ვისთვის ცხადდება დიდი სატელევიზიო ამნისტია - მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელევიზიისთვის, თუ კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ მათ შესაძლოა მხოლოდ 2004 წლიდან 2010 წლის 1 მარტამდე არსებული საგადასახადო დავალებები ჩამოეწეროთ. ქვედა ზღვრად 2004 წლის შესაძლო დადგენას რეგიონული მაუწყებლების ასოციაცია მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ნათია კუპრაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამნისტიას არა მათთვის, არამედ ნაციონალური მაუწყებლებისთვის გამოაცხადებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს მაუწყებლობის მქონე ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ პარლამენტი პირველი მოსმენით უახლოეს დღეებში განიხილავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განარტებით, პროექტი ტელეკომპანიების მიერ, სავარაუდოდ, 2004 წლიდან 2010 წლის 1 მარტამდე დაგროვილი საგადასახადო დავალებების ჩამოწერას ითვალისწინებს.
„ამ კანონის მიღების შემდგომ ალბათ ყველა ტელეკომპანია მიმართავს შემოსავლების სამსახურს, მოახდენენ მათზე დარიცხული კონკრტული დავალიანების დაანგარიშებას. სავარაუდოდ ეს შეეხება 2004 წლიდან 2010 წლის 1 მარტამდე პერიოდს, რადგან 6 წლიან ხანდაზმულობას ითვალისწინებს კოდექსი და ამნისტიამ შეიძლება ეს პერიოდი მოიცვას -, აცხადებს ქეთი მიქელაძე.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ფინანსთა საიმინისტრომ უკვე დაითვალა თანხები, რომელიც ამნისტიის შემდეგ ტელეკომპანიებს საერთო ჯამში ჩამოეწერებათ. თუმცა რამდენს აპატიებს სახელმწიფო თითოეულ ტელეკოპანიას გია ხუროშვილი არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ეს კომერციული საიდუმლობაა, რომლის გამხელაც კერძო კომპანიების მფლობელთა ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
“ამნისტია არა რის ზოგადად სასურველი რამ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, მაგრამ ეს გადაუდებელი, ერთჯერადი ღონისძიებაა, რომლის შედეგად ჩვენ ვიმედოვნებთ, თანაბარ პირობებში მყოფი ტელეკომპანიები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და კონკურენტიან გარემოში არსებობას“, - ამბობს ხუროშვილი.
ტელეამნისტიის შესახებ კანონპროექტით, საერთო ჯამში 36 მილიონი ლარის ჩამოწერა იგეგმება. აქედან რეგიონული ტელეკომპანიების წილი დაახლოებით 2 მილიონია და ეს ინფორმაცია საჯაროა. რაც შეეხება ნაციონალურ არხებს, მათი მფლობელები ამ ინფორმაციის გამხელას არ ჩქარობენ.
რამდენიმე მედიასაშუალების, მათ შორის გაზეთ “ბათუმელების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 36 მილიონიდან, რომლის ჩამოწერასაც ხელისუფლება გეგმავს 1 800 000-მდე მოდის რეგიონულ მაუწყებლებზე, 5 მილიონი აჭარის ტელევიზიაზე, 9 მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 5 ნახევარი მილიონი რუსთავი2-ზე, დააზლოებით 15 მილიონი კი, გაურკვეველი ვალია.
პრეზიდენტმა განცხადება რეგიონული მაუწყებლებისტვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ ბათუმის “ტვ-25-სათვის” შექმნილი პრობლემების შემდეგ, 26 თებერვალს პარლამენტში გააკეთა. მოგვიანებით, მის ვებ-გვერდზე საანგარიშო მოხსენებში სიტყვა რეგიონული გაქრა და დარჩა მაუწყებლები. ამავდროულად, პარლამენტში შევიდა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანონპროექტი, რომელიც დავალიანების ჩამოწერას მხოლოდ რეგიონული ტელევიზიებისთვის გულისხმობდა.
