რატომ არ კითხულობენ დეპუტატები გაზეთებსა და კანონპროექტებს?

რატომ არ კითხულობენ დეპუტატები გაზეთებსა და კანონპროექტებს?

[რუსიკო მუმლაძე]
ერთმა დეპუტატმა სიამაყით გამოგვიცხადა, მე გაზეთებს არ ვკითხულობ და პრესა.გე რა არის, არ ვიციო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დეპუტატმა არც ახალ, მისი მთავრობის “რევოლუციურ” საგადასახადო კოდექსზე იცოდა იმაზე მეტი, რაც ტელევიზორის ყურებისას შეიტყო.

“თქვენ ჩემზე უკეთ იცით ჩამონათვალი”, - ჯენტლმენური ღიმილით გვითხრა დეპუტატმა გია როინიშვილმა, როცა ჩვენ ვსაუბრობდით იმ ბიზნესებზე, რომლებსაც გადასახადი მოემატათ. თუმცა, რა იყო იმაში გასაღიმებელი, ჟურნალისტი დეპუტატზე უკეთესად რომ იცნობს ახალ კანონს, ნამდვილად ვერ გეტყვით.

არადა, მთავრობის მხრიდან კოდექსის საჯარო განხილვის დაწყების დღიდან რომ ეკითხა პრესა.გე ყოფილ ხელოვანს და ამჟამად კანონმდებელს, ხომ ზეპირად ეცოდინებოდა კოდექსის ყველა ლაფსუსი, თუ დადებითი მხარე. მერე კი, აღარც ჟურნალისტთან საუბრისას ჩავარდებოდა უხერხულ მდგომარეობაში და არც ამ სტატიის მოქმედი გმირი გახდებოდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ყოფილი მსახიობი…

ისე, თუ ინტერნეტ-გაზეთის შესახებ არაფერი იცის დეპუტატმა, რომელიც ჩვენ რომ მის კაბინეტში შევედით, კომპიუტერში რაღაცეებს ეძებდა, ის გაზეთები მაინც წაეკითხა, რომლებიც იბეჭდებიან? იქიდანაც იმდენ ინფორმაციას მიიღებდა, რომ საკუთარი ამომრჩევლების უფლებების დაცვას (თუ მას ეს აინტერესებს), ნამდვილად შესძლებდა, რადგან პარლამენტმა დღეს ეს კოდექსი პირველი მოსმენით უნდა მიიღოს და გია როინიშვილი მის საფუძვლიან შესწავლას ალბათ, ვეღარ მოასწრებს.

სხვათაშორის, მას ამისთვის საკმაო დრო ჰქონდა, რადგან გილაურის მთავრობამ ამ კოდექსის საჯარო განხილვებს დიდი დრო დაუთმო, სხვა კანონებისგან განსხვავებით, რომელთა პარლამენტში შეტანა და სამივე მოსმენით განხილვა, ხშირად ერთ დღეშიც ხდება ხოლმე. ზოგადად, კანონის წინასწარი, საჯარო განხილვის პრეცენდენტი დღეს მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში რომ გაჩნდა, ეს ძალიან კარგია. უცხოელ პარტნიორებს ერთ დღეში კანონის მიღების ჩვენეული წესი აოგნებთ ხოლმე და ქართველ დეპუტატებთან პირად საუბრებშიც ხშირად აკეთებენ აქცენტს ამ თემზე..

ერთი სიტყვით, მთავრობამ და პარლამენტმა ძლივს ერთი კანონის ხანგრძლივი განხილვა დაიწყეს, მოტივით, საზოგადოება უფრო კარგად ჩაერთოს ამ დისკუსიებში და უკეთესად აღიქვას კოდექსიო, მაგრამ, როგორც ჩანს, იქვე პარლამენტში მსხდომ დეპუტატებს არ აქვთ ამ კოდექსზე სრული წარმოდგენა. ისე, კარგი იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარე თავის დეპუტატებს ახლა მაინც მოსთხოვს კოდექსის ძირეულ გაცნობას, რომ ეს კანონიც მხოლოდ ოპოზიციის ხმაურისა და პულტებზე თითის დაჭერის გარემოში არ მივიღოთ.

რომ გაგვერკვია, ვინ როგორ იცნობს ახალ კანონს, რომელიც დღეს პირველი მოსმენით გადის უკვე სხდომაზე, იმ დეპუტატებით კი არ დავინტერესდით, რომლებიც “ნაცების” გამოკვეთილი ლიდერები არიან, არამედ იმათით, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან, თუმცა, მათი ხმა აუცილებელია ახალი კანონის ასამოქმედებლად.

პრესა.გე-მ ორ, ზოგადად ნაკლებად აქტიურ დეპუტატთან შეხვედრა მოახერხა. პარასკევს, 5 საათისთვის, დანარჩენების კაბინეტებსაც ჩამოვუარეთ, მაგრამ ისინი ადგილებზე არ დაგვხვდნენ.. გია როინიშვილი და ხათუნა ოჩიაური კი ვიპოვეთ, ერთი კაბინეტში, მეორე ლიფტთან, მაგრამ ვერსად ვნახეთ დეპუტატები: კორნელი კუკულავა, აზერ სულეიმანოვი, კანდიდ კვიციანი, რამინ ბაირამოვი, გურამ კაკალაშვილი, არმენაკ ბაინდურიანი, იაშა შერვაშიძე და კიდევ ბევრი სხვა.

ერთ-ერთ დერეფანში დამლაგებელი შეგვხვდა და გვითხრა, აქ იყო სუყველა, მაგრამ ახლა წავიდნენო. არადა, დღის 5 საათი იყო. ჩვენ ვერ გავარკვიეთ, შეიძლება, მათ იციან კიდეც ახალი კოდექსის შესახებ, მაგრამ საერთოდ, ერთი საათით გვიან რომ წავიდნენ დეპუტატები სამსახურიდან, ხომ უფრო კარგად გაერკვევიან იმ კანონებში, რომლებსაც მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერით იღებენ? თანაც, ისეთ მნიშვნელოვან კანონზე როცაა საუბარი, როგორიც საგადასახადო კოდექსია...

ვისაც გავესაუბრეთ, ისინი კოდექსის რაღაც ნაწილს იცნობენ კარგად, უმეტეს მუხლებს კი – არა. მაგალითად, როინიშვილი იმ სიტყვებით გველაპარაკა, რასაც ყოველდღე იმეორებენ ტელევიზიებით პრემიერ-მინისტრი, თუ ფინანსთა მინისტრი: მიკრო და მაკრო ბიზნესი, დიფერენციაცია, 200 ათასიანი ბრუნვა, რევოლუციური კოდექსი და ა.შ..

კარგად იცნობთ თუ არა ახალ საგადასახადო კოდექსს, რა არის იქ დადებითი ცვლილება და რა არ მოგწონთ?
გია როინიშვილი: “არის საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს არის, ეე, დახარისხება გადამხდელების, გასაგებად რომ ვთქვათ. ძალიან კარგია ის მომენტი, 200 ათასიანი ბრუნვის დროს, ის რა ქვია, გადასახადს არ იხდიან და იმის ზევით იხდის დღგ-ს. არის ძალიან დადებითი შედეგები. არის კითხვები განათლების საკითხში ფინანსთა სამინისტროსთან. გადასახედია ეს თემა და ამაზე კონსულტაციები მიდის.

უნდა დაიბეგროს, თუ არა სასწავლებლები?
-აქ არის საპოვნელი ის გზა, რომელიც ოპტიმალური იქნება განათლების სფეროსთვის. ეს შემიძლია, გითხრათ. ანუ გზა, რომელიც იმას, მოწაფეს, ან სტუდენტს არ დაუმძიმებს გადასახადს. ამაზე სამინისტრო მუშაობს, არ არის გადაწყვეტილი. კოდექსზე მუშაობა გრძელდება. არის საკითხები, რომელიც საკამათო იყო.

