჩუნებისთვის ნაციონალებმა შეიყვანეს“

უმრავლესობის დეპუტატები ეროვნული ბანკის ქმედებაში ბევრ საეჭვო მომენტს ამჩნევენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პარალელურად კი ექსპერტები სებ-ის საბჭოს წევრების არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი ბანკის საბჭოში ეკონომისტი სანთლით საძებარია.

„ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრი, რომლებიც პროკურატურის ყოფილი კადრები არიან, ფუნქციების ფორმალური შესრულებისთვის წელიწადში ხელფასის სახით 78 ათას ლარს იღებენ“, - აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოში პროკურატურის კადრები 2012 წელს შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებას და შეიცვალა საბჭოს დაკომპლექტების წესი.

„2012 წლის 30 აპრილს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ძალაში შევიდა ცვლილება; თუ ცვლილების მიღებამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლებოდა, ყოფილიყო მხოლოდ ფინანსისტი ანდა ეკონომისტი, ეს შეზღუდვა მოიხსნა და საბჭოში შესვლის უფლება მიეცა სხვა დარგის სპეციალისტებსაც, თუმცა არაუმეტეს ორი წევრისა.

ცვლილების ძალაში შესვლიდან 2 კვირაში, 2012 წლის 15 მაისს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა დაამტკიცა 2 კადრი - ვაჟა ჯანყარაშვილი და ნიკოლოზ გონგლიაშვილი. არც ერთი მათგანი პროფესიით ეკონომისტი არ არის და მათი საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივ სფეროს, კონკრეტულად კი პროკურატურას.

ცალსახაა, რომ კანონის ცვლილება სწორედ იმ მიზნით მოხდა, წინა ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე კონტროლი გაეძლიერებინა და შეენარჩუნებინა, ვინაიდან საბჭოს წევრები, როგორც მოგეხსენებათ, ირჩევიან 7 წლის ვადით“, - განმარტავს ჭიჭინაძე.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ვაჟა ჯანყარაშვილი პროფესიით იურისტია, ხოლო მისი სამუშაო გამოცდილება, 1983 წლიდან 2012 წლამდე, უკავშირდება მხოლოდ პროკურატურას, იგი 3 ათეული წლის განმავლობაში პროკურატურაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას და ამის შემდეგ შეცვლილი კანონის საშუალებით აღმოჩნდა ეროვნული ბანკის საბჭოში.

 

ნიკოლოზ გონგლიაშვილს კი ჯანყარაშვილისგან განსხვავებით გააჩნია საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგია, თუმცა ასევე ფლობს ეკონომისტის კვალიფიკაციას ქ.თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან - „აჭარა“. გონგლიაშვილი სხვადასხვა დროს იყო გიორგი ქადაგიძის მოადგილე პროკურატურასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

ნოდარ ჭიჭინაძე გამოსავალს კანონის ძველი ნორმის აღდგენაში ხედავს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში არაპროფილური პროფესიის მქონე პირების არსებობა შეიზღუდება.

ახალგაზრდა ფინანსიტების გარდა, სებ-ზე შეტევისათვის ემზადებიამ პარლამენტში, მით უმეტეს, რომ ბოლო 1 თვეში ლარის კურსი ყოველგვარი მიზეზი გამო ეცემა. დეპუტატები თვლიან, რომ მიზამიმართული ქმედებაა და გამოძიების დაწყებასაც არ გამორიცხავენ.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დაუფარავად განაცხადა, რომ თუ დადასტურდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანაშაული, მაშინ გამოძიებაც უნდა დაიწყოს.

`ეკონომისტებისა და ბიზნესმენების შეფასებით, ლარის გაუფასურება განაპირობა ეროვნული ბანკის არასწორმა მოქმედებებმა. ერთი პერიოდი, როდესაც დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ორამდე ავიდა, ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ინტერვენცია არ გააკეთა. როდესაც 2.35-ზე ავარდა კურსი, ეროვნულმა ბანკმა 280 მილიონი ლარი გამოუშვა ბაზარზე, ხოლო მეორედ - 300 მილიონ ლარამდე. ამან დიდი რღვევა გამოიწვია.

იყო მსჯელობა, პარლამენტში დაბარებული იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც. ჩვენ ვთქვით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არასწორი ნაბიჯები გადადგა, როდესაც ინტერვენცია გააკეთა არა ლარის გამყარებისთვის, არამედ პირიქით~, - განაცხადა თოფაძემ. 

მისივე თქმით, საპანიკო არ არის, რომ ეროვნულ ბანკზე იქნება გარკვეული კონტროლი.

`ამაზე იყო განხილვა ექსპერტების და სპეციალისტების და რა საპანიკო გახდა, რომ იქმნება გარკვეული კონტროლი? ჩვენი წვალებით რაღაცნაირად შევინარჩუნეთ კურსი, როდესაც დავიწყეთ ეროვნული ბანკის სერიოზული შემოწმება და კრიტიკა. შემოწმდეს, რაში უშლის ხელს ეროვნულ ბანკს?! თუ დაშვებული იქნა რაღაც შეცდომები, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. კომისიამ, რომელიც იქმნება უნდა ნახოს რა ხდება, რომ აღარ მოხდეს ასეთი შეცდომები. ნუ დავხატავთ ქადაგიძეს ანგელოზად - ფაქტები გვაქვს. თუ დააშავა, ხალხმა უნდა მოსთხოვოს პასუხი. თუ ეს დანაშაული დადასტურდა, გამოძიებაც უნდა დაიწყოს~, - განაცხადა თოფაძემ.