შრომას შეწირული ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება

შრომას შეწირული ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება

[რეზონანსი]

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად დედამიწაზე რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი - იღუპება. მდგომარეობა სახარბიელო არც საქართველოშია, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. განსაკუთრებით კი საგანგაშო ბოლო წლის მონაცემებია. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, 2010 წლიდან დღემდე ჯგუფური უბედური შემთხვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 81 ადამიანი დაიღუპა, საწარმოო ტრავმა კი 168 ადამიანმა მიიღო.

2009 წლის მონაცემები კი ასე გამოიყურება - ჯგუფური უბედური შემთხვევის 2 ფაქტი დაფიქსირდა, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა 35 ადამიანი, საწარმოო ტრავმა კი 30-მა ადამიანმა მიიღო.

2010-2011 წლების ქრონიკა კი ასე გამოიყურება:

2011 წლის 20 აპრილი - თბილისში, სტანისლავსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისში აფეთქება მოხდა, რასაც 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველთა განცხადებით, გარდაცვლილი სატვირთო ავტომობილზე საბურავს ცვლიდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. ახალგაზრდა მამაკაცი აფეთქების შედეგად თავის არეში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ აღნიშნულ ავტოსერვისში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. გარდაცვლილი ვულკანოლოგიის ცენტრის სპეციალისტი იყო.

2011 წლის 2 აპრილი - ზუგდიდში სასულიერო გიმნაზიის მშენებლობაზე 43 წლის კაცი დაიღუპა, მას 10-ტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.

2010 წლის 24 დეკემბერი - სამშენებლო კომპანია „განის“ მშენებლობაზე უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა. შემთხვევა ქეთევან წამებულის 71-ში მშენებარე მშენებარე კორპუსში მოხდა. მუშა მაღალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულიდან ჩამოვარდა. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა იყო.

გასულ წელს ყველაზე ხმაურიანი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ფაქტები გახდა. 2010 წლის მარტიდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით იქ 3 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 9 მეშახტე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

2010 წლის 3 მარტი - ტყიბულში, კერძოდ მინდელის შახტაში აფეთქება მოხდა, ინციდენტისას 4 ადამიანი დაიღუპა. იმ დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის უფროსმა დავალება გასცა და მე-11 უბანზე სამუშაოდ მესამე ცვლა ჩავიდა. ცვლა შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული: მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის სამთო ოსტატი - 66 წლის მიზდონ ონიანი, ამავე შახტის ელ. ზეინკლები - 53 წლის გიორგი ბრეგაძე და 71 წლის ჯემალ ჯიშიაშვილი, მოსამზადებელი უბნის გამყვანები - 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 38 წლის ბესო ზოსიაშვილი.

უბნის უფროსს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ უბანზე, სადაც მესამე ცვლას უნდა ეწარმოებინა სამუშაოები, მაგნიტური გამშვები დაზიანებული იყო, რომელიც ქსელში იყოჩართული და ელექტროენერგიის გათიშვას იწვევდა. ამის მიუხედავად, ცვლის თანამშრომლებს შახტაში მაინც უშევებენ.

ზუსტად 22:20 საათზე ძიძიგურის სახელობის შახტის N15 უბნის მუშებს N11 უბნიდან აფეთქების ხმა მოესმათ. აფეთქების ხმა გაიგეს მინდელის სახელობის შახტის N5 და N7 უბნებშიც, საიდანაც მუშები შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ. შემთხვევის ადგილზე მისულებს მესამე ცვლის ოთხი თანამშრომელი გარდაცვლილი დაუხვდათ, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მხოლოდ ბესო ზოსიაშვილი.