თქვენთვის როგორი საკითხებია საკამათო? “ნაციონალური მოძრაობა” ტოვებს ხელფასების 20%-იან დაბეგვრას, ანუ 20%-იან საშემოსავლოს, ეს ქვეყნისთვის კარგია?
-ერთიანობაში, ეს საგადასახადო კოდექსი, აქ მიდის ბიზნესმენებთან სერიოზული მუშაობა, სერიოზულ ბიზნესმენებთან და საერთოდ, წამყვან ბიზნესმენებთან საქართველოში. ასევე სხვადასხვა წრეებთან, სხვადასხვა სოციუმებთან, ასე ვთქვათ, და ერთიანობაში ეს კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა რევოლუციურია. მაგრამ შიგნით არის საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. ეს შემიძლია, გითხრათ.

მე ის მაინტერესებს, თქვენთვის რომელია დასაზუსტებელი საკითხი.
-იგივე განათლების სფეროში, როგორ იქნება, მეტად უფრო გასაგებად უნდა იქნას ჩამოყალიბებული.

საშემოსავლოს იგივე პროცენტის დატოვება არ აჩენს თქვენში, როგორც დეპუტატში, კითხვას – რატომ? მაშინ, როცა “თავისუფლების ქარტია” დეკლარირებული იყო და ვამბობდით, რომ უნდა დაიწიოს ამ გადასახადმა 18%-მდე?
-გასაგებია, იყო ამაზე ლაპარაკი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის მიხედვით. ჩვენ ვიღებთ მთლიანად კოდექსს. გადასახადების დაწევა და შიგნით შეცვლა დროთა განმავლობაში, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, იმის მიხედვით გადაწყდება და შესაძლებელი იქნება..

თქვენი დეპტატის აზრით, გადასახადების რაოდენობა იზრდება ამ კოდექსით თუ იკლებს?
-უნდა გითხრათ, რომ მიკრობიზნესისთვის, მცირე ბიზნესისთვის ეს კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გადასახადები იკლებს. ვთქვათ, იგივე დიდი ბიზნესისთვის, იგივე ღვინოს, ალკოჰოლური სასმელებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაცა ძვირდება და უფრო სერიოზული გადასახადი იქნება. ეს დიფერენციაცია ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, მე ასე ვფიქრობ.

მობილურ ტელეფონზეც...
-ნუ, იქ ახლა, ჩამონათვალი, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ არის რაღაცეები, რაც უფრო მეტად დაიბეგრება.. მიკრობიზნესისთვის მართლაც შეღავათია.. ამ კოდექსით ძალიან შეეწყობა ხელი დასაქმებას იგივე მიკრობიზნესში, რა.

თვითდასაქმებას...
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თვითდასაქმებას. სახელმწიფოს რა შეუძლია, რომ ასეთი კერძო ობიექტების გახსნას და სუბიექტების ამუშავებას გადასახადებით უნდა შეუწყოს ხელი, იმ ხალხისთვის ვისაც უჭირს. ვინც ნამცხვარს აცხობს, ის სწვავის შემომტანივით არ უნდა იბეგრებოდეს. ეს დიფერენციაცია იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ანუ გია როინიშვილი, რომელიც ხმას აძლევს კანონს, მაგრამ მაგალითად დაბეგრილი პროდუქციის ჩამონათვალი არ იცის რუსიკო მუმლაძეზე უკეთესად, ხმას აძლევს ახალ კოდექსს...
-არა, ეს კოდექსი, ჯერ განხილვის ეტაპზეა. ბოლოში რა ჩამოყალიბდება და რა შემოვა, ამას ვნახავთ. ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას”.

