დიდი ვაჭრობა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში შესავლელად

დიდი ვაჭრობა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში შესავლელად

[ეკა ბაქრაძე]

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ამ კვირის ბოლოს, 28 აპრილს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება. რუსებს ამ მოლაპარაკების საკმაოდ ეიმედებათ და როგორც ჩანს, იმედის საფუძველს მათ საქართველოს მთავრობის განცხადებები აძლევთ. ამიტომაცაა, მოსკოვში გადაჭრით აცხადებენ, რომ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საწადელს წლის ბოლომდე შეისრულებენ.

რუსულ გამოცემა «ოგონოკთან» საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების დაბლოკვას არ აპირებს. თუმცა, რუსეთს მოუწევს საქართველოს ესაუბროს, როგორც თანაბარს.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს არავითარ ზეწოლას არ გინიცდის პარტნიორებისგან და მას კარგად ესმის, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება მსოფლიო ეკონომიკას სარგებელს მოუტანს.

«ჩვენ ბერნში მივემგზავრებით არა იმისათვის, რომ დავბლოკოთ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება... ჩვენ მივემგზავრებით იქ, რათა რუსეთის დელეგაციასთან ერთად ვიპოვოთ ურთიერთმისაღები გამოსავალი იმ იურიდიული კოშმარიდან, რომელიც მოსკოვმა შექმნა თავისი დაუფიქრებელი ნაჩქარევი, ემოციური და სულელური გადაწყვეტილებით ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა», - განაცხადა ვაშაძემ.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მუდამ აცხადებდა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს მხოლოდ მსო-ს წესდების, წესებისა და პროცედუების საფუძველზე.

«არავითარი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა თემები, რომლებიც საკითხს არ ეხება, ჩვენგან მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაიდება», - განაცხადა ვაშაძემ.

მოლაპარაკებებზე წარმატების მიღწევის იმედი აქვთ კრემლში.  მეტიც, რუსეთში თვლიან, რომ მსო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო პროცედურების დასრულებასა და ორგანიზაციის წევრობას მიმდინარე წლის შემოდგომისთვის შეძლებენ.

რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა სერგეი ივანოვმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ნიუ იორკში საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის სურვილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური პრობლემები თავად მოაგვაროს. ივანოვის თქმით, 2010 წელი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში გარღვევის წლად იქცა.

«ველით, რომ ამ ორგანიზაციაში უკვე ზაფხულში ან შემოდგომაზე მიგვიღებენ. ეს ვადები სრულიად რეალურია, რამდენადაც ჩვენ ყველა გარემოება გვესმის. ამ პრობლემების არსი პოლიტიკურია და გვსურს, იგი თავად მოვაგვაროთ», - განაცხადა ივანოვმა.

ბერნში გამართულ მოლაპარაკებებზე თბილისმა რამდენიმე ვარიანტი წამოაყენა, რომლის შემდეგაც მზად არის, დათმობებზე წავიდეს. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათ შორის დნესტრისპირეთის ვარიანტია, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდა პერიმეტრზე საერთაშორისო ორგანიზაციების ან ევროსაბჭოს დამკვირვებლების განთავსებას გულისხმობს.