2010 წლის 27 აგვისტო - ისევ მინდელი სახელობის შახტა და ისევ აფეთქება, დაიღუპა 4 ადამიანი. მაშინ მინდელის სახელობის შახტაში მესამე ცვლის 10 თანამშრომელი შევიდა. სამუშაოს დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში აფეთქების ხმა გაისმა. სამი თანამშრომელი - ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე და პაატა მოდებაძე ადგილზევე დაიღუპა. მალხაზ ჭანტურიძე -საავდმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 6 თანამშრომელი, მათი მკურნალობა დამწვრობის ცენტრში თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად შერყეული ჯანმრთელობის გამო, მუშაობას ვეღარასდროს შეძლებენ.

2011 წლის 22 იანვარი, ისევ აფეთქება და ისევ მინდელის შახტაში. ბოლო ინციდენტს 1 მაღაროელი ემსხვერპლა, დაშავდა 4 ადამიანი. წინა შემთხვევეის ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც, აფეთქება მეთანის ზედმეტი დოზის დაგროვებამ გამოიწვია.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უბედური შემთხვევებისა, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაფიქსირდა, ფაქტები კი უამრავია, რაზეც პროფკავშირების ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ამის მიზეზი კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, არსებული „შრომის კოდექსი“ და გაუქმებული შრომის ინსპექციაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულია მხოლოდ დაშავებული ადამიანის რეაბილიტაცია. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი თავად დამქირავებელი საკუთარი გამოკვლევით დაადგენს, რომ დამნაშავე თავადაა. დამქირავებლის მიერ საკუთარი თავის გამტყუნების პრეცედენტი კი, როგორც პროფკავშირებში ამბობენ, ჯერ არ ყოფილა. თანაც კანონში არის უფრო დიდი უცნაურობაც. სასამართლოში მიმართვის შემდეგ შეიძლება დაშავებულმა რაღაც თანხა მაინც მიიღოს, მაგრამ თუკი სამუშაო პროცესში გარდაიცვალა პირი, ვინაიდან გარდაცვლილის რეაბილიტაცია შეუძლებელია, „შრომის კოდექსი“ არანაირ კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, „შრომის კოდექსით“ დამსაქმებლებს აქვთ უფლებები, დასაქმებულს კი მხოლოდ ვალდებულებები, რაც შუასაუკუნეობრივი აზროვნების შედეგი და ფეოდალური ხანის ნოსტალგიაა.

იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, საჭიროა, არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. 2006 წლამდე არსებობდა შრომის დაცვის ინსპექცია, თუმცა შემდეგ, როდესაც „შრომის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გააუქმეს. ამ სამსახურის აღდგენამდე კი, როგორც პროფკავშირების შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ვიქტორ დოლიძე ამბობს, „ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება“.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც სამუშაოს შესრულებისას დასახიჩრებული და დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის დაცვის ინსპექცია. ამასთან, არ გვაქვს გამართული კოდექსი. არის შემთხვევები, როდესაც მუშა აღმოაჩენს, რომ ობიექტზე არსებობს ტექნიკური პრობლემები და უსაფრთხოების ნორმებია დარღვეული, თუმცა შიშის გამო, რომ სამსახურიდან არ გაუშვან, ხმას არ იღებს. ასეთ ადამიანებს, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს, კანონი არ იცავს და, შესაბამისად, ჩუმდ ყოფნას ამჯობინებენ. ამიტომაცაა, რომ ასეთი მძიმე შედეგები გვაქვს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ვიქტორ დოლიძემ.

28 აპრილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით მთელს მსოფლიოში შრომის დაცვისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს გაერთიანებული პროფკავშირები ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს და არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას.

თავად ამ დღის, ანუ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნის დღის აღნიშვნას საფუძველი 1989 წელს ამერიკასა და კანადაში ჩაეყარა. 2003 წლიდან კი გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით 28 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც შრომის დაცვისა და ასევე, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1 მლნ 200 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველდღიურად კი მათი რიცხვი 3 ათასამდე აღწევს. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, საწარმოო ტრამვას ყოველწლიურად 250 ათასი ადამიანი იღებს, ხოლო 160 მილიონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავადდება.