ქობალიას ყაზახური ინვესტიციებისა მიამიტურად სჯერა

ქობალიას ყაზახური ინვესტიციებისა მიამიტურად სჯერა

[ეკა ბაქრაძე]

ყაზახებს საქართველოში თითქმის არცერთი საინვესტიციო პროექტი ბოლომდე არ მიუყვანიათ. შესაბამისად, ამ ქვეყნიდან კაპიტალის შემოდინებაც არ შეიმჩნევა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია რატომღაც ირწმუნება, რომ შუა აზიიდან ინვესტიციების ახალი ნაკადი მოზღვავდება.

საქართველოს მდგრადი მინისტრი 2011 წელს ყაზახეთიდან დიდ ინვესტიციებს მოელის. ამის შესახებ ქობალიამ საქართველოში ვერ დაიქადნა, მაგრამ ყაზახური „ლიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თამამად ისაუბრა.

„3-4 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით ყაზახეთი პირველ სამეულში იყო, თუმცა ბოლო წელიწადნახევარში ყაზახეთიდან ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. 

ამის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისი გახდა, რომელმაც კვალი საქართველოზეც დატოვა. 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკის 3.9%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, თუმცა ფეხზე ისევ სწრაფად წამოვდექით და 2010 წელი მშპ-ის 6.5%-იანი ზრდით დავასრულეთ.

ამიტომ ბევრი ინვესტორი დაბრუნდა და თავისი კაპიტალდაბანდებები განაახლა. გარდა ამისა, ჩვენ ინვესტიციების დივერსიფიკაციის პოლიტიკას ვაწარმოებთ, კერძოდ, მათ სფეროების ფართო სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ. ამდენად, ვიმედოვნებ, რომ 2011 წელს ჩვენ ყაზახეთიდან დიდ ინვესტიციებს მოვიზიდავთ“, - განაცხადა ქობალიამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართული ბიზნესი ყაზახეთის საქმიანი წრეებისთვის მიმზიდველი გახდება.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველა პირობა შექმნა, რათა ჩვენი ბიზნესი ყაზახეთის პარტნიორი ყოფილიყო. ქართული ბიზნესი უკვე გამყარდა და გარწმუნებთ, რომ ის ყაზახეთის საქმიანი წრეებისთვისაც მიმზიდველი იქნება“, - აღნიშნა ქობალიამ.

ყაზახეთიდან ინვესტიციების შემოდინება მინისტრს საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული ავიარესიების განხორციელების დაწყებით გეგმავს. ქობლიას ინფომარციით, თბილისსა და ალმა-ატას შორის ერთ თვეში რეგულარული ავიარესიების განხორციელება დაიწყება.

„ავიარეისები თბილისსა და ალმა-ატას, ასევე თბილისსა და აქტაუს შორის კვირაში სამჯერ შესრულდება. ასეთი განრიგი განისაზღვრა იმიტომ, რომ ვხედავთ ყაზახეთის მოსახლეობის მხრიდან საქართველოზე მოთხოვნას“, - აღნიშნა ქობალიამ.

ძნელი წარმოსადგენია რამდენად შეუწყობს ხელს ინვესტიციების შემოსვლას ორ ქვეყანას შორის კვირაში სამჯერ განხორციელებული ავიარეისი. ამჟამინდელი მდგომარეობა კი ისეთია, რომ ყაზახებს საქართველოში კაპიტალდაბანდების განახლების სურვილი მთლად დაკარგული აქვთ. ახალს ვინღა ჩივის, შუა აზიელები უკვე დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე ამბობენ უარს.

მაგალითად, ყაზახმა ინვესტორებმა პირწმინდად დაანგრიეს და მიატოვეს სასტუმრო ლიკანი. ისინი მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებას არაფრის გულისთვის არ ასრულებენ. 2006 წელს ჩალის ფასად ნაყიდი სანატორიუმი, რომელიც დსთ-ს სივრცეში უნიკალურად მიიჩნეოდა, ყაზახებმა მიწასთან გაასწორეს. 

„ყაზმუნაიგაზის“ მფლობელებმა ჯერ კიდევ 4 წლის წინათ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს მისცეს პირობა, რომ ლიკანის საკურორტო კომპლექსს საერთაშორისო სტანდარტებით მოაწყობდნენ, შემდეგ მორიგი პირობები მორიგ მინისტრებთან დაიდო, ჯერ ლაშა ჟვანია, შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილი ყაზახებთან ერთად საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ლიკანი მალე აშენდებოდა.

მსგავსი სიტუაცია განმეორდა თბილისის იპოდრომთან, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან და ხორბლის ტერმინალთან დაკავშირებით. ყაზახები ყველა წამოწყებულ პოექტზე უარს ამბობენ. ასე რომ, ქობალიას მტკიცება, თითქოსდა შუა აზიიდან ინვესტიციების ახალ ნაკადს უნდა ველოდოთ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.