და მაინც, რატომ არ იციან დეპუტატებმა სიღრმისეულად ის საგადასახადო კოდექსი, რომელსაც ხმა უნდა მისცენ ორ კვირაში და რომელსაც მთავრობა რევოლუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი კანონმდებლობა საგრძნობლად გააუმჯობესებს ქართულ ბიზნეს-გარემოს? მაშინ, როცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონი სულაც არ არის რევოლუციური და მისი მუხლების 95% იგივეა, რაც ძველში იყო? არადა, დეპუტატებმა ოპოზიციის შენიშვნები კი არა, როგორც ჩანს, თავიანთი მთავრობის შეტანილი კოდექსის სრული შინაარსიც არ იციან.

როინიშვილმაც და ოჩიაურმაც იციან კოდექსის ის ნაწილი, სადაც განათლების სფეროში გადასახადების მომატებაზეა საუბარი, რადგან ორივე განათლების კომიტეტის წევრია. თუმცა, ორივე გაურბის კითხვაზე პასუხს, რომელიც 20%-იან საშემოსავლო გადასახადს ეხება და რომელიც ყოფილი ფინანსთა მინისტრის, დავით ონოფრიშვილის თქმით, 2011 წლისთვის, “ნაცების” დაპირების თანახმად, 18%-მდე უნდა ჩამოსულიყო.

პრინციპში, საშემოსავლოს გაზრდა-შემცირების საკითხს ხელისუფლებაში “რიგითები” არ წყვეტენ და, შესაბამისად, ვერც კომენტარს აკეთებენ. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაკანონების დროს, მათ მხოლოდ პულტებზე თითის დაჭერა ევალებათ ხოლმე. ახლა კი, იმის შესახებ, როგორ გვასწავლა არქიტექტორმა დეპუტატმა, ხათუნა ოჩიაურმა, რა არის გადასახადი.

დეპუტატი ოჩიაური: “განათლების სფეროს ნაწილში დამატებით კონსულტაციას გავდივართ და ჯერ ხმას ვერ მივცემთ.

საშემოსავლო გადასახადი რომ არ ჩამოდის 18%-მდე, ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
-იცით, რა, იმის გამო, რომ ჩვენ კიდევ გავდივართ დამატებით კონსულტაციებს, ამაზე, ნება მომეცით ჯერ არ გავაკეთო კომენტარი. ეკონომიკის სფერო არ არის ჩემი სფერო, კოდექსის სხვა ნაწილი... განათლების საკითხი…

თქვენი აზრით, ზოგადად გადასახადები უნდა დაწესდეს განათლების სფეროში?
-ეს, ეხლა ძალიან ზოგადი კითხვაა. ხო, უნდა დაიბეგროს ზოგადად? ჩვენ კარგად გვესმის რა არის გადასახადი ზოგადად? გადასახადი არის ის, რასაც ჩვენ, მე, თქვენ, ყველა ვაგროვებთ ფულს, ვიხდით იმისთვის, რომ ისევ ჩვენმა შვილებმა ისწავლონ

ეს მე და თქვენ შეგვიძლია გადავუხადოთ ჩვენს შვილებს სწავლის საფასური, ანაზღაურება მაღალი გვაქვს, მაგრამ იმათ რა ქნან, ვისაც ეს არ შეუძლია?
-არა, მესმის რომ არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არის გადასახადი. ჩვენ გადასახადების გაზრდის გზით არ მივდივართ ზოგადად. პირიქით. ჩვენი პრინციპია - გადასახადების შემცირება და უფრო ლიბერალური კანონების მიღება.

ზოგადად, ახალი კოდექსით სასწავლებლები რომ იბეგრებიან, ამას რიგითი დეპუტატები შეეწინააღმდეგებით?
-არ გითხარით, ამაზე დამატებით კონსულტაციებს გავდივართ. რატომ გავდივართ, ხომ სრულიად გასაგებია? რაღაცას არ ვეთანხმებით, თორემ ხომ მივიღებდით პირდაპირ”.