რეგიონული ტელეკომპანიების წარმომადგენელთა განმარტებით, ხელისუფლება ტელემაუწყებლებისთვის 2004-2010 წლებში დაგროვილი ვალების ჩამოწერას თუ გეგმავს, ეს “ტვ 25”-სთვის ვერაფერი შეღავათია, ვინაიდან ტელევიზია, პირველ რიგში, სწორედ 2004 წლამდე დაგროვილ დავალიანებებს ასაჩივრებს, როცა არხს აბაშიძის უშიშროება აკონტროლებდა. ასევე 2004 წლამდე დაუგროვდა ვალები ქუთაისის ტელეკომპანია “რიონს”. რეგიონული მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამნისტიას არა მათთვის, არამედ “რუსთავი 2″-თვის და სხვა ნაციონალური არხებისთვის გამოაცხადებს.
“თუკი ამნისტია ამ სახით განხორციელდება, ეს საზოგადოების, რეგიონული მაუწყებლების და რაც მთავარია პრეზიდენტის დაცინვა იქნება, რომელმაც თავის დროზე, ამნისტიის სწორედ რეგიონული მაუწყებლებისთვის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. შემდეგ რეგიონულებს დაემატა ნაციონალური მაუწყებლები და შესაბამისად თანხა გაიზარდა 36 მილიონამდე, საიდანაც რეგიონული მაუწყებლების წილი მხოლოდ 2 მილიონია და რაც მთავარია, ეს ვალები ხელოვნურად არის წარმოქმნილი სწორედ 2004 წლამდე და არა 2004 წლის შემდეგ“, - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
“ტვ 25“ -ის დირექტორი, მერაბ მერკვილაძე განმარტავს, რომ რეგიონული მაუწყებელი სწორედ 2004 წლამდე წარმოქმნილ ვალთან დაკავშირებით დავობს.
“ჩვენც და ტელეკომპანია “რიონიც“ სწორედ 2004 წლამდე არსებულ დავალიანებებს ვდავობთ. “რიონს“ 2002 წელს დაერიცხა პირველი დავალიანება. შესაბამისად, თუკი კანონი ამნისტიის სესახებ ამ სახით იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, შეეხება თუ არა ამ ორ ტელეკომპანიას“, - ამბობს მერაბ მერკვილაძე.
ტელერადიოკომპანია “რიონის“ გენერალური დირექტორის, თამარ ღვინიანიძის განცხადებით, ვინმეს შესაძოა მიაჩნია, რომ, 2004 წელს გამოცხადებული ფინანსური ამნისტია ტელეკომპანიებსაც შეეხო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა:
“მაშინ ჩვენ ამ ამნისტიის მიღმა და ძველი ვალებით დავრჩით. ამიტომ, თუკი სატელევიზო ამნისტიის კანონს მიიღებენ იმ სახით, რომ მხოლოდ 2004 წლის შემდეგ დაგროვილი დავალიანებები ჩამოიწერება, ეს ჩვენთვის ვერაფერი შეღავათი იქნება. მე არ ვიცი ვისი ვალები რა გზით წარმოიშვა და ვინ რა არ გადაიხადა ბიუჯეტში, მაგრამ ტელეკომპანია “რიონი“ 2004 წლიდან ბიუჯეტში ყველა გადასახადს იხდიდა და ვალები, რომელიც კისერზე მძიმედ გვაწევს და განვითარების შესაძლებლობას არ გვაძლევს, წარმოშობილია 2000-დან 2004 წლამდე“, - ამბობს თამარ ღვინიანიძე.
მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიებისთვის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებას იწონებენ “ქრისტიან-დემოკრატები“. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სატელევიზო ამნისტიის საკითხი პირველად სწორედ მათ დასვევს. მას შემდეგ, რაც რეგიონულ ტელეკომპანია “ტვ25“-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
“აქამდე ეწერა, რომ ლიცენზიანტები თავისუფლდებიან კანონის მიღების მომენტისთვის დაგროვილი გადასახადებისგან. ეს იყო პირდაპირი ბიძგი იმისთვის, რომ მაუწყებლებს კანონი დაერღვიათ. შესაბამისად გაჩნდა ახალი ჩანაწერი. ჩვენ შევთანხმდით და ვითოვხთ ეს მოხდეს რომ მარტამდე. ასე ვითხოვთ რადიოების, რომლებიც ასევე სიხშირეებზე მაუწყებლობენ, ასევე ჟურნალ-გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების გადასახადების ჩამოწერას, რომლებიც სხვათაშორის მათ მრავლად აქვთ”,- ამბობს პარალმენტარი.
მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიებისთვის დაგროვილი საგადასახადო დავალებების ჩამოწერის ქვედა ზღვრად 2004 წლის შესაძლო დადგენას ვეფხვაძე ფინანსთა სამინისტროს ინერპრეტაციად მიიჩნევს.
მოსაზრებას, რომ ამნისტია ლიცენზიის მფლობელ რადიოკომპანიებს და ბეჭდურ მედიას უნდა შეეხოს, იზიარებს გია ცაგარეიშვილი. პარლამენტარი მედიისთვის საგადასახადო დავალებების ჩამოწერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თვლის, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტი, როგორც ყველა სხვა, არა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, არამედ ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული.
“რეალურად ეს უნდა შეეხოს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს, და არა ხელისუფელბისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის შემადგენელ ნაწილებს. ეს თუ შეეხება დამოიკუდებელ ტელეკომპანეიბს მაშინ გამოვა რომ მათ მათ არავითარი ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე არ ექნებათ. ან იქნება მიმდინარე ძალიან მცირე, რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის, რაც სრულად დასაშვებია. თუმცა ეს 36 მილიონი შედგება “რუსთავი ორის”, “იმედის”, “რეალ-ტვს-ის”, `საქართველოს”, “რეგიონ ტვ”-ს დავალიანებისგან. და ეს საკმაოდ საგანგაშო მოვლენა და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად აისახება არამარტო ტელეკომპანიებზე არამედ ზოგადად ბიზნეს აქტიურობაზე საქართველოში”, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
უმრავლესობის წევრი დეპუტატი გია არსენიშვილი ამბობს, რომ ამნისტიით, რა ტიპისაც უნდა იყოს ის, ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება და ეს ნაბიჯი ბუნებრივია, გარკვეულწილად არის უსამართლო იმ მედიასაშუალებებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც გადასახადს კეთილსინდისიერად იხდიან. მაგრამ ტელეკმპანიებისთვის დაგროვილი საგადასახადო დავალებების ჩამოწერის გარეშე, საზოგადოებისთვის საინტერესო და პოპულარული პროექტებიდან ბევრი შესაძლოა დაიხუროს.
გია არსენიშვილი: რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან რთულად ჟღერს, იმიტომ რომ საქართველოს ბევრი აქვს ხარჯი, მაგრამ მეორეს მხრივ ამას უნდა შევხედოთ ისე ვართ თუ არა ჩვენ თანახმა აღარ დაფინანსდეს პოპულარული სერიალი “შუა ქალაქში“, “კურიერი“, ან ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა “პროფილი“ “ვის უნდა ოცი ათასი“, - ამბობს არსენიშვილი.
დასრულდება თუ არა რეგიონული ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალებების ჩამოწერის თემაზე დაწყებული დისკუსია დიდი სატელევიზიო ამნისტიით - რამდენიმე კვირაში გაირკვევა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ შესაბამის პროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით რამდენიმე დღეში უყრის. არსებული სახით მისი დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს ტელეკომპანიებისთვის 300 000-ს ნაცვლად, რომლის პატიებაც რეგიონული მაუწყებლებისთვის იგეგმებოდა, უკვე 36 მილიონი ლარის ჩამოწერა მოუწევს. ამნისტირებულთა სიაში რადიოკომპანიების და ბეჭდური მედიის შესვლის შემთხვევაში კი, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.